Accessibility links

logo-print

ბათუმისა და თბილისის ურთიერთობის გართულების კიდევ ერთი მიზეზი


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის პერიოდული გართულება სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენას უკავშირდებოდა ხოლმე.

ასეა ამჯერადაც: მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ პოპულარობადაკარგულ ცენტრალურ ხელისუფლებას საკუთარი წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალება ესაჭიროება. ამის ყველაზე კარგ საშუალებას კი პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობას აჭარასთან არსებული საფინანსო-საბიუჯეტო პრობლემები აძლევს.

ცენტრი აჭარასთან არსებულ საბიუჯეტო პრობლემას მაშინ ივიწყებდა, როდესაც პრეზიდენტი შევარდნაძე ბათუმიდან წინასაარჩევნო ან სხვა სახის მხარდაჭერას მიიღებდა ხოლმე, საკითხის აქტუალიზება კი ყოველთვის ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის ურთიერთობის გართულების მანიშნებელი იყო. აჭარის წარმომადგენელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ [ჭიპაშვილის ხმა] „ორი თვის წინათ ბათუმში იმყოფებოდა ფინანსთა მინისტრიც, იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრიც; ორივემ ერთხმად განაცხადეს, რომ ძალიან კარგად არის საქმე. ისინი ჩამოვიდნენ თბილისში, ეს თქვეს, განაცხადეს, ხომ. ეხლა რა გამოდის? როდესაც ვიღაცას დაჭირდა პოლიტიკური თვალსაზრისით, დაიწყეს ამ ძველი ფირფიტის დატრიალება და ძველი სიმღერის, ასე ვთქვათ, შესრულება, ხომ.“[სტილი დაცულია]

თუ ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული საბიუჯეტო თანხების მიმოქცევის პრობლემას პოლიტიკისგან გამოვაცალკევებთ, მაშინ პოზიცია ცენტრისა, რომელიც აჭარაში აკრეფილი საბიუჯეტო სახსრების თბილისში გადმორიცხვას მოითხოვს, სამართლიანია.

მეორე მხრივ, თბილისს, გარკვეულწილად, ხელსაც კი აძლევს აბაშიძის “ფინანსური” სიჯიუტე, რადგან მაშინ, როდესაც ბიუჯეტი არასაგადასახადო შემოსავლების გამო ვერ სრულდება, საფინანსო ორგანოები ბათუმიდან საგადასახადო შემოსავლების მიუღებლობით იმართლებენ თავს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ ჩემთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ, სურვილის შემთხვევაში, თბილისს ბათუმიდან თანხების ამოღების რამდენიმე მექანიზმი აქვს.

[გოცირიძის ხმა] „თუნდაც იმ ბანკის ანგარიშების გაყინვის სახით, რომელზედაც ხდება აკუმულირება. ხოლო აკუმულირება ხდება აჭარის საზღვაო ბანკში და საქართველოს ეროვნულ ბანკს ერთ დღეში შეუძლია ეს პრობლემა გადაწყვიტოს, როგორც კანონდამრღვევი ბანკისა, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს აჩერებს და არამარტო აჩერებს, იყენებს კიდევაც.“

აბაშიძე ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხებით ავტონომიაში დასაქმებული ცენტრის კმაყოფაზე მყოფი მოქალაქეების ხელფასებს გასცემს. ამით აჭარის ლიდერი თავიდან იცილებს მოსახლეობის სოციალურ უთანასწორობას, რომელიც ავტონომიის კმაყოფაზე მყოფსა და ცენტრს დაქვემდებარებულ სოციალურ ფენათა შორის შეიძლება გაჩნდეს, ხელფასები რომ თბილისიდან ფინანსდებოდეს. ადგილობრივი ელექტორატის სოციალური თანასწორობა კი აბაშიძის ხელისუფლების სიმტკიცის ერთ-ერთი გარანტიაა.

ამ სიმტკიცეს რომ დამუქრებოდა, შევარდნაძე აიძულა, საბიუჯეტოსთან ერთად, კიდევ ერთმა ფაქტორმა, კერძოდ, რუსეთის მიმართ აჭარის ლიდერის თამამმა და დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა. რომან გოცირიძის აზრით:

[გოცირიძის ხმა] „მისი ინიციატივები აფხაზეთთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, რაც რკინიგზის გახსნას ეხება, რაც არასწორია, ვინაიდან ეს დადასტურდა რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც სომხეთის დელეგაცია ჩამოვიდა და იხვეწებოდა რკინიგზის გახსნის თაობაზე. თუკი რკინიგზა გაიხსნება, ძალიან ბევრი რამე უნდა დათმონ რუსებმაც, სომხებმაც და, ბუნებრივია, აფხაზებმაც და ეს რაღაცის სანაცვლოდ უნდა მოხდეს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ხელში უზარმაზარი კოზირები გვიჭირავს, აბაშიძე აპირებდა ამ კოზირების გახსნას და გაჩუქებას.“ [სტილი დაცულია]

ეს საბიუჯეტო-ფინანსურ-პოლიტიკური კონფლიქტი, ანუ ის, თუ რომელ პოზიციას დათმობს ასლან აბაშიძე, ერთგვარი ინდიკატორია მისი პოლიტიკური მიზნების და პერსპექტივისა.
XS
SM
MD
LG