Accessibility links

logo-print

ძველი ბიბლიოთეკის აღორძინება ალექსანდრიაში


ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის საიდუმლოებით მოცული

ბიბლიოთეკა ანტიკური, ამ სიტყვის უფრო ფართო გაგებით, მეცნიერების ცენტრი იყო. როცა ეს ბიბლიოთეკა განადგურდა, ლაპარაკობდნენ “კოლექტიური მეხსიერების” დაკარგვაზე. მეხსიერების აღდგენას ვერ აუვა, მაგრამ თანამედროვე კულტურისთვის მნივშნელოვან საქმეს ეწია ადამინთა ის ჯგუფი, ვინც გადაწყვიტა, ამ ბიბლიოთეკისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა.
“ბიბლიოთეკა ალექსანდრინა”, როგორც მას ადრე ეწოდებოდა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 288 წელს დააარსა პტოლემაიოს პირველმა - იმ დინასტიის წარმომადგენელმა, რომელიც, სახელმწიფოს მართვასთან ერთად, განსაკუთრებული სამეცნიერო ინტერესებით გამოირჩეოდა. ამ ბიბლიოთეკაში ინახებოდა მაშინდელ სწავლულთა ცოდნა. თავად ქალაქის განსაკუთრებული სულის ნიშანი ის იყო, რომ იგი დააარსა ალექსანდრე დიდმა, არისტოტელეს მოწაფემ. ბიბლიოთეკის გახსნის დროს კი ალექსანდრია ბერძნულ-რომაული ეგვიპტის დედაქალაქი იყო. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა იზიდავდა იმ პერიოდის სწავლულთა ნაღებს. აქ არისტაქემ პირველად დაიწყო იმის მტკიცება, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. ალექსანდრიაშივე ჰიპარქემ პირველმა გაზომა მზის წელიწადის ხანგძლივობა; ეგვიპტის ამ ქალაქში იღვწოდნენ ევკლიდე, გეომეტრიის შემქმნელი, და უდიდესი მათემატიკოსი არქიმედი. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ყველასათვის ღია იყო და იმ პერიოდის საუკეთესო ნაშრომები იქვე ინახებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იქ ითარგმნა პირველად ძველი აღთქმა ებრაულიდან ბერძნულად. ბიბლიოთეკამ დიდხანს იარსება. რომაელთაგან პირველმა იულიუს კეისარმა გადაწვა ქალაქი, ბიბლიოთეკითურთ. ამას მოჰყვა ქალაქზე შემდგომი ხანის თავდასხმები, რამაც 415 წელს დაასრულა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის 700-წლინი ისტორია, რომელიც, ცხადია, არ შეიძლებოდა უკვალოდ გამქრალიყო. საინტერესოა, რომ, როცა ალექსანდრიის ნავსადგურში ხელნაწერებით დატვირთული გემები შევიდოდნენ ხოლმე, ბიბლიოთეკაში ამ ხელნაწერების გადაწერა ხდებოდა - ასე ვთქვათ, ავტორებს, ასლები უბრუნდებოდათ, ორიგინალი კი ყოველთვის ბიბლიოთეკაში რჩებოდა. გადმოცემის თანახმად, იქ 700 ათასი გრაგნილი ინახებოდა. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ალექსანდრიამ დაკარგა თავისი ადრინდელი ხიბლი, არაბების მისვლის შემდეგ კი - ბიბლიოთეკა იმ დროისთვის უკვე დიდი ხნის განადგურებული იყო - ამ ქალაქის არაბერძნული არსებობა დაიწყო. როცა იქ ნაპოლეონი ჩავიდა, მხოლოდ მეთევზეთა სოფელი დახვდა. 1600 წლის განმავლობაში ნანობდა კაცობრიობა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაკარგვას.
1974 წელს ეგვიპტელმა ავტორებმა გამოსცეს წიგნი, სახელად “ძველი ბიბლიოთეკის ცხოვრება და ბედი”. ამ დროსვე გაჩნდა იდეა, აღედგინათ ბიბლიოთეკა იმავე ქალაქში. იუნესკომ, რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობითაა დაინტერესებული, შესაბამისი გეგმა შეიმუშავა და კიდეც განახორციელა ის, ეგვიპტის მთავრობისა და კერძო პირების ფინანსური შემწეობით. შენობის დასრულება 2002 წლისთვის მოხერხდა. პროექტი სულ 250 მილიონი დოლარი დაჯდა. მნახველთა ნაწილი ამ შენობას, რომელიც ნორვეგიელმა არქიტექტორმა ჩეტილ ტრედალ ტორსენმა დააპროექტა, აღიქვამს როგორც ძველი, მზის გამომსახველი, იეროგლიფის ფორმას. სხვებს კი, რომელთა წარმოსახვა ასე შორს არ მიდის, “ბიბლიოთეკა ალექსნადრინას” ახალი შენობა უზარმაზარ მიკროსკოპს აგონებთ.
გრანიტის ამ შენობას ალუმინის სახურავი აქვს. გრანიტი ეგვიპტურია; ის ეგვიპტე-სუდანის საზღვარზე მდებარე იმავე სამტეხლოდანაა, სადაც ანტიკურ ეპოქაში მოიპოვებდნენ ქვას ობელისკების გამოსაკვეთად. სახურავის ალუმინი კი თანამედროვე მეტალურგიის მიღწევაა, განსაკუთრებით გამძლეა და ამის გამო მას საავიაციო სფეროში იყენებენ.
აი, რა გვითხრა ჩეტილ ტორსენმა შენობის მოპირკეთებასთან დაკავშირებით [ტორსენის ხმა]:
“კედლები გრანიტითაა მოპირკეთებული; ქვა ასუანის სამტეხლოდან მოვიტანეთ; მის დასანაწევრებლად ხერხი არ გვიხმარია, ხელითაა დამტვრეული. გრანიტი ისევე დამუშავდა, როგორც 5000 წლის წინ. სახურავი კი ალუმინისაა, იმ ტიპის, რომელსაც კოსმოსის სფეროში იყენებენ”.
ახალი ბიბლიოთეკა მოცულობით ბევრად ჩამოუვარდება მსოფლიოს დიდ ბიბლიოთეკებს. მასში დასაწყისისთვის რამდენიმე ასეული ათასი ეგზემპლარი შეინახება. ესპანეთმა ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცა იშვიათი არაბული ხელნაწერების ასლები, ალექსანდრიის სხვა ბიბლიოთეკებიდან გადაიტანეს იქ უძველესი ხელნაწერები. ბიბლიოთეკის დირექტორის ისმაილ სერაგელდინის ინფორმაციით, ბიბლიოთეკას აქვს საგანგებოდ აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც მოხდება ძველი წიგნებისა და ხელნაწერების აღდგენა, იქვეა კალიგრაფიის მუზეუმიც.
შენობის არქიტექტორი ტორსენი ამბობს, რომ, ტერიტორიულად, ახალი ბიბლიოთეკა იქ არ არის განლაგებული, სადაც ის ისტორიულად არსებობდა.
[ტორსენის ხმა]: “ახალი ბიბლიოთეკის შენობა ძველ სამეფო ბაღშია. შეიძლება იქვე იყო ბიბლიოთეკის ნაწილიც. საქმე ის არის, რომ ძველი ბიბლიოთეკა უამრავი შენობისგან შედგებოდა, რომლებიც ალექსანდრიაში იყო მიმოფანტული”.
ალექსანადრიამ მე-19 საუკუნის ბოლოდან - მას მერე, რაც იქ, ბერძნებთან და იტალიელებთან ერთად, სხვა ემიგრანტებიც ჩასახლდნენ - კომერციული და სანავსადგურო მნიშვნელობა შეიძინა. ახლა ამ ქალაქის მცხოვრებთ, ბიბლიოთეკის აღდგენით, ახალი ჰორიზონტი გაეხსნათ.
XS
SM
MD
LG