Accessibility links

ახალი ვნებათაღელვა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტეროტორიული მოწყობის იდეებთან დაკავშირებით


ედუარდ შევარდნაძემ თავისი საპარლამენტო გამოსვლით უკმაყოფილო დატოვა პარლამენტს გარეთ მოქმედი პოლიტიკური ძალებიც, მათ შორის, “მერაბ კოსტავას” საზოგადოება,

რომლის ლიდერებმაც შევარდნაძის გამოსვლის ყველაზე სახიფათო მხარედ მის მიერ პარლამენტში ფედერალიზმისა თუ ასიმეტრიული ფედერალიზმის ხსენება მიიჩნიეს. საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე საუბრისას პრეზიდენტმა ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი ახსენა, რადგან ბოლო წლებში რეგიონალიზმის საკითხებთან დაკავშირებით სწორედ ტრადიციონალისტების აქტიურობა იგრძნობოდა. აღნიშნულის მიუხედავად, თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში რეგიონალიზმის საკითხის შემომტანებად მაინც რესპუბლიკელები უნდა მივიჩნიოთ. ასიმეტრიული ფედერალიზმისა თუ რეგიონალიზმის იდეების ავკარგიანობის შესახებ რესპუბლიკელებისა და” მერაბ კოსტავას საზოგადოების” წარმომადგენელთა მოსაზრებების მიხედვით გესაუბრებით.

საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ედუარდ შევარდნაძემ მკაფიოდ განმარტა სახელმწიფო მოწყობის რომელ მოდელს ანიჭებს უპირატესობას.
მან ფედერალიზმის, კერძოდ კი, “ასიმეტრიული ფედერალიზმის” უპირატესობაზე ისაუბრა და იქვე მიანიშნა, რომ ამ მოდელზე დაფუძნებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის განხორციელება, უმჯობესია, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყოს. “მერაბ კოსტავას საზოგადოება”, რომლის თავმჯდომარეც ვაჟა ადამია გახლავთ, ყველაზე მეტად პრეზიდენტის გამოსვლის ამ ნაწილმა შეაშფოთა.” მერაბ კოსტავას საზოგადოება” უნიტარიზმის მომხრეა და ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: “ ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ილაშქრებდა საქართველოს ფედერალიზების დამღუპველი იდეების წინააღმდეგ და დღესაც უშეღავათო ბრძოლას უცხადებს ყველა იმ პოლიტიკურ დაჯგუფებასა და ცალკეულ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს ფედერალიზების გზით მიიყვანოს საქართველო სრულ დაქუცმაცებამდე. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ერთ მეოთხედზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება და ქვეყანაში ჯერ კიდევ დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი, ფედერალიზება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობის შეწყვეტის და მისი ცალკეული მხარეების რუსეთის განაპირა გუბერნიებად გადაქცევის საფუძველი გახდება.”

“მერაბ კოსტავას საზოგადოებაში” დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყნის ფედერალიზების დაშვებას ახალი ავტონომიური წარმონაქმნების მოთხოვნა მოჰყვება. “ასეთ შემთხვევაში ვინ შეძლებს აღკვეთოს ახალი ავტონომიის წარმოშობა სამცხე-ჯავახეთში?” - კითხულობენ ამ საზოგადოების წევრები. ისინი მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ, რომ საქართველო უნიტარული სახელმწიფო უნდა იყოს. ასეთი მოდელის უპირატესობაში შევარდნაძის დარწმუნებას ვაჟა ადამია წლების წინაც ცდილობდა, როცა პარლამენტის წვერი იყო და საქართველოს კონსტიტუციაში ავტონომიების სტატუსის განსაზღვრის მცდელობას უპირისპირდებოდა. როგორც ის იხსენებს:

[ვაჟა ადამიას ხმა] “ბატონ შევარდნაძეს მე განვუცხადე: ბატონო ედუარდ, დღეს უნდა იდგეს საკითხი აჭარის ავტონომიური წარმონაქმნის გაუქმების თაობაზე (აქვე დავაზუსტებ, რომ ეს საკითხი უნდა დადგეს შიგნიდან, თავად აჭარლების და არა დარჩენილი საქართველოს მიერ) და რა დროს ამ სტატუსის გათვალისწინებაა კონსტიტუციაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი არ არის. მე შეგახსენებთ, რომ პაველ გრაჩოვი იყო პირველი, ვინც დააყენა საქართველოს ასიმეტრიული ფედერალიზების საკითხი და მერე აიტაცეს კაკო ასათიანმა და თედო პაატაშვილმა.”

საქართველოში უახლოეს ისტორიაში ფედერალიზმის და რეგიონალიზმის იდეების შემოტანას ცოტა სხვაგვარად იხსენებს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი. გრაჩოვზე რა გითხრათ, მაგრამ, მისი თქმით, ფედერალიზმის იდეა 90- იანი წლების ქართულ პოლიტიკაში ირაკლი შენგელაიას შემოტანილია, რეგიონალიზმის საკითხის სპეციალისტებად კი ამავე პერიოდში რესპუბლიკელები გვევლინებოდნენ.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “ რესპუბლიკელები ვართ ასიმეტრიული რეგიონალიზმის მომხრეები. არის ტრადიციული ფედერალური ქვეყნებიც. ორივე მოდელი არის კონკურენტუნარიანი საქართველოსთვის. შევარდნაძემ თავის დროზე ისესხა ტერმინი შახრაისაგან და ასიმეტრიული ფედერალიზმი ახსენა. ეს მთლად დახვეწილი ტერმინი არ არის, იურიდიული თვალსაზრისით, და ამიტომ ჩვენ ვამჯობინებთ ისევ ასიმეტრიულ რეგიონალიზმზე ვილაპარკოთ.”


ეს ნიშნავს მსხვილი ერთეულების შექმნას და ცენტრსა და რაიონებს შორის უფლებამოსილებების სამრგოლიან სისტემაზე - ცენტრსა, რეგიონსა და თვითმმართველობას შორის გადანაწილებას. რეგიონალიზმის პირობებში დღევანდელი რაიონების უფლებამოსილების ნაწილი რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში გადავა, უფრო დიდი ნაწილი კი - თვითმმართველობის ორგანოში. ასეთი სისტემა კარგად მუშაობს ესპანეთში, იტალიაში და ბევრ სხვა დეცენტრალიზებულ, უნიტარულ ქვეყანაში, ანუ ასიმეტრიული რეგიონალიზმის ქვეყნებში, აგრეთვე, ფედერალურ ქვეყნებში. მათ შორის სხვაობა ისაა, რომ, თუ ფედერაციაში სუბიექტები აარსებენ სახელმწიფოს და ამის შემდეგ გადასცემენ ცვნტრს უფლებამოსილებებს, რეგიონალიზმის პრინციპებზე მოწყობილ ქვეყანაში ცენტრიდან გადადის უფლებამოსილებები რეგიონებში. ფედერალური ქვეყნები, ძირითადად, ერთგვაროვანი მოსახლეობის ქვეყნებია. მათგან განსხვავებით, ესპანეთსა და იტალიაში სწორედ მოსახლეობის კულტურულ- ეთნიკურმა თავისებურებებმა განაპირობა ასიმეტრიული რეგიონალიზმის არჩევა. დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენს შემთხვევაში ორივე ვარიანტზე შეიძლება მსჯელობა. რაც შეეხება ეჭვს, რომელიც ასიმეტრიული ფედერალიზმის თუ რეგიონალიზმის იდეებს უკავშირდება, ისევ დავით ბერძენიშვილის ნათქვამს თუ მოვიშველიებთ, ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ასეთი ეჭვები ესპანეთშიც არსებობდა, მაგრამ იქ მოახერხეს ბასკებისთვის, კატალონიისა და გალიციისთვის უფრო მეტი უფლებამოსილებები მიეცათ, ვიდრე ესპანურენოვან რეგიონებს ჰქონდათ, და მიიღეს კიდეც წარმატებული მოდელი.
XS
SM
MD
LG