Accessibility links

logo-print

თბილისის ურბანული პოლიტიკა


დღეს თბილისის მთავარი არქიტექტორი დედაქალაქის ახალმშენებლობების შემაჯამებელ საზეიმო მიღებას გამართავს - იგი სტუმრებს წარუდგენს სქელტანიან ალბომს,

რომელშიც ათი წლის განმავლობაში თბილისში აშენებული არქიტექტურული ნაგებობების ფოტოებია მოთავსებული. პრეზენტაციამდე ალბომის შინაარსი ფართო საზოგადოებისთვის - მათ შორის, ჟურნალისტებისთვის, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა - უცნობი იყო. სწორედ ეს გამონაკლისი ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ალბომის გადაფურცვლისას თავი თბილისში არ გეგონება.

თბილისის ახალმშენებლობებს სტიქიური და თვითნებური ხასიათი აქვს და, უპირველესად, სწორედ აქედან მოდის დედაქალაქის არქიტექტურული იერსახის შეცვლით გამოწვეული გაღიზიანება. ტერმინიც “უკანონო მშენებლობა” უკანასკნელი ათწლეულის პირმშოა,თავის მხრივ, ათწლეული კი, არქიტექტურული თვალსაზრისით, უნიკალურია. ქალაქის განვითარების ძირითადი მოქმედი დოკუმენტი ამ ხნის განმავლობაში იყო თბილისის, რიგით მესამე, გენერალური გეგმა, რომელიც გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში შეიქმნა და სოციალისტური ქალაქის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ყოვლად გაუგებარია, რა მოტივით, მაგრამ ამ გეგმას, ახლის არარსებობის გამო, 2003 წლამდე გაუგრძელეს ვადა. 2003 წლიდან, როგორც ჩანს, სურათი, ბოლოს და ბოლოს, სასიკეთოდ შეიცვლება და დედაქალაქს ძველისგან თვისებრივად განსხვავებული, საბაზრო ეკონომიკის მოდელზე მორგებული, განვითარების გეგმა ექნება. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ურბანული განვითარების კონკურსი, რომელშიც 11 პროექტი მონაწილეობდა და რომელშიც, ჟიურის გადაწყვეტილებით, ქალაქის გენგეგმისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის ერთ-ერთმა ჯგუფმა გაიმარჯვა. ამ ჯგუფის მიერ მომზადებული კონცეფცია საფუძვლად უნდა დაედოს დედაქალაქის განვითარების დღემდე არარსებულ გეგმას. მის შესაქმნელად საჭირო სამუშაოების საერთო ღირებულება, თბილისის მთავარი არქიტექტორის ირაკლი ლოლაშვილის განცხადებით, ასეულ ათასობით ლარს შეადგენს. ასე რომ, მისი შეფერხების საშიშროება, შეიძლება ითქვას, აქტუალობას არც ახლა კარგავს. მით უფრო საინტერესოა ამ ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ახალი თბილისის არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტომასალის ერთ ალბომში მოქცევის ფაქტი. ახალმშენებლობების უმრავლესობა ხომ, მარტივად რომ ითქვას, სხვადასხვა სახის ძალადობის შედეგია. თავად მთავარ არქიტექტორს მოვუსმინოთ:

[ირაკლი ლოლაშვილის ხმა]“ ამ მაკეტის უკან არის ნატყვიარები.აქ ხალხი შემოდიოდა 93 წელში, 94 წელში, 95 წელში და პირდაპირ, პირდაპირ გეტყვით რა, ავტომატის სროლით და იარაღით წყდებოდა, სად რა უნდა აშენებულიყო. ეს არის ფაქტი.”[სტილი დაცულია]

თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსის მოადგილის ბესო ჭიჭინაძის განმარტებით, მიმდინარე წელს, უკანონო მშენებლობებიდან ამოღებული ჯარიმის სახით, ქვეყნის ბიუჯეტში უკვე გადაირიცხა 60 000 ლარი. სასაცილოა თავად ჯარიმის ოდენობაც. სასახლე და საქათმე, კანონის მიხედვით, გათანაბრებულია და უნებართვო და შეუთანხმებელი პროექტით წარმოებული მშენებლობა, მაქსიმუმ, 3000 ლარით ჯარიმდება. თანაც ისე, რომ დაჯარიმება მშენებლობის შეჩერებას, ფაქტობრივად, ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, კანონის იმპერატივის მიუხედავად, დედაქალაქის მშენებლობების მაკონტროლებელმა ორგანოებმა ამ ქაოტური ათწლეულის განმავლობაში უკანონო ნაგებობის დაშლისა თუ მშენებლობის შეჩერების ერთი სერიოზული პრეცედენტიც კი ვერ შექმნეს.
XS
SM
MD
LG