Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მწვანეთა პარტიის დამოკიდებულება საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის მიმართ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები უნდა შეიტანოს საბაჟო კოდექსში საბაჟო ტარიფების შემცირების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს როგორც ვაჭრობის

მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა. თავის დროზე, როცა პარლამენტი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მსჯელობდა, საქართველოს მწვანეთა პარტიას მიაჩნდა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ნაადრევი იყო, რადგან იგი უარყოფითად იმოქმედებდა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. პარტიაში დღესაც ასე ფიქრობენ. რა განაპირობებს ამგვარ დამოკიდებულებას?

2000 წელს, როცა საქართველოს პარლამენტი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს გაერთიანების რატიფიცირებას ახდენდა, საქართველოს მწვანეთა პარტიამ პარლამენტარებს დაურიგა ბუკლეტები, სადაც საკითხის ხედვა იყო გადმოცემული.
პარტიის თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, მართალია, დეპუტატთა ნაწილმა გაიზიარა მწვანეთა მოსაზრებები, მაგრამ პარლამენტმა მაინც დაუჭირა მხარი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს გაერთიანებას. "დღეს კი ბევრი მათგანი უკვე სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს", აღნიშნავს იგი.

[გაჩეჩილაძის ხმა] "არადა, ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ, სწორედ იმპორტულ საქონელზე საბაჟო ტარიფების დაწევის შედეგად, საქართველოში არსებული წარმოებები, ფაქტობრივად, გაჩერდებოდა, იმიტომ რომ კონკურენციას ვერ გაუწევდნენ იაფფასიან იმპორტულ საქონელს".

გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი არ შეიტანს ცვლილებებს საბაჟო კოდექსში, ეს ცვლილებები მაინც ავტომატურად ამოქმედდება 2005 წლიდან. ამიტომ პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კოდექსში კორექტივების შეტანაზე, რათა 2005 წლამდე დარჩენილ დროში სტრატეგიული დანიშნულების მქონე ადგილობრივი წარმოება მაქსიმალურად განვითარდეს და მისმა პროდუქციამ კონკურენცია გაუწიოს იმპორტულ პროდუქციას. გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, [გაჩეჩილაძის ხმა] "ჯერ ერთი, ჩვენი ბაზარი ისედაც სავსეა და ახლა უფრო მეტად გაივსება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი საქონლით, რადგან რეჟიმი უფრო თავისუფალი იქნება.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ძალიან დაბალია, ის შეიძენს იაფფასიან პროდუქტს, რომელიც ათასგვარი კონსერვატებით, საღებავებითა და შხამებით იქნება სავსე. გარდა ამისა, გაჩერდება ის წარმოებები, რომლებიც, ასე თუ ისე, ახერხებდნენ მუშაობას, რადგან წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევენ იაფფასიან პროდუქციას და, ბუნებრივია, უმუშევართა რიცხვიც იმატებს. გაიზრდება საბიუჯეტო დეფიციტიც და, რაც მთავარია, ჩვენს საფინანსო ბაზარსაც შეექმნება ძალიან სერიოზული პრობლემები, რადგან, ფაქტობრივად, იმპორტსა და ექსპორტს შორის ფარდობა უფრო დიდი იქნება, რაც საქართველოდან სავალუტო რეზერვების გადინებას გამოიწვევს ძალიან დიდი მასშტაბით".

რამდენად მოსალოდნელია, რომ პარლამენტი არ შეიტანს ცვლილებებს საბაჟო კოდექსში? როგორც გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, საქართველოში ძალიან მაღალია კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობის დონე. მწვანეთა პარტიის ინფორმაციით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სახელისუფლებო ჯგუფებმა კონტრაბანდული საქონლის რეალიზაციიდან მიიღეს მილიარდ 740 მილიონი დოლარის ტოლი სუფთა მოგება.
გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ასეთ ვითარებაში სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება.
XS
SM
MD
LG