Accessibility links

logo-print

მაკონტროლებელ უწყებათა რიცხვი შეიძლება შემცირდეს


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენი სიუჟეტი, უწინარესად, ალბათ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დააინტერესებს. ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო ახალ წინადადებებს ამზადებს.

საბჭოს რეკომენდაციები ამჯერად შეეხება სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანიზაციათა რიცხვის შემცირებას. პრინციპები და კონკრეტული წინადადებები ჩამოყალიბებულია და ახლა ჯერი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზეა: პირველმა ისინი კანონპროექტად უნდა აქციოს, მეორემ - კანონად. მაკონტროლებელთა შემცირება საქართველოში ერთხელ უკვე სცადეს, მაგრამ გასულ გაზაფხულზე იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი დაიწუნეს: პროექტის ავტორებმა ვერ გარისკეს მკვეთრი ნაბიჯების გადაგმა და სხვა სამინისტროების განაწყენება. ახლა ამ მისიას ანტიკორუფციული საბჭო იღებს, რომელიც საქართველოში არსებული 63 მაკონტროლებელი უწყების 5-მდე შემცირების წინადადებით გამოდის. ამ საკითხზე ვესაუბრე ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს კახა უგულავას.

მცირე არითმეტიკა: დღეს ჩვეულებრივ საწარმოს, მაგალითად, ხორცის პროდუქტების მწარმოებელს, 15 მაკონტროლებელი ჰყავს, ხოლო საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების სფეროს 11(!) უწყება აკონტროლებს. ეს ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მეწარმესთან შეიძლება მივიდეს 11 სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი. საჯარო სამსახურში შრომის დაბალ ანაზღაურებასა და დასაცავი წესების მრავალფეროვნებას თუ გავითვალისწინებთ, იოლი მისახვედრია, რომ ნებისმიერი კონტროლისას კორუფციის ალბათობა ძალიან მაღალია.

ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივანმა კახა უგულავამ საუბრისას განმიცხადა, რომ საბჭოს მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც სახელმწიფო ნაკლებად ჩაერევა სამეწარმეო საქმიანობაში.
სამეწარმეო საქმიანობის ლიბერალიზაცია, მაკონტროლებელი სისტემებისა და ლიცენზიების ნაკლებობა - ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციები, მისი მდივნის თქმით, აქეთკენ არის მიმართული. [უგულავას ხმა]: "ნებისმიერ ქართველს, ნებისმიერ მოქალაქეს, როცა მოუნდება ბიზნესის წარმოება, შეეძლება თავისუფლად დაარეგისტრიროს თავისი ფირმა, თავისუფლად დაიწყოს სამეწარმეო საქმიანობა, არ ექნება შიში, რომ ყოველდღე ვიღაც ახალი მაკონტროლებელი შეამოწმებს და მუდმივად იქნება ამ სახელმწიფოს პრესის ქვეშ".
ანტიკორუფციული საბჭოს ახალი კონცეფციის თანახმად, რომელიც კანონპროექტად ქცევის შემდეგ პრეზიდენტის სახელით უნდა შევიდეს პარლამენტში, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს ორგვარად - საყოველთაო და სპეციალური კონტროლის ფორმით. თავის მხრივ, სპეციალური კონტროლიც ორი სახის შეიძლება იყოს: სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი ლიცენზირებისა და ნებართვების საფუძველზე და დამატებითი კონტროლი. საყოველთაო კონტროლს განახორციელებს 4 უწყება, ხოლო სპეციალური კონტროლის უფლება ენიჭება 7 სამსახურს. ასე მაგალითად, კონცეფცია იმავე ხორცის პროდუქტების საწარმოს კონტროლის უფლებამოსილებას უტოვებს მხოლოდ 5 ორგანოს, აქედან პირველი ოთხი ახორციელებს საყოველთაო კონტროლს. ესენია: საგადასახადო ინსპექცია, სტატისტიკის დეპარტამენტი, გარემოს დაცვის სამინისტროს საწარმოო უსაფრთხოების ინსპექცია, სანიტარული ზედამხედველობის სამსახური და ფიტოსანიტარული და ვეტერინარიის კონტროლის სამსახური.

კახა უგულავას ჩემთან საუბრისას არ უთქვამს, მაგრამ ნათელია, რომ საბჭოს ახალ ინიციატივას სახელმწიფო სექტორში უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება. ახლო მომავალი აჩვენებს, ვინ უფრო ძლიერია: ბიუროკრატია და ნომენკლატურა თუ ბიზნესი, საზოგადოება და საღი აზრი.
XS
SM
MD
LG