Accessibility links

logo-print

თბილისს ახალი საკრებულო ან ათ დღეში ეყოლება, ან ნახევარ წელიწადში, ან არასოდეს


ორთვიანი ლოდინისა და დიდი დავიდარაბის შემდეგ თბილისის საკრებულოს 2 ივნისის არჩევნების შედეგების გადამოწმების პროცესი, როგორც იქნა, დასასრულს მიუახლოვდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა ვარაუდით, ერთ კვირაში კომისიას ხელთ უკვე ახალი შედეგები ექნება და, თუ რომელიმე პარტია კიდევ არ გააპროტესტებს მათ დასკვნას, მაშინ ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას წინ არაფერი დაუდგება. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ხმის გადათვლის პროცესში კვლავაც არ გამორიცხავენ ზეწოლას სახელისუფლებო წრეების მხრიდან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეტი პრინციპულობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდებენ.


2 ივნისის თვითმმართველობის ხმაურიანი და დარღვევებით სავსე არჩევნების შემდეგ თითქმის ოთხი თვე გავიდა, მაგრამ თბილისის შორეულ უბნებში აქა- იქ კიდევ წააწყდებით კედელზე გაკრულ, გახუნებულ წისაარჩევნო ლოზუნგებს, მათ შორის, ასეთი შინაარსისას - "თბილისი შევარდნაძის გარეშე". ლოზუნგის ავტორმა ბლოკმა "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი", თბილისის მასშტაბით, ამომრჩეველთა ხმების 20% -ზე მეტი დააგროვა და პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერი "მოქალაქეთა კავშირი," მართლაც, დატოვა საკრებულოს მიღმა. მაგრამ სულ მალე "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური ბრძოლის ისეთი ტაქტიკა აირჩია, რომ საქართველოს ფინანსური და ადმინისტრაციული ცენტრი გაურკვეველი ვადით საკრებულოს გარეშე დარჩა.

არჩევნებიდან 18 დღის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტის" სარჩელი და, 20 ივნისის გადაწყვეტილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გადამოწმება დაავალა.

ჯერჯერობით ერთადერთი პრაქტიკული შედეგი, რაც ამ გადაწყვეტილებამ "ნაციონალურ მოძრაობას" მოუტანა, არის 140 ლარის სახელმწიფო ბაჟი, რომელიც, საოლქო სასამართლო კოლეგიის გადწყვეტილებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსარჩელე მხარეს გადაუხადა. წინასწარი მონაცემებით, გადამოწმების პროცესში ძალთა გადანაწილების არსებული სურათი არაფრით შეცვლილა. სხვაფრივ კი მოგებული დარჩა თბილისის აღმასრულებელ სტრუქტურებში მოკალათებული ბიუროკრატია, რომელსაც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ვაკის გონივრული განვითარების" წარმომადგენელი მანანა მარტყოფლიშვილი მოწმობს, თვითმმართველობის წყვეტამ სრულიად გაუხსნა ხელ-ფეხი.

[მანანა მარტყოფლიშვილის ხმა] "...იყიდება მიწები. თქვენ არ იცით, რა ხდება, რა მშენებლობებია ვაკეში( ჩვენ ახლა უშუალოდ ვართ ვაკის არასამთავრობო ორგანიზაცია) და პოლიგონად არის ქცეული, მშენებლობის მხრივ. თითოეული გოჯი მიწა იყიდება. განუკითხაობა არის."

ასეთი განუკითხაობის შეჩერების მიზნით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადრე საკრებულოს არჩევნების შედეგების გადამოწმებას გულმხურვალედ ემხრობოდნენ, ახლა იძულებულნი არიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სთხოვონ, დააჩქაროს ხმების გადათვლის პროცესი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე შედეგების შემოწმების დასრულებას "სანუკვარ ოცნებას" უწოდებს და ირწმუნება, რომ ამ ოცნების ასრულებამდე თითებზე ჩამოსათვლელი დღეებიღა რჩება.

[ჯუმბერ ლომინაძის ხმა] "ჩვენ ერთი კვირის, ათი დღის ვადაში, თვის ბოლომდე, ალბათ, ყველაფერს შევაჯამებთ. ეხლა ყველაფერი ძირითადი საქმე 90%-ით უკვე გაკეთებულია. ჩვენ უნდა ავიღოთ ყველა უბნები, მსგავსი უბნები, შევაერთოთ ერთად - ათ-ათი, ოც-ოცი, შეიძლება თხუთმეტ-თხუთმეტი უბანი და დავამტკიცოთ. ყველა ეს შედეგები იქნება დამტკიცებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე."(სტილი დაცულია).

მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თბილისის საკრებულო უმალვე შეუდგება მოღვაწეობას. მთავარია, თუ რამდენად დააკმაყოფილებს საარჩევნო ხმების გადათვლის შედეგები პარტიულ სპექტრს. რადგან იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტია ისევ დააყენებს ეჭვქვეშ ცენტრალური საარჩევნო კომიიის გადაწვეტილებას და წარადგენს სარჩელს სასამართლოში, მაშინ საკრებულოს უფლებამოსილების საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდება.
XS
SM
MD
LG