Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

457-ე გამოშვება.


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 457-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
ახლა გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ “მეათე სტუდიას”, რომლის 457-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ საკითხზე: არის თუ არა “ქართული კონკორდატის” ტექსტში დისკრიმინაციული მუხლები?; გესაუბრებით თემაზე: სტადიონი და დღევანდელი მაყურებელი; მოგასმენინებთ საუბარს ჩვენს კოლეგასთან, ცნობილ ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილთან, რომელსაც 16 ოქტომბერს 50 წელი შეუსრულდა; რადიოჟურნალის ბოლოს კი შემოგთავაზებთ მასალას ვენაში დამთავრებულ ქართული ხელოვნების ფესტივალზე. “მეათე სტუდიას” დღეს დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

არის თუ არა "ქართული კონკორდატის" ტექსტში დისკრიმინაციული მუხლები?

დავით კაკაბაძე:
უახლოეს სამშაბათს, 22 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმების რატიფიკაცია. ეს არის ტექსტი, რომელშიც, საქართველოს პრეზიდენტისა და კათალიკოს-პატრიარქის ხელმოწერის შემდეგ, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა აღარ შეიძლება. მართალია, შეთანხმების პროექტის თავდაპირველი ვარიანტი შესამჩნევად შემოკლდა და პრინციპულად შეიცვალა, სარატიფიკაციო ტექსტში მაინც დარჩა რამდენიმე პუნქტი, რომელთა სამომავლო ინტერპრეტაცია შეშფოთებას იწვევს საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებში. დავით პაიჭაძე ამ შეშფოთების მიზეზებზე გესაუბრებათ.

დავით პაიჭაძე:
სვეტიცხოველში ხელმოწერის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა შეთანხმების პროექტის ტექსტი, რომელსაც ხელმოწერის მომენტში საზოგადოებისთვის მანამდე უცნობი პუნქტი აღმოაჩნდა. თავისთავად, დებულების ჩამატება, თუნდაც ფართო საზოგადოებისთვის დაფარულად, სრულიად კანონიერი პროცედურაა, რადგან შემთანხმებელი მხარეების პრეროგატივას წარმოადგენს. მაგრამ ამ კანონიერი პროცედურის აღსრულებამ, თავისი შორსმიმავალი შედეგებით, შეიძლება სხვა რელიგიური ჯგუფები დააზარალოს. საერთოდ, სამართლის ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე, ორ სუბიექტს შორის შეთანხმება დისკრიმინაციული არ უნდა იყოს მესამე სუბიექტისათვის. “ქართული კონკორდატი” კი შეიძლება სწორედ ასეთი აღმოჩნდეს.

ხელმოწერის წინ შეთანხმების მეექვსე მუხლში გაჩნდა მეექვსე პუნქტი, რომლის ძალით, “სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.” შეთანხმებას ახლავს ტერმინთა განმარტება, სადაც მოცემულია საღვთისმსახურო (საეკლესიო) პროდუქციისა და ტერმინოლოგიის დეფინიცია. განმარტებათა გათვალისწინებით, მეექვსე მუხლს მიეცემა ისეთი ინტერპრეტაცია, რომლის პრაქტიკაში ხორცშესხმაც აუცილებლად დააბრკოლებს საქართველოში მოქმედ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, უწინარესად იმათ, თავს მართლმადიდებლებად რომ მიიჩნევენ, მაგრამ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში არ არიან. ასეთია, მაგალითად, “მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში”, რომლის სამლოცველოს დანგრევაზე სოფელ შემოქმედში ცოტა ხნის წინ მოგითხრობდით. ასეთია ვასილ მკალავიშვილის ჯგუფი – რაოდენ ჭარბადაც უნდა შეიცავდეს მათი ცნობილი ქმედებები თუ მოწოდებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპი მკალავიშვილის მიმდევრებზეც უპირობოდ უნდა ვრცელდებოდეს.

“საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის” მღვდელმა ზურაბ აროშვილმა ჩემთან საუბრისას ვითარება ასე აღწერა [აროშვილის ხმა]: “ჩვენ, საერთოდ, არანაირი რელიგიური, იურიდიული, ადმინისტრაციული ურთიერთობა საპატრიარქოსთან არ გვაქვს. არანაირ ნებართვებს არ ვიღებთ იმიტომ, რომ არ ვექვემდებარებით მას, საპატრიარქოს იურისდიქციაში არ შევდივართ. ამიტომ არანაირი უფლება-მოვალეობები მათ ჩვენ წინაშე და ჩვენ მათ წინაშე არა გვაქვს. მათ არ ვეკითხებით, რა უნდა ვასწავლოთ, რა ვიქადაგოთ, რა დავწეროთ და არც მათგან ავიღებთ ნებართვას. ეს ჩვენ სარწმუნოებას, სარწმუნოებრივ პრინციპებს შეურაცხყოფს. აი, ეს მუხლი არის ჩვენი ადამიანური უფლებების საშინელი დარღვევა. სიტყვას, სიტყვის უფლებას გვართმევენ. ჩვენ სხვა ტერმინოლოგიით, მართლმადიდებლურის გარდა, არ ვქადაგებთ, არ ვასწავლით ქრისტიანობას და არც ვწერთ არაფერს.”.

ტერმინთა განმარტების გათვალისწინებით, მე-6 მუხლი შეიძლება ისე იქნეს ინტერპრეტირებული, რომ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა მართლმადიდებლურ ჯგუფებს აეკრძალოთ ეკლესიის აგება, ხატწერა, საღვთისმეტყველო ლიტერატურის გამოშვება, საკუთარი თავის მართლმადიდებლად მიჩნევა და ამის დარეგისტრირება... ეს მცირედი ჩამონათვალია შესაძლო აკრძალვებისა.

საქართველოს მოქალაქე იმ მართლმადიდებელთა გარდა, ვინც თავს არ მიაკუთვნებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მე-6 მუხლის ამოქმედებამ შეიძლება დააზარალოს არამართლმადიდებელ ქრისტიანთა გაერთიანებებიც. ამ აზრისაა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიების წინამძღვარი მალხაზ სონღულაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სწორედ ხსენებული მუხლის ინტერპრეტაციაზე. მალხაზ სონღულაშვილის მოსაზრებას ეხმიანება უფლებადამცავი გიგა ბოკერიაც [ბოკერიას ხმა]: “სიმბოლიკა, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას შეიძლება თავის სიმბოლიკად მიაჩნდეს, ასევე გამოიყენება სხვა კონფესიების მიერაც. რაც შეეხება მშენებლობასა და საღვთისმსახურო პროდუქციაზე ნებართვის გაცემას, იმავე პროდუქციით სარგებლობენ თითქმის ყველანი, ძალიან ბევრი კონფესია. ეს არის ძალიან სახიფათო”.

კონსტიტუციური შეთანხმების რატიფიკაციისთანავე ან, სულაც, მანამდე, რელიგიურმა გაერთიანებებმა, შეთანხმებაში თავიანთი საქმიანობისთვის სამომავლო საფრთხეს რომ ხედავენ, არ არის გამორიცხული, სარჩელი შეიტანონ სასამართლოში კონკორდატის კონსტიტუციასთან შეუთავსებლობის მიზეზით.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

დღევანდელი მაყურებელი და სტადიონი

დავით კაკაბაძე:
კონკორდატთან და საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ შევარდნაძის გამოსვლასთან ერთად, გასული კვირის მთავარი სალაპარაკო თემა საქართველო-რუსეთის სპორტული დაპირისპირებები იყო. ქართველი მორაგბეების წარმატებაზე კვირას დაწვრილებით ვისაუბრებთ ჩვენს სპორტულ პროგრამაში “რბენა წინაღობებით”. დღეს კი გვინდა თქვენი ყურადღება ნაკლებად სასიამოვნო, მაგრამ, ვფიქრობთ, უაღრესად საჭირბოროტო პრობლემაზე გავამახვილოთ. ეს პრობლემა გახლავთ ქართველ გულშემატკივართა ბოლოდროინდელი საქციელი საერთაშორისო მატჩების დროს (საკმარისია დავასახელოთ “დინამო”-“ლიბერეცისა” და საქართველო-რუსეთის ფეხბურთელთა შეხვედრები). ამ თემაზე ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი კაკაბაძე ესაუბრა ცნობილ სპორტულ ჟურნალისტს დემიკო ლოლაძეს. იგი იხსენებს, რომ “დინამოს” აღზევების წლებში სტადიონები სავსე იყო მაყურებლებით, რომლებიც ქართველი გულშემატკივრებისთვის მუდამ დამახასიათებელი კორექტულობით გამოირჩეოდნენ. ბატონი დემიკო სინანულით აღნიშნავს, რომ მაშინდელი ატმოსფერო დიდად განსხვავდებოდა დღევანდელისგან, რაც თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე ამ ერთი კვირის წინათ მომხდარმა ამბებმა განსაკუთრებული სიმწვავით გამოავლინა.

გიორგი კაკაბაძე:
დემიკო ლოლაძე იხსენებს 60-იან წლებს, როცა თბილისის “დინამოში” ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობდა და მაყურებელი საზეიმო განწყობით მიდიოდა საფეხბურთო მატჩების სანახავად [ლოლაძის ხმა]: “სტადიონზე მიდიოდა, როგორც თეატრში, როგორც ისეთ ადგილას, სადაც სიამოვნება უნდა მიეღო და თავისი მხარდაჭერით სიხარულიც გამოეხატა. მართალია, თამაშებიც წაგვიგია, მაგრამ მაყურებელი არასოდეს მოქცეულა ისე, როგორც ეს, მაგალითად, “ლიბერეცთან” მოხდა. რუსეთის ნაკრებთან მატჩმა კი, საერთოდ, დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე საყოველთაოდ სამარცხვინო ფაქტისა და მაყურებელთა ქცევის გამოც”.

ჩეხეთის “ლიბერეცთან” თამაშის დროს მაყურებლის რეაქციასთან დაკავშირებით დემიკო ლოლაძე ამბობს, რომ მატჩის მსვლელობით, უპირველესად, სტუმართა გუნდი უნდა განაწყენებულიყო, რადგან თბილისელთა მიმართ ესოდენ კეთილგანწყობილი მსაჯი ნამდვილად არ ახსოვს, [ლოლაძის ხმა] “და ქვებისა და ბოთლების სროლა, უბრალოდ, გაკვირვებას იწვევდა, რადგან არც მსაჯი და არც ჩეხი ფეხბურთელები ნამდვილად არ იმსახურებდენენ ამას”.

რაც შეეხება რუსეთისა და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებების ჩაშლილ მატჩს, სპორტული ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ თამაშის დაწყებამდე მაყურებელთა განწყობა ისეთი იყო, თითქოს, საომრად ემზადებობდნენ. “რასაკვირველია, ამას ხელი შეუწყო ანტიქართულმა ისტერიამ, რომელიც რუსეთის მედიაში გამუდმებით მიმდინარეობს, მაგრამ ჭეშმარიტი გულშემატკივარი სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთს არასოდეს უკავშირებს,” ამბობს დემიკო ლოლაძე. მისი თქმით, გასაგებია ისიც, რომ სტადიონზე განათების გამოთიშვამ და მატჩის ჩაშლამ დიდად გააღიზიანა მაყურებლები, მაგრამ გაუგებარია, თუ რატომ იყარეს მათ ჯავრი რუსეთის წარმომადგენლებზე და რად დაუშინეს მათ მანქანებს კვერცხები და ქვები. მანამდე კი, თამაშის დაწყებამდე, რუსეთის ჰიმნის შესრულებისას მაყურებელთა ნაწილმა სტვენა ატეხა.

[ლოლაძის ხმა] “თუმცა რუსეთის გუნდის მიმართაც მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. რუსეთის ჰიმნის შესრულებისას გუნდი ზურგით იდგა ძირითადი ტრიბუნის მიმართ. რუსმა ფეხბურთელებმა თავისი მაყურებლისკენ ქნეს პირი, მაგრამ ასეთი რამ, საერთოდ, მიღებული არ არის და ფოტოზეც დავაფიქსირე”. [სტილი დაცულია]

მაყურებელთა აგრესიული დამოკიდებულება არა მხოლოდ სტუმრების, არამედ მასპინძელთა მიმართაც ვლინდებოდა სალანძღავი სიტყვებით: [ლოლაძის ხმა] “საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ისეთი სიმღერა “უძღვნეს”, რომ, უბრალოდ, გამაჟრჟოლა. უცენზურო გამონათქვამები გაისმოდა ფეხბურთის ფედერაციის მისამართით, საქართველოს პრეზიდენტის მისამართითაც. ამგვარი რამ დაუშვებელია!”

რა განაპირობებს დღევანდელი მაყურებლის უაღრესად არაკორექტულ ქცევასა და აგრესიულ დამოკიდებულებას? დემიკო ლოლაძის აზრით, ჯერ ერთი, ამას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქართული ფეხბურთის საერთო დონის მკვეთრი დაცემა, ანუ რა ფეხბურთიც გვაქვს, მაყურებელიც ისეთია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის, რომ სტადიონზე საკმაოდ ხშირად შემთხვევითი ადამიანები მიდიან, ამასთან, არა ფეხბურთის, არამედ სეირის საყურებლად. ბევრმა მათგანმა ფეხბურთელების გვარებიც კი არ იცის.

[ლოლაძის ხმა] “მწარე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თუ ფეხბურთი დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობს, ის შეიძლება საშინელი ტრაგედიის მიზეზადაც იქცეს და ჩვენ იმ დღეს ღმერთმა გადმოგვხედა, რომ რაღაც საშინელება არ მოხდა თბილისში”.

აი, ასეთი გულნატკენი და შეწუხებულია დემიკო ლოლაძე იმ ატმოსფეროთი, რომელიც ბოლო დროს სუფევს საფეხბურთო მატჩებზე. არადა, მისი წიგნები ხომ იმათთვის არის განკუთვნილი, ვინც სტადიონზე ნამდვილ მხარდაჭერას უნდა უწევდეს თავის გუნდს და არავის უნდა აძლევდეს საბაბს, რომ ქართული გულშემატკივარი აუგად მოიხსენიოს.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

ინტერვიუ პაატა ნაცვლიშვილთან

დავით კაკაბაძე:
საქართველოში ჟურნალისტების იუბილეები, როგორც წესი, არ აღინიშნება. ამ ტრადიციის დარღვევა წარმატებით მოახერხა “დილის გაზეთმა”, რომელმაც 16 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის იუბილე მისი წიგნის პრეზენტაციით აღნიშნა. პაატა ნაცვლიშვილის მრავალმხრივი ინტერესების გამო, დარბაზში თავი მოიყარეს სრულიად განსხვავებული პროფესიების ადამიანებმა – სპორტსმენებმა, პოლიტიკოსებმა, გამომცემლებმა, ჟურნალისტებმა და, რაღა თქმა უნდა, მკითხველებმა, რომლებსაც იუბილარის ავტოგრაფის მისაღებად რიგში ჩადგომაც კი მოუწიათ. თამარ ჩიქოვანი პაატა ნაცვლიშვილთან საუბარში შეეცადა მისი წარმატების ფორმულის დადგენას.

[თამარ ჩიქოვანის საუბარი პაატა ნაცვლიშვილთან] იხ. აუდიოვერსია

[მუსიკა]

ქართული ხელოვნების ფესტივალი ვენაში

დავით კაკაბაძე:
ვენაში დასრულდა ქართული ხელოვნების დღეები
ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ ვენაში ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართული ხელოვნების დღეები სახელწოდებით ”ტაბლა”, რომლის შესახებ არაერთხელ გვქონდა საუბარი ჩვენს გადაცემებში. 16 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე ვენა მასპინძლობდა ქართულ სახვით ხელოვნებას, მუსიკას, მოდას, ფოტო და კინოხელოვნებას. ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა. მასზე ბევრს წერდა ავსტრიის პრესა, მასალები მოამზადა ტელევიზიამ, რადიომ. ცხადია, კულტურის დღეებით კმაყოფილი არიან მისი ორგანიზატორები. ”ტაბლის” შესახებ დღეს კიდევ ერთხელ გვექნება – ამჯერად უკვე დასკვნითი – საუბარი. ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ.

ბიძინა რამიშვილი:
ვენა ოთხი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა თანამედროვე ქართული ხელოვნებით. ევროპული კულტურის ამ მექას ძალიან ბუნებრივად მოერგო ფესტივალზე წარმოდგენილი ნამუშევრები. თითქოს ფესტივალის მონაწილეებიც შინ გრძნობდნენ თავს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა პრაღიდან ჩასულებს. ზოგჯერ ახალი თაობის ქართველ ხელოვანთა გარჩევა გარეგნულადაც კი ჭირდა ხოლმე მასპინძლებისაგან. ქართული კულტურის ”ევროპულობა” ნებით თუ უნებლიედ იქცა ამ ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად.

ეს ვენაში ამ სახის პირველი ღონისძიება იყო. ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მთლიანობაში მათ შესანიშნავად გაართვეს თავი ამოცანას. ფესტივალის სულისჩამდგმელები გახლდნენ ვენაში მცხოვრები მხატვრები გიორგი ოქროპირიძე და ნანა მესხი. გიორგის ჩვენს ერთ-ერთ წინა გადაცემაში შევხვდით. სხვათა შორის, მისი ლითონის პლასტიკის გამოფენამ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა და იგი ოქტომბრის საუკეთესო ხელოვანად აღიარეს ვენელმა ექსპერტებმა. დღეს კი ნანა მესხს ვთხოვეთ აზრი გამოეთქვა აწ უკვე ჩავლილი ფესტივალის შესახებ.

[ნანა მესხის ხმა] იხ. აუდიოვერსია

ეს გახლდათ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნანა მესხი.

ფესტივალში მონაწილეობდა გერმანიის ქალაქ ლიუბეკში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელი რეზო კიკნაძე, რომელსაც მისი კონცერტის წინ ვესაუბრე ვენაში ყოფნისას. ახლა ამ ინტერვიუს ჩანაწერს გთავაზობთ.

[საუბარი რეზო კიკნაძესთან] იხ. აუდიოვერსია

ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”. შეგახსენებთ, რომ “მეათე სტუდიის” ეთერში ბიძინა რამიშვილი ესაუბრებოდა ვენის ფესტივალის ერთ-ერთ მონაწილეს, კომპოზიტორ რეზო კიკნაძეს. ბიძინა და მე ვენაში ერთად გახლდით და მის ნათქვამს ერთი რამ მინდა დავამატო. კულტურის დღეების საუცხოოდ ორგანიზებაში, გოგი ოქროპირიძისა და ნანა მესხის გარდა, დიდი წვლილი მიუძღვის ნანას მეუღლეს ნასერ ანსარის. მისი დამსახურებაც არის, რომ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოიცა 70-გვერდიანი კატალოგი, რომელსაც ახლავს კომპაქტ-დისკი ფესტივალის მონაწილე მუსიკოსთა სიმღერებითა თუ სხვა ნაწარმოებებით. ”მეათე სტუდია” დღეს სწორედ ერთ-ერთი მათგანით გვინდა დავასრულოთ. გთავაზობთ ნაწყვეტს რეზო კიკნაძის ნაწარმოებიდან ”ანტიფონია”. ასრულებს საქართველოს კამერული ორკესტრი გიორგი ბაბუაძის დირიჟორობით.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.
XS
SM
MD
LG