Accessibility links

logo-print

რაზე შეთანხმდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების ლიდერები


11 ოქტომბრის საპარლამენტო დემარშის ინიციატორები - კერძოდ, “გაერთიანებული დემოკრატების”,”ახალი მემარჯვენეების”, “ნაციონალური მოძრაობისა”

და “ტრადიციონალისტების” ლიდერები - ერთმანეთს შორის დიალოგს აგრძელებენ. სამომავლო კოორდინირებულ ქმედებებთან დაკავშირებით მათ 18 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მოითათბირეს.

11 ოქტომბრის მოვლენას - ვგულისხმობ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მოყოლებულ დემარშს - დემარშის ორგანიზატორებმა ახალი ქართული პოლიტიკის დასაწყისი, ერთი თაობის ქართველი პოლიტიკოსების გაერთიანების დასაწყისი უწოდეს. 18 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე კი, რომლის ორგანიზატორიც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი იყო, ზურაბ ჟვანიამ, ფიქრია ჩიხრაძემ, მიხეილ სააკაშვილმა და აკაკი ასათიანმა განმარტეს, რომ “გაერთიანებულ დემოკრატებს, “ნაციონალურ მოძრაობას”, “ახალ მემარჯვენეებსა” და “ტრადიციონალისტთა კავშირს” შორის დაწყებული დიალოგი ურთიერთშეთანხმებული მოქმედებისკენ არის მიმართული და არა აღნიშნული ძალების გაერთიანებისკენ. მაინც რა საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმეს ამ საპარლამენტო ძალებმა ურთიერთშეთანხმებული მოქმედება? “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით:

[დავით გამყრელიძის ხმა] “ ვაპირებთ ძალიან სერიოზულად მოვთხოვოთ ანგარიში მთავრობას იმ ფაქტებან დაკავშირებით, რასაც პოლიტიკაში კრიმინალების შემოსვლა წარმოადგენს. ჩვენ გვინდა ძალიან სერიოზულდ ვიმსჯელოთ საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც გახდა უძრაობის ხანის ტელევიზიის მსგავსი.” [სტილი დაცულია]


ამას გარდა, ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციების ის ნაწილი, რომელმაც შევარდნაძის ხელისუფლების მკვეთრი ოპოზიციის როლი აირჩია, მომავალ საპარლამენტო კვირაში აღმასრულებლებს მოსთხოვს პასუხს საბიუჯეტო გარღვევაზე, რომლის მიზეზიც მარტო აჭარიდან თანხების გადმოურიცხაობა არ უნდა იყოს. ხელისუფლების და ქვეყნის კრიმინალიზაციაზე, სახელმწიფო ტელევიზიის მუშაობასა და ბიუჯეტში წარმოქმნილ ახალ გარღვევაზე მწვავე რეაქცია ოპოზიციური ფრაქციების პროგრამა-მინიმუმად უნდა მივიჩნიოთ. მთავარი, რასაც მათი ურთიერთშეთანხმებული პოლიტიკა უნდა დაუპირისპირდეს, ზურაბ ჟვანიას სიტყვებით, საქართველოს თურქმენიზაციაა.
“გაერთიანებული დემოკრატები”, “ახალი მემარჯვენეები”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ტრადიციონალისტები” პარლამენტში სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძოლებენ. 18 ოქტომბრის შეხვედრიდან მოყოლებული, ეს ძალები ურთიერთშეთანხმებულად იმოქმედებენ.

[ზურან ჟვანიას ხმა] “მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გავმართავთ კონსულტაციებს და ამით შევეცდებით შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები. მე იმედი მაქვს, რომ ეს წარმატებით მოხდება, რადგან უმთავრეს საკითხებთან დაკავშირებით საერთო წუხილი გვაერთიანებს. “

ზურაბ ჟვანია ელის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალების შორის დიალოგის გაღრმავებასაც. იმ პროცესის გაფართოებას, რასაც ახლახან ეროვნულ-დემოკრატებმა, ტრადიციონალისტებმა და გაერთიანებულმა დემოკრატებმა ჩაუყარეს საფუძველი.
XS
SM
MD
LG