Accessibility links

logo-print

“წინ, ნატოსკენ”, “პრაღის სამიტი ჭეშმარიტების მომენტად იქცევა”, “გენერალი რალსტონი აღფრთოვანებულია,”


თამარ ჩიქოვანი, თბილისი “წინ, ნატოსკენ”, “პრაღის სამიტი ჭეშმარიტების მომენტად იქცევა”, “გენერალი რალსტონი აღფრთოვანებულია,” – ამ კვირის ბოლოს ასეთი სათაურები ჭარბობდა ქართული პრესის პირველ ფურცლებზე.

18-20 ოქტომბრის გაზეთ “ახალი ეპოქის” თქმით, 17 ოქტომბერს თბილისში ხანმოკლე ვიზიტით მყოფმა ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ჯოზეფ რალსტონმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება აეროპორტშივე გამართა. ნატოს გენერალმა ამ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებსა და ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრა. გაზეთი წერს:

“პირადად დავრწმუნდი, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები კმაყოფილები არიან ქართველი ჯარისკაცების მონდომებითა და წვრთნის მიმდინარეობით,” – განუცხადა ჟურნალისტებს რალსტონმა. მის ვიზიტამდე, 9-12 ოქტომბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, იმყოფებოდა საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა განუცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყველანაირად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იქვე მიუთითა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი სამხედრო თუ ეკონომიკური აგრესიის საშიშროებაზე. პირად საუბრებში ჯორჯ რობერტსონმა რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს მეტი პრინციპულობა მოსთხოვა და აღნიშნა, რომ ნატოს და საქართველოს ურთიერთობას ვერაფერი შეუშლის ხელს.
აშკარაა, რომ აშშ რუსეთის ბაზებისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ერთმანეთს უკავშირებს და სწორედ საქართველოში ააქტიურებს თავის პოლიტიკას. ნელ-ნელა აშკარავდება ის გეგმა, რომელიც თბილისში ამას წინათ ჩამოსულმა ევრაზიის კონფლიქტებში აშშ-ის წარმომადგენელმა რუდოლფ პერინამ პრეზიდენტ შევარდნაძეს საიდუმლოდ გააცნო. მაშინ პერინა ამერიკის ახლებურ გეგმაზე მხოლოდ მინიშნებით ლაპარაკობდა, დღეს კი ცხადია, რომ გენერალ ჯოზეფ რალსტონის მოულოდნელი ვიზიტი, გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის განცხადება და პრეზიდენტ შევარდნაძის ინიციტივა აფხაზეთის თემაზე ერთადერთ მიზანს ემსახურება: რუსეთთან კომპრომისის მიღწევასა და აფხაზების იძულებას, მონაწილეობა მიიღონ “ბოდენის დოკუმენტის “ განხილვაში.”




გასულ კვირას კვლავ აქტუალურობა შეიძინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერისა და საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის თემამ. მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძის მწვავე განცხადება აჭარის ხელისუფლების ურჩობით იყო განპირობებული. აჭარის ხელისუფლება კვლავინდებურად უარს აცხადებს თბილისში გადმორიცხოს ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხა. 17 ოქტომბრის გაზეთი “24 საათი წერს”:


“მთავრობის სხდომაზე სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შექმნილი სიტუაციისა და შიდა ქართლში სპეცოპერაციის ჩატარების ფაქტის კომენტირებისას, პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ კონტრაბანდა, საიდანაც არ უნდა შემოდიოდეს იგი, უნდა აღიკვეთოს. აქვე გაიხსენა აჭარის ტერიტორიაზე 400-მდე მანქანის დაგროვების ფაქტი და განაცხადა: “ ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს, იქნება შიდა ქართლი, აჭარა თუ სხვა რეგიონი....ბრძოლა უნდა იყოს დაუნდობელი. სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს ამას. კონფლიქტამდეც რომ მივიდეს საქმე, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ის, რაც გასაკეთებელია...”
პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, ვისთან და რა სახის კონფლიქტს გულისხმობდა ამ დროს.
ყოველივე ეს მიანიშნებს, რომ შევარდნაძე აშკარა დაპირისპირებაზე წავიდა აბაშიძესთან, რომელსაც ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში საკუთარი წარმომადგენლის სტატუსის ჩამორთმევით დაემუქრა.
მაშინ საქართველოს პრეზიდენტს საკმაოდ სერიოზული საფუძველი ჰქონდა: მისი წარმომადგენელი მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო ინიციატივებს ახმოვანებდა.
ფორმალურად, საქართველოს პრეზიდენტს გუშინაც ჰქონდა მიზეზი: 15 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტისთვის ხელწამოსაკრავი თანხა არ არის, თუმცა...
ეს პრობლემა საქართველოში 1998 წლიდან არსებობს.
1998 წლიდან აჭარა, ცენტრთან ურთიერთობისას, საბიუჯეტო საკითხებს თავისებურად ჭრის და კერავს.
ცენტრისთვის ამის შესახებ 1998 წლიდანაა ცნობილი. თუმცა, ლოგიკას დაქვემდებარებული “შემთხვევითობის” წყალობით, დაპირისპირება მაინცდამაინც მაშინ მწვავდება, როცა არჩევნები ახლოვდება ან შიდაპოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად იძაბება. თავად ბატონი ასლანი კი თავისი ქმედებებით – რუსეთთან ურთიერთობა იქნება ეს თუ აფხაზეთის “ფრონტზე” აქტიურობა – ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, რომ მისგან არასასურველი ალტერნატივის ხატი შექმნა და მთელ ქვეყანას უთხრა: აი, მე თუ არა, ეს იქნებაო.
ურთიერთობა ცენტრსა და რეგიონს შორის 1999 წელსაც უკიდურესად დაიძაბა. მაშინ საბიუჯეტო გარღვევისა და უხელფასობის თემა საკმაოდ მწვავედ იდგა, ამიტომ ზედგამოჭრილი გახლდათ აქცენტის იმ გველეშაპზე გაკეთება, რომელიც სარფში ზის და ბიუჯეტისკენ ფულს არ უშვებს. ასე გამოადგა აჭარის ხელმძღვანელი და “აღორძინება” საფრთხობელად მოქალაქეთა კავშირს და ედუარდ შევარდნაძეს, როცა მათ საპარლამენტო არჩევნები ჰქონდათ მოსაგები.
შემდეგ კი, 2000 წელს, როცა ერთი საქმე უკვე გაკეთებული იყო, თბილისმა და ბათუმმა ისევ მოახერხეს მორიგება-გარიგება. ედუარდ შევარდნაძემ ბათუმის ბლოკის წარმომადგენელი აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა და ცენტრმაც რეგიონთან საბიუჯეტო გაუგებრობა დაივიწყა.
საბიუჯეტო თემაზე მოლაპარაკება ცენტრსა და რეგიონს შორის სხვადასხვა მინისტრის დროს სხვადასხვა ინტენსივობით და სხვადასხვა წარმატებით მიმდინარეობდა. ამ მხრივ, ყველაზე წარმატებული მიხეილ მაჭავარიანის მინისტრობის ხანა იყო, თუმცა, როგორც ვთქვით, განმსაზღვრელი როლი ამ ურთიერთობაში ყოველთვის პოლიტიკას ეჭირა.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა “რეგიონის ქვეყნიდან გამოყოფის სურვილიც” ახსენა. ამ კომენტარს წინ უძღოდა აბაშიძის გააქტიურება აფხაზეთის ფრონტზე, დევნილთა ცნობილი ყრილობა და ხმამაღალი მუქარა, რომ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელმოწერებს შეაგროვებდნენ.
პრეზიდენტის გამოსვლა “აღორძინებამ” გუშინვე პროვოკაციად და ედუარდ შევარდნაძის ნამდვილი ზრახვების გამჟღავნებად მონათლა. მირიან გოგიაშვილმა, როგორც ფინანსთა მინისტრს შეეფერებოდა, აღნიშნა, რომ კანონი უნდა სრულდებოდეს.... სიტუაცია ცენტრსა და რეგიონს შორის – შევარდნაძესა და აბაშიძეს შორის – ისევ უკიდურესად იძაბება.საინტერესო ახლა ისაა, ამჯერად - რისთვის, რა მიზნით...”


გასული კვირის ქართული პრესა კვლავ არკვევდა, რას შეიძლება ნიშნავდეს პარლამენტის ბოლო სხდომაზე 5 ფრაქციის მიერ პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვება. “შესაძლებელია თუ არა, ვანო ჩხარტიშვილი და დავით ბერძენიშვილი ერთ პოლიტიკურ გუნდში წარმოვიდგინოთ? “ – კითხულობს 16 ოქტომბრის გაზეთი “რეზონანსი”, რომლის თქმითაც, არჩევნების ვადის მოახლოება აქტუალურობას მატებს პარტიათა დაახლოება-თანამშრომლობის საკითხს. ყოველ შემთხვევაში, რეზონანსის ცნობით, პოლიტიკურ კულუარებში უკვე დაიწყო პოზიციათა მოსინჯვის პროცესი. გაზეთი წერს:


“პოლიტიკური პარტიები ახლა ერთმანეთის შესაძლებლობების აწონ-დაწონით არიან გართულები და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის სანდო მეგობარ ძალას ეძებენ. მართალია, ჯერ გახსნილად საუბარი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ სურს და ამას ნაადრევი პროგნოზების თავიდან აცილების მიზნით აკეთებენ, მაგრამ სხვა ადგილას და დროს, მედიისგან დაფარულად თუ მათი თანდასწრებით, მათ შორის კარკვეული კონსულტაციები მაინც მიმდინარეობს.
საუბრობენ იმაზეც, რომ შევარდნაძის და მისი გარემოცვის ოპოზიციურ ძალად შეიძლება ასლან აბაშიძეღა დარჩეს, თავისი პარტიით, ხოლო სოციალისტური პარტია კვლავ თავის ძველ პატრონს, მოქკავშირს, დაუბრუნდეს და ყავარჯნად შეეშველოს. ბრძოლა ხელისუფლებისთვის და გამარჯვების ტკბილი გემო, როგორც ჩანს, იმდენად მოენატრა ბევრ პოლიტიკურ ძალას, რომ ისინი არანაირ თანამშრომლობაზე უარს არ იტყვიან. კულუარებში ჯერ ჩუმად, მაგრამ გასაგონად
საუბრობენ ისეთი პარადოქსული გაერთიანების შექმნაზე, რომელშიც ერთად შეიძლება აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში უკვე ნამყოფი და ჯერაც მოღვაწე ცალკეული პირები და პარტიები: ერთი მხრივ, ვანო ჩხარტიშვილი, კახა თარგამაძე, ვანო ზოდელავა, ბადრი პატარკაციშვილი და იქვე - “ახალი მემარჯვენეები”, ჟვანიას გუნდი და, შეიძლება, ნაციონალისტებიც.
ასეთი პოლიტიკური ალიანსის წარმოდგენა უჭირს თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ქულების დასაგროვებლად ყველა ძალას ხმარობს. ეს ძალები ამბობენ, რომ ასეთი ალიანსის არსებობა ამორალურიც კი იქნებოდა. თუმცა ხელისუფლებაში ერთხელ უკვე ნამყოფი ადამიანების ახალი სახელებით პოლიტიკაში დაბრუნება ჩვენთან კარგად აპრობირებული მეთოდია და, თუ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე პირს კვლავ სურს, ქვეყნის მართვაში ჩაებას, მაშინ იმ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას შეეცდება, ვისაც სიტყვა ეთქმის თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში.”
XS
SM
MD
LG