Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის ურთიერთობის დრამატურგია


პრეზიდენტსა და აჭარის ლიდერს შორის ურთიერთობა სახელმწიფო მოღვაწეების ურთიერთობას ნაკლებად ჰგავს. ისინი ხან მიიზიდავენ, ხან განიზიდავენ ერთმანეთს.

ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ ქვეყნის საერთაშორისო ფუნქციაზე, მის სტრატეგიულ პარტნიორებსა და სახელმწიფო კურსზე. ამის გამო, ეს ორი პოლიტიკური ფიგურა ერთ სახელისუფლო სივრცეში ძნელად თავსდება. მეორე მხრივ კი, წლების განმავლობაში ასლან აბაშიძის ძალაუფლებას ედუარდ შევარდნაძე იცავდა და მათი მყოფობა სახელისუფლო პოსტებზე აძლიერებდა ერთმანეთს.

როდესაც ასლან აბაშიძემ ჩოლოქის შესასვლელთან ბეტონის ფილები დაალაგა, მას ქვეყნის პრეზიდენტისთვის ვერბალური ომი არ გამოუცხადებია. როდესაც ბათუმის ყოფილმა მერმა თამაზ ხარაზმა პარლამენტის თავმჯდომარეს - ზურაბ ჟვანიას - აჭარის ლიდერზე ტერაქტის მომზადებაში დასდო ბრალი, პრეზიდენტზე პირდაპირი დარტყმა არც მაშინ განხორციელებულა. შემდეგ, როდესაც ტერორისტთა ნუსხა მთავრობის წევრებით შეივსო, პრეზიდენტი ისევ დუმდა და ასლან აბაშიძეც, ამ დუმილის სანაცვლოდ, პირადად მას ტერაქტების ორგანიზატორად არ აცხადებდა. თუმცა აჭარის ლიდერი თბილისში არ ჩამოდიოდა, რადგან, როგორც თავად განმარტავდა, დედაქალაქში თავს დაუცველად გრძნობდა და ცენტრიდან მხოლოდ სასიკვდილო საფრთხეს ელოდა. ეს შიშები პრეზიდენტს ისევ გვერდს უვლიდა, პირადად მას არ ბრალდებოდა, თუმცა პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ მთავარი კონფლიქტი სწორედ შევარდნაძესა და აბაშიძეს შორის განვითარდებოდა. ჟვანიაც, მინისტრებიც, ჟურნალისტებიც, რომლებიც ასლან აბაშიძის სიკვდილს “გეგმავდნენ”, სწორედ შევარდნაძის პოლიტიკური სივრციდან ესხმოდნენ თავს აჭარის ლიდერს. ცხადი იყო, რომ, ადრე თუ გვიან, წრე შეიკვრებოდა: ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე ერთმანეთის პირისპირ წარდგებოდნენ.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნის პრეზიდენტმა აღორძინების პარტიას “შავი ძალა” უწოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავდა გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებას. პირადად ასლან აბაშიძეს პრეზიდენტი არ შეხებია. წინასაარჩევნო დაპირისპირება მთლიანად მოთავსდა საარჩევნო ტექნოლოგიების კალაპოტში და არჩევნების დასრულებისთანავე ამოიწურა.

სულ სხვა პროცესი ვითარდება ამჟამად. პრეზიდენტმა, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ასლან აბაშიძეს დედაქალაქში ჩამოსვლა მოსთხოვა. ამასობაში, აჭარის ლიდერმა ბევრი დაარწმუნა, რომ მას, მართლაც, ეშინია თბილისში ჩამოსვლის. ბევრი, მაგრამ არა ედუარდ შევარდნაძე. შევარდნაძემ იცის, რომ აბაშიძეს თბილისურ საფრთხეზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სტატუსის შესაძენად დასჭირდა. მან, ამ საფრთხის მომიზეზებით, თავისი ძალა წარმოაჩინა: აჭარის ლიდერს საკუთარი პოლიტიკური სივრცე აქვს, თავისი სამფლობელო და ამ სამფლობელოდან როდის გავა და რა მიმართულებით, არავის ეკითხება. ის ფაქტი, რომ აბაშიძე თბილისში არ ჩამოდის, უკავშირდება არა მის შიშებს, არამედ მის, როგორც ალტერნატიული ლიდერის, სტატუსს.

შესაბამისად, როდესაც შევარდნაძე აბაშიძისგან თბილისში ჩამოსვლას ითხოვს, იგი აუქმებს აბაშიძის განსაკუთრებულ პოლიტიკურ სტატუსს და ცდილობს, აჭარის მეთაური თავის ქვეშევრდომთა რიგებში ჩააყენოს, დაასუსტოს იგი, დააქვეითოს პოლიტიკურ იერარქიაში.

ბუნებრივია, ასლან აბაშიძე ამ გამოწვევას მიიღებს და თავისი სივრცის თუ სტატუსის ხელშეუვალობას არ დათმობს. ამიტომ პრეზიდენტს, ერთმანეთის მიყოლებით, ორი ბერკეტი მოჰყავს მოქმედებაში: აბაშიძეს ემუქრება, რომ ჩამოართმევს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მანდატს; შემდეგ კი თანხების გადმორიცხვას სთხოვს ცენტრალურ ბიუჯეტში.

ასლან აბაშიძემ, როგორც ალტერნატიული ცენტრის პოლიტიკურმა ლიდერმა, კარგა ხანია, გავლენა დაკარგა. მას პარლამენტში მხოლოდ სამი მცირერიცხოვანი ფრაქცია შემორჩა. ახლა აჭარის ლიდერი პრეზიდენტმა დააყენა იმ საფრთხის წინაშე, რომ იგი დაკარგავს აფხაზეთთან დაკავშირებულ სტატუსს და ფინანსების დიდ ნაწილს. სამაგიეროდ, შეინარჩუნებს ყველაფერს, თუკი დათმობს თავის პოლიტიკურ ხელშეუვალობას და პრეზიდენტის პოლიტიკურ გავლენას აღიარებს.

ასე რომ, ასლან აბაშიძემ უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა ედუარდ შევარდნაძესთან ურთიერთობაში. დღემდე ცნობილი იყო, რომ აჭარის ლიდერის ძალაუფლება ხელშეუვალია, არა პრეზიდენტის კეთილი ნებიდან გამომდინარე, არამედ იმ რუსულ სამხედრო ბაზაზე დაყრდნობით, რომელსაც ასლან აბაშიძე თვალის ჩინივით უვლის და უფრთხილდება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით - შესაძლოა, ამ ფაქტორის გასანეიტრალებლად - ედუარდ შევარდნაძე ღიად უპირისპირდება აჭარის ლიდერს. კონფლიქტი პირველად იძენს რეალურ შინაარსს და, საფიქრებელია, ცდება ყველა, ვინც ამბობს, რომ შევარდნაძე და აბაშიძე ამჯერადაც ისევე ადვილად მოძებნიან საერთო ენას, როგორც სხვა დროს, კრიტიკული სიტუაციების შემდეგ.
XS
SM
MD
LG