Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთელი ერთი კვირაა უკვე ქართული პრესა ჩვენი მორაგბეების


მთელი ერთი კვირაა უკვე ქართული პრესა ჩვენი მორაგბეების

ბრწყინვალე გამარჯვებას ასე აფასებს: “ამიერიდან საქართველოს ვეღარავინ შეხედავს როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას”, “დღეიდან საქართველოს გაგონებაზე მხოლოდ პანკისის ხეობა არ გაახსენდებათ”.

ამ სტატიებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სპორტი საქართველოში უფრო პოპულარულია, ვიდრე ხელოვნება, მით უმეტეს, ხალხური ხელოვნება; ჩვენი ბორჯღალოსნების გამარჯვებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში დასრულდა მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელსაც პრესა გამოეხმაურა, მაგრამ, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკას” თუ არ ჩავთვლით, გამოეხმაურა სხვათა შორის, როგორც თბილისის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მოვლენას.
არადა, ანზორ ერქომაიშვილისა და მანანა დოიჯაშვილის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხსენებაზე მხოლოდ და მხოლოდ “პანკისი” ან ჩაბნელებული ლოკომოტივის სტადიონი, შესაძლებელია, მხოლოდ რუსეთში დაინახონ. სიმპოზიუმზე, რომელსაც, ამავე დროს, მრავალხმიანობის ფესტივალიც უნდა ვუწოდოთ (რადგან, კონფერენციის პარალელურად, კონცერტებიც ჩატარდა), 17 ქვეყნის 40-მდე მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. იმღერეს როგორც საუკეთესო ქართულმა ანსამბლებმა, ასევე კოლექტივებმა ავსტრალიიდან, შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან... მღეროდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები (მაგალითად, არაჩვეულებრივი ფრანგული ტრიო “მერანი”) და უცხოელები, რომლებიც ქართულად არ ლაპარაკობენ, მაგრამ შესანიშნავად მღერიან. თუნდაც - იაპონური ანსამბლი “იამაშიროგუმი.” [ჩართვა]

მრავალხმიანობის სიმპოზიუმები საქართველოში ადრეც ტარდებოდა: 1984 წელს – თბილისში, 1988 წელს – ბორჯომში. ბორჯომის კონფერენციის მუშაობაში პირველად მიიღეს მონაწილეობა ქართული მრავალხმიანი სიმღერის უცხოელმა მკვლევარებმა... და სწორედ ბორჯომში, “პერესტროიკის ეპოქაში,” ითქვა პირველად, რომ “ქართული სამეცნიერო ფოლკლორისტიკა საკუთარ ნაჭუჭშია გამომწყვდეული”... იზოლაციამ ქართული პოლიფონიის შეფასებაზეც იმოქმედა. ახირებული აზრები ვრცელდებოდა უცხოეთშიც და საქართველოშიც: ჩვენს სიმღერას, ჯერ იყო და, მეცხრამეტე საუკუნის რამდენიმე გერმანელმა მოგზაურმა გაუტეხა სახელი, მერე კი – ქართული-საბჭოთა ფოკლორისტიკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მრავალხმიანობა, თავისთავად, ერთხმიანობაზე უფრო მაღალგანვითარებული სტადიაა, რომ მრავალხმიანობა ერთხმიანობიდან გაჩნდა და ყველა ერთხმიანი კულტურა, ბოლოს და ბოლოს, მრავალხმიანად უნდა იქცეს.

როგორც გამოირკვა, დღეს ქართველი და უცხოელი მეცნიერების უმრავლესობა ამ მოსაზრებებს სერიოზულად აღარ მიიჩნევს. მუსიკისმცოდნეები აღნიშნავენ, რომ ქართული პოლიფონიის უნიკალურობას ხმების რაოდენობა კი არ განსაზღვრავს, არამედ კომპოზიციის ხარისხი, მოდულაციის მაღალი დონე და სხვ. ჩინეთის მუსიკალური კულტურა, მაგალითად, მონოდიური, ე.ი. ერთხმიანია, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ჩინური - თუნდაც სომხური თუ აზერბაიჯანული - სასიმღერო ფოლკლორი ქართულზე უკეთესია ან უარესი... თუმცა მრავალხმიანობა მაინც უნდა გამოხატავდეს ერის ცნობიერებას. რა არის ეს? სხვისი მოსმენის უნარი და, ამავე დროს, საკუთარი ხმით ცხოვრება? “მთლიანი,” რომელიც “ცალკეულს” არსებობას უნარჩუნებს? და თუ დღევანდელ დასავლურ კულტურაში აშკარად შეიმჩნევა მრავალხმიანი სიმღერით დაინტერესება, ეს იმიტომ ხომ არა, რომ გაძლიერებულმა ინდივიდუალიზმმა, ერთეულის უპირატესობამ მთლიანთან შედარებით, უამრავი პრობლემა შექმნა ადამიანების ურთიერთობაში. ვინ იცის, შესაძლებელია, სწორედ ამიტომაც აიტაცეს უცხოელებმა ქართული მრავალხმიანი სიმღერა, თუნდაც ფრანგულმა ანსამბლმა “ირინოლამ”, რომელიც თბილისის სიმპოზიუმის ერთ-ერთი მარგალიტი იყო. [ჩართვა]

იყო დრო, როცა ქართველები აღტაცებით უსმენდნენ ყველა უცხოელს, რომელიც მეგრულ, სვანურ, გურულ სიმღერებს მღეროდა. თბილისის სიმპოზიუმის გახსნამდე ხალხური სიმღერის ზოგიერთ მოყვარულს ეგონა, რომ ამჯერადაც მოვუსმენდით არაპროფესიონალებს, რომლებიც ქართულ მრავალხმიანობას მხოლოდ და მხოლოდ ეგზოტიკად აღიქვამენ. მაგრამ ასე არ მოხდა: განსვავებული ასაკისა და პროფესიის ადამიანები, რომლებმაც ქართული სიმღერის ანსამბლები შექმნეს უცხოეთში, მშვენივრად დაეუფლნენ ჩვენი სიმღერისთვის ტიპიურ, ეგრეთ წოდებულ, კვარდ-კვინტ და კვინტ-ნონაკორდებს. ქართულ ხალხურ სიმღერაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ სუნთქვას, თავის დროზე დასმულ მახვილებს, ბგერის მოულოდნელი შეწყვეტის უნარს, რაც უცხოურ ანსამბლებს შორის, ალბათ, ყველაზე მეტად ამერიკულმა კოლექტივმა “ქართულმა ანსამბლმა” გამოავლინა. [ჩართვა]

მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის დასკვნითი კონცერტით თუ ვიმსჯელებთ, უცხოურ ანსამბლებს უფრო მეტად ომახიანი და სახუმარო ქართული სიმღერები მოსწონთ. შესაძლებელია, იმიტომ, რომ ქართულ სიმღერაში ეს ადამიანები იმას ხედავენ, რის დეფიციტსაც განიცდის თანამედროვე დასავლური კულტურა. არ არის გამორიცხული, რომ სახუმარო სიმღერა მათთვის უფრო ადვილი შესასრულებელი იყოს: გროტესკი და ირონია ამ შემთხვევაში ქმნის დისტანციას შემსრულებელსა და თავად მუსიკას შორის. მომღერალი არ ცდილობს მიბაძოს ქართული სიმღერის საუკეთესო შემსრულებლებს, თუნდაც ქართულ ანსამბლებს. ამ სიმღერაში იგი უცხო კულტურის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს. ქართველი მსმენელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ასეთი ექსპერიმენტი ნორმალურად აღიქვა. [ჩართვა]

2001 წელს “იუნესკომ” ქართული მრავალხმიანობა “კაცობრიობის ზეპირი და ხელთუქმნელი მემკვიდრეობის შედევრად” გამოაცხადა. “იუნესკოს” ეს გადაწყვეტილება უდიდესი სტიმული გახდა ქართველი ფოლკლორისტებისთვის. მათი ძალისხმევით თბილისის სიმპოზიუმის დღეებში საქართველოში დაარსდა მსოფლიო მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს გააერთიანებს – მეცნიერები ერთად გამოიკვლევენ, თუ რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ, მაგალითად, ქართველებს და ბალკანელებს, რომელთაც “მრავალ ხმაში” უყვართ სიმღერა, და რატომ მღერიან ერთ ხმაში, თუნდაც, მათი მეზობლები. თუმცა არც ეს უნდა იყოს თბილისის სიმპოზიუმის მთავარი გამარჯვება. სიმპოზიუმის დასკვნით კონცერტზე, რომელიც კონსერვატორიაში გაიმართა, ანზორ ერქომაიშვილს უთქვამს, რომ არასდროს უნახავს ასეთი გაერთიანებული საქართველო. როცა სიმპოზიუმის მონაწილეებმა - ქართველებმა, ამერიკელებმა, ფრანგებმა, იაპონელებმა - კონცერტის ბოლოს ერთად შეასრულეს ჯერ “ჩაკრულო”, მერე კი “ქართველო, ხელი ხმალს იკარ”, მე იაკობ გოგებაშვილის სიტყვები გამახსენდა: “ხალხური სიმღერა აშორებს გონებას ყოველს შემწუხებელს აზრსა”. ამ შემთხვევაში ქართულმა ხალხურმა სიმღერამ “შემწუხებელი აზრებისგან” არა მარტო ქართველები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები გაათავისუფლა. სხვანაირად ამას “გასხივოსნება,” “კათარზისი” ჰქვია... და თუ საქართველოს გაგონებაზე ვინმე მხოლოდ ლოკომოტივის ჩაბნელებულ სტადიონს ხედავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საერთოდ არა აქვს სინათლის დანახვის უნარი. [ჩართვა. კონცერტის ფინალი]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG