Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლურ ზეგავლენასთან მებრძოლი პოსტ-თალიბანური ავღანეთი


შარშან, თალიბანის დამხობის შემდეგ, ავღანეთის საზოგადოებაში ერთგვარი მორალური ვაკუუმი გაჩნდა. თალიბანის დროს ბევრი რამ აკრძალული იყო: მაგალითად, ფოტოგრაფია და ფრანის გაშვებაც კი,

რაც დღეს დაშვებული გახლავთ დასავლურ ფილმებთან, რეკლამასთან და ვიდეოთამაშებთან ერთად. ამ სახის ლიბერალიზაციის პარალელურად კი ავღანეთში მიმდინარეობს ფარული ბრძოლა კონსერვატულ და ზომიერ ძალებს შორის ქვეყნის მორალური ფასეულობებისთვის.

რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი მარკ ბეიკერი, რომელიც ახლახან ავღანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, მიიჩნევს, რომ იქ ფარული ბრძოლა მიმდინარეობს ორ ძალას შორის: პირველს სურს დაიცვას ქვეყანა უცხოური, განსაკუთრებით კი დასავლური ზეგავლენისაგან. ამის საპირისპიროდ მეორე ძალა დარწმუნებულია, რომ ქვეყნის განვითარებას სწორედ დასავლეთის ზეგავლენა შეუწყობს ხელს. ზეგავლენა კი სულ უფრო აშკარა ხდება.

ქაბულის უნივერსიტეტის ისლამური სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი აბდულ ბაშირ ფაზლი კულტურული თვალსაზრისით კონსერვატორია. მას მტკიცედ სწამს, რომ მართებულია "პროვოკაციული ფილმებისა და პლაკატების" აკრძალვა იმისათვის, რომ ავღანეთის მოსახლეობა დაცული იყოს უცხოური ზეგავლენისგან. ამ მოსაზრების გასამყარებლად პროფესორ ფაზლის არგუმენტად ავღანელთა მოუმზადებლობა მოჰყავს.

[ფაზლის ხმა] "ვფიქრობ, იმ საგანგებო სიტუაციაში, რომელშიც ავღანეთის ხალხი იმყოფება, ამ სულელური პლაკატებისა და ფილმების არსებობა მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის და სრულიად უსარგებლოა ავღანეთის ხალხისთვის."

პროფესორი ფაზლი შეიძლება მივიჩნიოთ იმ წინააღმდეგობათა ხორცშესხმად, რომელსაც ავღანეთის საზოგადოებაში ვხვდებით. 70-იან წლებში მან დაამთავრა ვაშინგტონის უნივერსიტეტი. დასავლური ზეგავლენა ავღანელი პროფესორის ჩაცმულობასა და გარეგნულ იერსახეშიც ვლინდება. მისი აზრით, გარე სამყაროს ავღანეთისთვის ბევრის მიცემა შეუძლია, განსაკუთრებით კი მეცნიერებისა და მედიცინის სფეროებში.

მაგრამ ფაზლი სრულიად არაკომფორტულად გრძნობს თავს ისეთ დასავლურ იდეალებთან მიმართებაში, როგორიც არის სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლება, რადგან ფიქრობს, რომ ავღანეთის ისლამური ტრადიციის რეალობაში ეს ყველაფერი აზრს მოკლებულია.

ფაზლი მართებულად მიიჩნევს თალიბანის მიერ შარიათის კანონის ცხოვრებაში მკაცრად გატარების მცდელობასაც, რაც, მაგალითად, ქურდისთვის ხელის მოკვეთასაც გულისხმობს. ფაზლის თქმით, სასჯელის ეს სახე ისლამური სწავლების საფუძველს წარმოადგენს.

მეორე მხარედ შეიძლება ჩავთვალოთ ის ათასობით რიგითი ავღანელი, რომელიც სარგებლობს მინიჭებული თავისუფლებით და კინოთეატრებში ნახულობს ინდურ, ევროპულ და ამერიკულ ფილმებს. ქაბულის ცენტრში არსებული ელექტრონიკის ბაზარი სავსეა ვიდეოკასეტების, სატელიტური მიმღებებისა თუ ვიდეომაგნიტოფონების მყიდველებით.

ავღანეთის მცდელობა, შეზღუდოს უცხოური ზეგავლენა, დიდად არ განსხვავდება სხვა განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე პროცესისგან. აქ საქმეს ართულებს თალიბანის მრავალწლიანი ბატონობა, რომლის დროსაც ყველაფერი დასავლური აკრძალული იყო. პოპ-მუსიკის მოსმენა - ორ კვირამდე, ფილმის ნახვა კი 20 დღემდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.

ვიდეოთამაშების გამყიდველებს დღესაც აქვთ პრობლემები ქაბულის პოლიციის მხრიდან, რომელიც (გაუგებარია, საკუთარი ინიციატივით, თუ ხელისუფლების მითითებით) ახორციელებს პროდუქციის კონფისკაციას ახალგაზრდობის კეთილდღეობის დაცვის მოტივით.

ქაბულის ელექტრონიკის ბაზარზე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა:

[მაღაზიის მფლობელის ხმა] "დიახ, ვიდეოთამაშების გაყიდვა ხელისუფლებამ აკრძალა. სამჯერ თუ ოთხჯერ გამოაცხადეს ამის შესახებ. ვიდეოთამაშებით ვაჭრობას შეძლებს მხოლოდ ის, ვინც საგანგებო ნებართვის მოპოვებას მოახერხებს. ვინც ეს ნებართვა ვერ მიიღო, უამრავ პრობლემას წააწყდა."

თალიბანის მემკვიდრეობას ორი მხარე აქვს: გაზრდილი მოთხოვნილება ყველაფერ უცხოურზე და ძლიერი მორალური მუხრუჭი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.

არავინ იცის, რამდენად მოახერხებს ავღანეთის მთავრობა ქვეყნის დაცვას ყველაფრისგან, რასაც ის ცუდ ზეგავლენად მიიჩნევს. უფრო მოსალოდნელია, რომ ის შეძლებს, შეასუსტოს ეს ზეგავლენა ან მას ისევ უკანონოს, ან აკრძალულის სახე მისცეს, რაც დასავლურ ინტელექტუალურ თუ გასართობ პროდუქციას ისევ დახლქვეშ მიუჩენს ადგილს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG