Accessibility links

რუსეთის ინტერესი პანკისის ხეობისადმი არ ნელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 19 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იამოვენკომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა,

დაიცვას პანკისის ხეობაში მაცხოვრებელთა უსაფრთხოება. მისი განმარტებით, ბოლო დროს რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს პანკისის ხეობის ოსური სოფლების მაცხოვრებლებმა, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ მათ მიმართ ჩეჩენი მებრძოლების ძალადობის გამო. იაკოვენკოს თქმით, “მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, თითქოს პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარების შემდეგ იქ ჩეჩენი მებრძოლები აღარ არიან, მიღებული წერილები ნათელყოფს, რომ იქაურ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს კვლავ საფრთხე ემუქრება.”


ერთი შეხედვით, კიშინიოვის სამიტის შემდეგ საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა ნამდვილად შეიცვალა: რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აღარ იმუქრება საქართველოს ტერიტორიაზე პრევენტიული დარტყმების განხორციელებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ივანოვმა 18 ოქტომბერს ისიც განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ არ აღიქვამს და არც ეკონომიკური სანქციების ამოქმედებაზეა საუბარი. იაკოვენკოს განცხადებაც, ერთი მხრივ, იმის გამოხატულებად შეიძლებოდა აღქმულიყო, რომ რუსეთის ხელისუფლება მეტად მტკივნეულად რეაგირებს მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რომ არა ერთი მომენტი: ეს აკვიატებული ინტერესი რატომღაც მხოლოდ პანკისის ხეობის მიმართ იჩენს თავს. ამიტომ ბუნებრივად აღიძვრის ეჭვი, რომ მეზობელ რუსეთს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ოსი ეროვნების ადამიანთა ბედი კი არ აღელვებს, არამედ საქმე გვაქვს პანკისის ხეობის კარტის გათამაშების მორიგ მცდელობასთან.
“საქართველო პოლიგონად იქცა იმის გასარკვევად, კრემლი აშშ-ის ანტიტერორისტულ ბრძოლას პრინციპულად უჭერს მხარს თუ მხოლოდ სურს, ამ ბრძოლის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება,” – წერს 18 ოქტომბრის გაზეთი “უოლ სტრიტ ჯერნალი”, რომელიც შენიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნეთის მოვლენების გადატანის მცდელობით, რუსეთი მიზნად ისახავდა საქართველოს დასავლური ორიენტაციის შეცვლას. “საქართველოს მისამართით გამოთქმული მუქარა სერიოზულ გამაღიზიანებლად იქცა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის კასპიის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ დასავლურ ინტერესებს. შესაბამისად, პანკისში წესრიგის მშვიდობიანი გზით აღდგენა, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოს კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, კარგი ახალი ამბავია, როგორც დასავლეთის ენერგეტიკული ინტერესების გათვალისწინებით, ისე აშშ-თვის, რომელიც ხელმძღვანელობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას,” –წერს “უოლ სტრიტ ჯერნალი” და ჩამოთვლის პრობლემებს, რომელთა მოსაგვარებლადაც საქართველოს პირველ რიგში ესაჭიროება დასავლეთის დახმარება : საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები, ეთნიკური კონფლიქტები და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. გაზეთი შენიშნავს, რომ დასავლეთს მართებს მეტი ყურადღებით მოეკიდოს რუსეთის მოთხოვნას საქართველოდან თავისი სამხედრო ნაწილების გაყვანისთვის კომპენსაციის გაწევის თაობაზე, რადგან “საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი სატრანზიტო როლი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ის თანხა, რაც რუსი სამხედროების რუსეთში გადაადგილებას დასჭირდება.”
XS
SM
MD
LG