Accessibility links

საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აპირებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სავარაუდოდ, ამ კვირაში საპარლამენტო სესიაზე ახლად გაფორმებული ოპოზიცია პრეზიდენტისთვის საკუთარი ძალის დემონსტრირებას შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულმა დემოკრატებმა, ნაციონალურმა მოძრაობამ და ტრადიციონალისტებმა მხარი დაუჭირეს ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ინიციატივას, სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე. რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს წამოწყება?

ახალი მემარჯვენეები უკვე რიგით მეორე სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტის მოწყობას აპირებენ. ორივე მათგანი – გიორგი არსენიშვილი და ავთანდილ ჯორბენაძე - სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით მიცემული პატიოსანი სიტყვის
“მძევლობაში” აღმოჩნდნენ. თუ გიორგი არსენიშვილის იმპიჩმენტის საკითხი პრეზიდენტის მიერ 2001 წლის ნოემბერში მთელი მთავრობის გადაყენებით ამოიწურა, საეჭვოა, ასეთივე ბედი მის მემკვიდრეს – ავთანდილ ჯორბენაძეს ელოდეს. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტი შევარდნაძე სახელმწიფო მინისტრის მუშაობით კმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავს და არც პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება აშინებს. ორშაბათის რადიოინტერვიუში მან განაცხადა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ ტყუილად გვაშინებენ გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, არეულობითა და დესტაბილიზაციით. მოსახლეობა ყველაფერში ადვილად გაერკვა. მას მშვიდი ცხოვრება და ოჯახის საკეთილდღეოდ შრომა სურს”.

მოგვიანებით, ბრიფინგზე, მანვე განაცხადა, რომ არ სჯერა 5 ოპოზიციური ფრაქციის ერთიანობის ხანგძლივობისა, თუმცა იქვე შენიშნა, რომ არც ვახტანგ რჩეულიშვილის ძალისხმევის იმედი აქვს, ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ზუსტად იმ დროს, როცა პრეზიდენტი ბრიფინგს ატარებდა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ვაჟა ლორთქიფანიძის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე თავი მოიყარა არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ არასაპარლამენტო ოპოზიციამაც. ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრობლემა ის საკითხი აღმოჩნდა, რომელმაც ერთ მაგიდასთან დასხა განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების პოლიტიკოსები - ზურაბ ჟვანია, დავით გამყრელიძე, ნინო ბურჯანაძე, ვახტანგ რჩეულიშვილი, ირაკლი შენგელაია, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, კოტე კემულარია, დავით სალარიძე... საეჭვოა, ასეთივე პარტნიორობა ამ კვირას პარლამენტშიც გაგრძელდეს, როცა ახალი მემარჯვენეები სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ. სხვათა შორის, პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, საინტერესოა იმის გარკვევა, თუ რატომ აპირებენ სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტს – იმის გამო, რომ მიცემული პირობა ვერ შეასრულა თუ იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემებია შექმნილი. თუ მთავარი მიზეზი ეს უკანასკნელია, მაშინ სახელმწიფო მინისტრთან ერთად დღის წესრიგში უნდა დადგეს სხვა მინისტრების – უპირველესად, ფინანსთა მინისტრის - პასუხისმგებლობის საკითხიც.
თუმცა, საეჭვოა, ოპოზიციამ ამჯერად მაინც შეძლოს კონკრეტული მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. ეს, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული და ხანგძლივი პროცესია. უპირველესად, უნდა შეგროვდეს 79 ხელმოწერა. ამის შემდეგ საქმე უზენაესმა ან საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს.

ავთანდილ ჯორბენაძესთან დაკავშირებით, თუ საქმე სასამართლომდე მივა, უნდა დადასტურდეს, რომ მან სახელმწიფო ბიუჯეტი შეგნებულად არ შეასრულა. რაც შეეხება მის მიერ პარლამენტისთვის მიცემულ პირობას, - ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადავდგებიო, - საეჭვოა, ამ პირობის შეუსრულებობა სასამართლო განხილვის საკითხად იქცეს. ეს უფრო, ასე ვთქვათ, სხვა დონეზე “გასარჩევი” საქმის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე რომ, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ძალიან დიდ ეჭვს იწვევს.
XS
SM
MD
LG