Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ქართული ბანკის ფინანსურ მაქინაციებზე შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას


დავით პაიჭაძე, თბილისი დაახლოებით ერთი თვის წინ ადვოკატმა ეკა ბესელიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა და გაერთიანებული ქართული ბანკის მესვეურთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

საზოგადოება
მოთხოვნის მიზეზია ბანკის კანონგარეშე ფინანსური ოპერაციები, რომელთაც, ადვოკატ ბესელიასა და გაერთიანებული ქართული ბანკის ყოფილ მეანაბრეთა მტკიცებით, ათეულობით ადამიანი აზარალეს. პოტენციურად პასუხისმგებელ პირთა შორის შეიძლება აღმოჩნდნენ პარლამენტის წევრი ზაზა სიორიძე და ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი.

1999 წელს გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა ( გქბ-მ ) ვადიან სავალუტო ანაბრებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი დააწესა და კლიენტებიც მიიზიდა. თითოეულ მეანაბრესთან კონტრაქტი გააფორმეს და რამდენიმე თვის მანძილზე ბანკი პატიოსნად უხდიდა კლიენტებს კუთვნილ პროცენტს. მაგრამ, ეკა ბესელიას თქმით (რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა ბანკის მე-7 ფილიალის ყოფილ თანამშრომელთა მონაყოლსა და განცხადებებს), მოქალაქეთა შეტანილ თანხას ბანკის სალაროში არ არეგისტრირებდნენ და არალეგალური ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად იყენებდნენ. [ბესელიას ხმა]: “პრაქტიკულად, ეს ფული შავ ბაზარზე მიდიოდა. არსებობდა მეორე, ყალბი შტამპი, რომელსაც ბანკი იყენებდა მოქალაქეებთან ხელშეკრულებების გაფორმების დროს. არსებობდა ყალბი ქვითრებიც. შტამპს წინასწარ ურტყამდნენ მკაცრი აღრიცხვის ქვითრებს და ერთი და იმავე ნომრით რამდენიმე ქვითარს გასცემდნენ. დარწმუნებული ვარ: საპასპორტო განყოფილებებიდან რომ ამოიღონ ეს ქვითრები, ათიათასობით გაყალბებულ ქვითარს აღმოაჩენენ. ამ ინფორმაციამ გაჟონა”.

ინფორმაციის გაჟონვას ტრაგიკული შედეგი მოჰყვა: გაერთიანებული ქართული ბანკის მე-7 ფილიალის სავალუტო განყოფილების უფროსმა ზურაბ ახალბედაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო მმართველი იაგო მაჩაიძე ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ გქბ-ს სათაო ოფისის ხელმძღვანელებსაც: ვანო ჩხარტიშვილს, ზაზა სიორიძეს, ანტონ ინგოროყვასა და თამაზ მაღლაკელიძეს.

დაზარალებულმა მეანაბრეებმა, რომლებიც ამ ტრაგიკული ფაქტების შემდეგ პროცენტებს ვეღარ იღებდნენ, სამოქალაქო სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოში და კუთვნილი ფული მოითხოვეს. მოქალაქეებმა პროცესი წააგეს და გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. ბესელიას თქმით, “მართალია, დავა სამოქალაქო წესით წარიმართა და ჩხარტიშვილმა იყიდა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა საქმე გვაქვს სუფთა კრიმინალთან, სისხლის სამართლის დანაშაულთან, რომლის გამოკვლევასაც ვთხოვ გენერალურ პროკურორს. მე მყავს მოწმეები - ბანკის ყოფილი თანამშრომლები, მთავარი ბუღალტერი, მოლარეები, რომლებიც ხელს ადებენ და ამბობენ: ყველაფერი ხდებოდა ჩხარტიშვილისა და სიორიძის ხელშეწყობით, თორემ ვინ იყვნენ ახალბედაშვილი და მაჩაიძე, რომ ასეთი რამ გაებედათ?! სხვათა შორის, ვანო ჩხარტიშვილის ძმას, შაკო ჩხარტიშვილსაც, ასე ჰქონდა ფული შემოტანილი, 200 ათასი დოლარი ოფიციალური გაფორმების გარეშე და კრახის მოახლოებისას სასწრაფოდ გაიტანა”.

გენერალურმა პროკურატურამ ადვოკატის საჩივარი ქალაქის პროკურატურას გადაუგზავნა, ამ უკანასკნელმა კი – ვაკე საბურთალოს რაიონულ უწყებას. ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ საქმე აუცილებლად აღიძვრება, რადგან საამისოდ საკმარისი საფუძველი არსებობს, ხოლო ვანო ჩხარტიშვილს თუ რამე უშველის, ისევ და ისევ მისი ფული, რომლითაც ყოფილი მინისტრი სასამართლოსა და გამოძიების ყიდვას შეეცდება. და კიდევ ერთი: სამშაბათს, 22 ოქტომბერს, გაერთიანებული ქართული ბანკის მეანაბრენი სახელმწიფო კანცელარიის წინ იკრიბებიან პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG