Accessibility links

logo-print

ირლანდია თანახმაა ევროპის კავშირის გაფართოებაზე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მეორედ გამართულ რეფერენდუმში ირლანდიამ შეიცვალა აზრი ევროპის კავშირის გაფართოების შესახებ.

შარშან ირლანდიელებმა უარყოფითად უყარეს კენჭი ნიცის ხელშეკრულებას, რამაც, ფაქტობრივად, ევროპის კავშირისკენ მიმავალი გზა გადაუღობა კავშირში გაწევრიანების მსურველ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს. ამჯერად რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომოჩეველთა თითქმის ნახევარმა, მათგან 63-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა გაფართოებას.

ახლა ევროპის კავშირის წინაშე არანაკლებ რთული პრობლემები დგას. ესენია: სოფლის მეურნეობის სუბსიდიების განაწილება, რუსეთის ექსკლავის – კალინიგრადის ოლქის მცხოვრებთა გადაადგილება და კავშირში ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კვიპროსის მიღება.

ხუთშაბათს ევროპის კავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან ორდღიან სამიტზე, რომელეზეც ალბათ გადაწყდება კიდეც აღმოსავლეთი ევროპის ათი ქვეყნის მიღების საკითხი. ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარის, დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგტ რასმუსენმა ბრიუსელში განაცხადა, რომ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება საკამათო საკიხებზეც. “ბრიუსელიდან ფეხს არ მოვიცვლით, ვიდრე შედეგს არ მივაღწევთო,” თქვა მან.

ამასობაში, ორშაბათსა და სამშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გაფაროების ხარჯების საკითხს განიხილავენ. არსებობს მკვეთრი უთანხმოება გერმანიასა და საფრანგეთს შორის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის თაობაზე. გერმანიის აზრით, ევროკავშირმა დახმარება უნდა შეუმციროს ფერმერებს და დაზოგილი ფული გაფართოებას მოახმაროს. საფრანგეთი, რომელსაც სუბსიდიებზე დამოკიდებული, ქუჩებსა და გზებზე არეულობათა მომწყობი ფერმერები ჰყავს, მიიჩნევს, რომ ამ საკითხის განხილვა ნაადრევია.

სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა კავშირს წლიურად 40 მილიარდი ევრო უჯდება და გერმანია, ევროკავშირის ბიუჯეტის მთავარი შემავსებელი, ფიქრობს, რომ ბიუჯეტმა შეიძლება ვერ გაუძლოს პოლონეთისა და უნგრეთის მსგავსი არაეფექტიანი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას.

კალინინგრადისა და კვიპროსის საკითხებს ხარჯებთან, მართალია, არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ ისინი არანაკლებ რთული გადასჭრელია. კვიპროსი, როგორც ცნობილია, ორად არის გაყოფილი. სამხრეთ ნაწილს საერთაშორისოდ აღიარებული კვიპროსელი ბერძნები მართავენ, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილია კვიპროსის თვითგამოცხადებული თურქეთის რესპუბლიკა, რომელსაც მხოლოდ თურქეთი სცნობს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუკპუ სინა გურელმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირში კვიპროსის გაწევრიანება მოქიშპე რეჟიმებს შორის ურთიერთობას გაართულებს. თურქეთმა, რომელიც თვითონაც ამაოდ ცდილობს ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატად გახდომას, განაცხადა, რომ არ გამორიცხავს კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილის ანექსიის შესაძლებლობას.

კიდევ ერთი თავსატკივარია რუსეთის კალინინგრადის ოლქი, რომელიც გაფართოების შემდეგ კავშირის წევრი ქვეყნებით – პოლონეთითა და ლიტვით იქნება გარემოცული. ამ რეგიონიდან საკუთრივ რუსეთში ან, პირიქით, იქიდან კალინინგრადის ოლქში მოგზაურობისთვის, რუსეთს შესთავაზეს სპეციალური საშვების შემოღება ან ლიტვის ტერიტორიის გადაკვეთა საგანგებო დალუქული მატარებლით. რუსეთმა ორივე წინადადება უარყო.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტიგ მიულერმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა უკვე გაუწია ხათრი რუსეთს და ახლა უკვე მოსკოვს ჰმართებს მოქნილობის გამოჩენა.
XS
SM
MD
LG