Accessibility links

logo-print

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა აზრით, “ალ-ყაიდა” ამერიკაზე ახალ თავდასხმებს გეგმავს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების მაღალი რანგის ოფიციალური პირების აზრით, “ალ-ყაიდა” ამერიკის წინააღმდეგ გეგმავს ახალ ტერორისტულ თავდასხმებს,

რომელთა მსხვერპლმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გადააჭარბოს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებში დაღუპულთა რიცხვს. გასულ ხუთშაბათს ამის შესახებ კონგრესში ილაპარაკა შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯორჯ ტენეტმა.

ტენეტის თქმით, დღეს ისეთივე საშიში ატმოსფერო სუფევს, როგორც შარშან ზაფხულში. პარასკევს ტენეტის ნათქვამს მხარი აუბა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვულფოვიცმა. მისი სიტყვით, ახალი თავდასხმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით, შეიძლება ისეთი სიძლიერის იყოს, რომ შარშანდელი 11 სექტემბერი საბავშვო თამაშად მოგვეჩვენოსო.

[ვულფოვიცის ხმა] “გახსოვდეთ: საფრთხე, რომელზეც ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ, არის არა 3 ათასი ამერიკელის სიკვდილი ერთ დღეში, არამედ 30 ან 300 ათასის ან, ღმერთმა დაგვიფაროს, შეიძლება სამი მილიონისაც კი.”

ვულფოვიცმა თქვა, რომ “ალ-ყაიდამ” შეიძლება მასობრივი განადგურების იარაღი ჩაიგდოს ხელში, ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინისგანაც, და ის ამერიკის წინააღმდეგ გამოიყენოს.

ტენეტმაც აღნიშნა, რომ “ალ-ყაიდის” ქსელი კვლავაც ქმედითუნარიანია. გასულ კვირაში ტენეტმა სენატის დაზვერვის კომიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ არსებობს კავშირი ერაყსა და ალ ყაიდას შორის. ვულფოვიცმა სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი.

[ვულფოვიცის ხმა] “ტენეტის წერილში მოყვანილია ფაქტები, რომ ათეული წლის განმავლობაში არსებობდა მაღალი რანგის კონტაქტები ერაყსა და “ალ-ყაიდას” შორის. ფაქტები, რომ “ალ-ყაიდის” წევრები ერაყში წვრთნას გადიოდნენ, მათ შორის ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის სფეროში, და ფაქტები იმის შესახებ, რომ ერაყი თავშესაფარს აძლევს “ალ-ყაიდის” ხალხს, მათ შორის მაღალი რანგის წევრებს და, სხვათა შორის, ბაღდადში.”

ზოგიერთ დამოუკიდებელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე კავშირი ისლამისტურ “ალ-ყაიდასა” და სადამ ჰუსეინის სეკულარულ რეჟიმს შორის. სხვანი კი თვლიან, რომ სადამ ჰუსეინი ბოლო დროს ცდილობს ისლამთან დაახლოებას ერაყის რელიგიური წრეებისა და არაბული სამყაროს გულის მოგების მიზნით. რაც შეეხება “ალ-ყაიდას”, თალიბანის მოსპობის შემდეგ, მას ძალიან სჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა.

ტენეტის წერილში ნათქვამია აგრეთვე, რომ ბაღდადი პალესტინურ ტერორიზმთანაც არის დაკავშირებული. ტენეტი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია სოლიდური წყაროებიდან არის მიღებული, მათ შორის “ალ-ყაიდის” იმ წევრებისგან, რომლებიც შეერთებულ შტატებს ჰყავს პატიმრობაში.

თავის გამოსვლაში პოლ ვულფლვიცმა თქვა, რომ წერილში მოყვანილი ინფორმაცია საკმარისია იმ შეშფოების გასამართლებად, რომელიც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოხატა. კერძოდ იმის თაობაზე, რომ ბაღდადის “რეჟიმი მეტისმეტად სახიფათოა და არ შეიძლება მის ხელში მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღის დატოვება.”
XS
SM
MD
LG