Accessibility links

logo-print

ნარკომანიის გავრცელების დინამიკა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში


ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნარკოტიკების მომხარებელთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება,

რაც ამ რეგიონის ქვეყნებს სატრანზიტო გზასთან ერთად ნარკოტიკების გასაღების ბაზრადაც აქცევს. ექსპერტები აცხადებენ, რომ შეშფოთების მთავარი მიზეზი ახალგაზრდებში ჰეროინის მომხარებელთა რაოდენობის ზრდაა, რამაც ბალტიისპირა ქვეყნებში შიდსით ინფიცირების შემთხვევების გახშირებაც გამოიწვია.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნარკოტიკების მოხმარების ზრდასთან ერთად სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება თავად გავრცელებული ნარკოტიკებიც. ამავე დროს, იმპორტირებული ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით კი ჰეროინი, ძალიან სწრაფად ენაცვლება ადგილობრივად წარმოებულ საშუალებებს. ინტრავენური ნარკომანების რაოდენობის ზრდა კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს შიდსის ინფექციის გავრცელებას, რაც განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეინიშნება.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ანგარიშში, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნდა, ევროკავშირის ექსპერტები მდგომარეობას ”მძიმეს” უწოდებენ. ევროპის კავშირის ნარკოტიკებისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის კანდიდატი ქვეყნების განყოფილების მენეჯერი ალექსის გოსდელი აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი ანგარიში, რომელიც საგანგებოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს ეძღვნება. "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტს ეუჯენ ტომიუკს გოსდელი განუმარტავს:

[გოსდელის ხმა] "ამ ანგარიშის მომზადებას დღეს ორი მიზეზი აქვს. პირველია ის, რომ, არსებული მონაცემების თანახმად, ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე კანდიდატ ქვეყნებში ნარკოტიკების მოხმარება გაიზარდა. გარდა ამისა, დავადგინეთ, რომ ეს ზრდა შეეხება როგორც შედარებით ძველ ნარკოტიკებს, როგორადაც ევროკავშირში ჰეროინს მივიჩნევთ, და რომელზე მოთხოვნაც ჩვენში შედარებით სტაბილიზებულია, ისე ახალ, ანუ ხელოვნურ ნარკოტიკებს, როგორიც არის "ექსტაზი", ამფეტამინები და სხვა."

ანგარიშში, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 10 ქვეყანას მიმოიხილავს, ნარკოტიკების მოხმარების სამი ხარისხი განიხილება: საცდელი, გასართობი და პრობლემური. მასში აღნიშნულია, რომ საცდელი და გასართობი მიზნით მარიჰუანისა და ხელოვნური ნარკოტიკების: ”ექსტაზისა” და "ელ-ეს-დი"-ს მოხმარების ზრდა ნაკლებად მიანიშნებს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ზრდაზე. აღნიშნულ ნივთიერებათა მოხმარება უფრო ახალგაზრდობის კულტურის ნაწილი ხდება კანდიდატ ქვეყნებში – ისევე, როგორც ეს ევროკავშირის სახელმწიფოებშია.

რაც შეეხება მოხმარების მესამე სახეს – პრობლემურს – ის უფრო ძლიერ, ინტრავენურ ნარკოტიკებს შეეხება, კერძოდ: ჰეროინსა და ოპიუმის ჯგუფის სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რომელთა მიღებაც, როგორც წესი, მათზე დამოკიდებულებით მთავრდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით კანდიდატ ქვეყნებში იზრდება მძიმე ნარკოტიკების მომხარებელთა რიცხვი და ეს პროცესი ძირითადად ახალგაზრდობის ხარჯზე მიმდინარეობს: ევროკავშირში მომხმარებელთა ეს კატეგორია სულ უფრო ასაკოვანი ხდება.

ჰეროინი რეგიონში ყველაზე პოპულარულ მძიმე ნარკოტიკად რჩება, თუმცა გამონაკლისს აქ ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენს, სადაც პერვიტინის, ანუ ადგილობრივად დამზადებული ამფეტამინის მოხმარება ჭარბობს.

ჩეხეთის რესპუბლიკის პროფილაქტიკური მედიცინის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა ტომაშ ზაბრანსკიმ ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა, რომ მიუხედავად პერვიტინის პოპულარობისა, მის ქვეყანაშიც იზრდება ჰეროინის მოხმარება:

[ზაბრანსკის ხმა] "1998 წლის შემდეგ ჩვენ ჰეროინის მთელს ქვეყანაში გავრცელების მოწმენი ვართ, რაც აქამდე ძირითადად პრაღასა და გერმანიის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ბოჰემიაში იყო კონცენტრირებული. ახლა ჰეროინი მთელს ქვეყანაში, პერიფერიებშიც კი ვრცელდება, სადაც უწინ პირველ ადგილზე, გამონაკლისების გარეშე, პერვიტინი, ანუ მეტა-ამფეტამინი იდგა. ასე რომ, ეს პრობლემის კიდევ ერთი განშტოება გახლავთ."

არსებულ ციფრებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მძიმე ნარკოტიკების გამოყენების თვალსაზრისით ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვენია იმავე დონეზე არიან, როგორზეც ევროკავშირის ქვეყნები, საშუალოდ - მოსახლეობის ნახევარი პროცენტი. ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში კი ეს მაჩვენებელი ერთ პროცენტს აღწევს და 15-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. ინტრავენურ ნარკომანთა ზრდის გამო შიდსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე საგანგაშო მაჩვენებლი ესტონეთს აქვს. ამ მხრივ ანგარიშის ავტორთა ყურადღება მიიქცია ლიტვის ერთ-ერთ ციხეში არსებულმა მდგომარეობამაც. ტომაშ ზაბრანსკი აცხადებს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში ინტრავენურ ნარკომანთა შორის შიდსის გავრცელების ძალიან ცოტა შემთხვევაა, რასაც ჩეხი მკვლევარი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იმ პროგრამის წარმატებით განხორციელებას უკავშირებს, რომელიც ნარკომანებისთვის ნახმარი შპრიცების ახლებზე გადაცვლას ითვალისწინებს.

ევროპის კავშირის სტატისტიკის ოფისის გამოკვლევის თანახმად, კავშირის ქვეყნებში ნარკოტიკების მოხმარების მოტივაციათა შორის პირველ ადგილზეა პრობლემების დავიწყების სურვილი, მეორეზე – მეგობრების მიბაძვის ფაქტორი, მესამეზე კი ოჯახური პრობლემები, რასაც მოსდევს პირადი ურთიერთობების მოუგვარებლობა, მარტოობა და თვითდაჯერების ხარისხის ამაღლების სურვილი; ეს ყველაფერი კი, საფიქრებელია, დიდად არ განსხვავდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების მოტივაციისგან.
XS
SM
MD
LG