Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


1936 წელს ქართველ მომღერალს, ცნობილ ბას-ბარიტონს ვლადიმერ კანდელაკს

ეპიზოდური როლის შესრულება მოუხდა გრიგორი ალექსანდროვის ფილმში “ცირკი”. კანდელაკი იმხანად მოსკოვში, ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში მოღვაწეობდა და ძირითადად, ოპერეტებში მღეროდა. ალექსანდროვის ფილმში მას ქართველი მამაკაცის ზოგადი სახე უნდა შეექმნა – ქართულად უნდა შეესრულებინა “იავნანა” და შავკანიანი ბიჭუნა “დაერწია”. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის” დღევანდელ გადაცემაში ვაგრძელებთ საუბარს ალექსანდროვის “ცირკის” კულტურულ-მითოლოგიურ მოტივებზე.

ამერიკული ცირკის ვარსკვლავი მარიონ დიქსონი, თავის შავკანიან შვილთან ერთად, ძლივს დაეხსნება აქაური რასისტების ბრბოს, რომელიც მის ჩაქოლვას ცდილობს. “ლინჩის წესით” გასამართლებას იგი გერმანელმა ანტრეპრენერმა, კნაიშიცმა გადაარჩინა. მარიონ დიქსონი მას საბჭოთა კავშირში ჩამოყავს და “მთვარეზე გაფრენის” ატრაქციონით, რომელშიც ამერიკელი აკრობატი ქალი მთავარ როლს ასრულებს, მდიდრდება კიდეც. კნეიშიცი ცდილობს მთლიანად დაიმორჩილოს მსახიობი, მაგრამ დიქსონს საბჭოთა კავშირში მრავალი მეგობარი გამოუჩნდება. მათ შორის, ინჟინერი და აკრობატი მარტინოვი, რომელიც ამერიკელ მსახიობს ახალ ატრაქციონზე მუშაობას სთავაზობს. ეჭვიანი და ცბიერი კნაიშიცი მარიონ დიქსონის შანტაჟს იწყებს – ექადნება, რომ მთელ ქვეყანას გაუმხელს მის საიდუმლოს, ყველას ეტყვის, რომ შავკანიანი შვილი ჰყავს. ბოლოს და ბოლოს კნეიშიცი ასრულებს მუქარას, თანაც, ცირკში, წარმოდგენის დროს – “ამ ქალს ზანგისგან შვილი ჰყავს, ცივილიზებულ საზოგადოებაში მისი ადგილი არ არისო”. მაგრამ პუბლიკა მის სიტყვებზე ჯერ ხარხარს იწყებს, შემდეგ კი ხელიდან ხელში გადასცემს შავკანიან ბიჭუნას – “იავნანას” უმღერის...მღერის ყველა: მღერიან რუსები, უკრაინელები, ჩუქჩები, ქართველები (კერძოდ, ვლადიმერ კანდელაკი, თავისი დიდი, შავი ულვაშით), მღერიან ებრაელები, რომელთაგანაც ბედის ირონიით, ერთ-ერთი, ომის შემდეგ, ხელისუფლების მიერ დევნილი მსახიობი, სოლომონ მიხოელსია. “შობეთ რამდენიც გენებოთ – შობეთ შავები, თეთრები, წითლები, თუ გინდათ ცისფრები შობეთ” – ამბობს ამ სიმღერით აღფთოვანებული საბჭთა ცირკის ადმინისტრატორი, მერე კი აყოლებს “საბჭოთა კავშირში ბავშვები უყვართო”.

აი, კაპიტალისტურ ქვეყნებში რომ “ყველა ბავშვი” არ უყვართ, და, საერთოდ, დასავლეთში ეროვნულ უმცირესობებს რომ დევნიან, ამას მაყურებელი მთელი ფილმის მსვლელობის დროს იგებს. მას შემდეგ, რაც მარიონ დიქსონი შეერთებული შტატებიდან გაქცევას მოახერხებს, ეკრანზე ჩნდება უზარმაზარი გლობუსი, რომელზედაც დედამიწა ორადაა დაყოფილი – ერთ მხარეს, შავად აღნიშნული შეერთებული შტატებია, მეორე მხარეს ღიად დატოვებული საბჭოთა კავშირი. შავისა და თეთრის ეს კონტრასტი მთელი ფილმის კონცეფციას განსაზღვრავს. გერმანელი ანტრეპრენერი კნაიშიცი (1936 წელს “გერმანელი” კი საბჭოთა კავშირში აუცილებლად “ფაშისტად” აღიქმებოდა) არენაზე შავ მანტიაშია გამოწყობილი. მის მიერ დადგმულ “ბურჟუაზიულ ცირკს”, ატრაქციონს სახელწოდებით “გაფრენა მთვარეზე” თან ახლავს საშიში, სასიკვდილო ტრიუკები. განსხვავებით საბჭოთა ატრაქციონისგან, რომელსაც “სტრატოსფეროზე გაფრენა” ჰქვია და რომელშიც ნათელი ფერები დომინირებს, ფიზკულტურული კოსტიუმები, მზის შუქი – ეს მომავალი ცხოვრების, სამოთხის, კომუნიზმის თავისებური რეპეტიციაა, რომელიც დუნაევსკის შესაბამისი მელოდიითაა გაფორმებული.

[მუსიკა კინოფილმ “ცირკიდან”]

ალექსანდროვის ფილმის მთავარი გმირი, ლიუბოვ ორლოვას მარიონ დიქსონი თავდაპირველად შავგვრემანია – არენაზე იგი შავი პარიკით გამოდის. მისი პირველი ატრაქციონი – ჰოლივუდის მიუზიკლების პაროდიაა. ორლოვა აქ აშკარად ბაძავს გრეტა გარბოს, ანუ ქალი-ვამპირის სახეს ქმნის.

[მუსიკა. მღერის ორლოვა]

მაგრამ მას შემდეგ, რაც მარიონი კომუნისტური შუქით მოინათლება, ორლოვას გმირი ჩვენს თვალწინ ჩამოიძრობს პარიკს და ქერა ქალის სახით მოგვევლინება – ცოტა არ იყოს მარლენ დიტრიხს ემსგავსება (შესაძლოა, ამიტომაც ჰქვია მარიონი). ეს სახელგანთქმული კადრი, როცა იგი ჯერ სანახევროდ მოიშორებს პარიკს, თან შავგვრემანია, და თანაც ქერა, იმ გლობუსს ჰგავს, ფილმის დასაწყისში რომ გამოჩნდება. სამყარო ხომ, სურათის ავტორთა აზრით, წყვდიადად და სამოთხედაა დაყოფილი. “მიწიერი სამოთხე” მარიონთან ერთად ინჟინერმა მარტინოვმა უნდა შექმნას – გმირები, ახალი ატრაქციონით, სტრატოსფეროსკენ მიფრინავენ, “ ბურჟუაზიული ატრაქციონი მთვარეზე” იცვლება “ატრაქციონით მზისკენ”...იქ, ღამეა, იქ ქალური საწყისი მეფობს (ანუ მთვარე), აქ კი - სინათლე, თვალისმომჭრელი სხივები. იქაურ ატრაქციონში მრგვალი ფორმები ჭარბობდა. აქ- გეომეტრია, სწორი ხაზები და წესრიგი. მზის ღმერთი- საბჭოთა ინჟინერი, გარშემორტყმული მამაკაცებით, რომელთაც ჩირაღდნები უჭირავთ. იმ პერიოდის კულტურული გმირი – იკარუსი უზარმაზარ ზარბაზანში ჯდება და იარაღის გასროლისთანავე ჰაერში აღმოჩნდება. მანამდე ზარბაზანს გერმანელი ანტრეპრენერი იყენებდა, მაგრამ ეს ფალოიდური სიმბოლო ცირკის არენაზე სამჯერ უფრო პატარა ჩანდა, ვიდრე საბჭოთა ზარბაზანი – უფრო გრძელი და უფრო მსხვილი. ამიტომაც შეძლო საბჭოთა ადამიანმა ამ ზარბაზნის გასროლით არა მარტო მთვარის, არამედ მთელი კოსმოსის დაპყრობა. “საბჭოთა ატრაქციონი” ხომ მამაკაცური პოტენციის, სიძლიერის განსახიერება იყო. შემდეგ კი, როცა ატრაქციონი სრულდება და უკვე გარდაქმნილი, კომუნიზმით მონათლული მარიონ დიქსონი საშვიდნოემბრო აღლუმზე წითელ მოედანზე ხვდება, მას ფონს უმშვენებს ლენინისა და სტალინის პორტრეტები. ამბობენ, რომ “ცირკის” ფინალის შემყურე ბელადი სიხარულის ცრემლებს ვერ მალავდა. კინემატოგრაფის მაშინდელი იდეოლოგი შუმიაცკი კი, რომელიც ერთი წლის შემდეგ რეპრსიების მსხვერლი გახდება, “პრავდაში” წერდა: “გრიგორი ალექსანდროვმა მთელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება დაარწმუნა, რომ მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება იყო ბედნიერი. ამ ფილმის ნახვის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების უამრავი პროგრესული ხელოვანი თავშესაფარს მოგვთხოვს”.

დასვლეთში “ცირკი” მართლაც მოეწონათ. მაგრამ საბჭოთა კავშირში თავშესაფარი არავის უთხოვია. უფრო მეტიც, შეერთებულ შტატებში კინოკრიტიკოსებმა შეამჩნიეს, რომ ქერათმიანი ინჟინერი მარტინოვი საოცრად ჰგავდა არიელი ჭაბუკის იმ ტიპს, რომელსაც იმხანად გერმანელი ნაცისტები ამკვიდრებდნენ. მართალია ფილმში “იავნანას’ მღეროდნენ უკრაინელები, ჩუქჩები, ებრაელები და ქართველები – კოსმოსის დამპრყობლის როლში მაინც ეს ახალი “სინთეტიკური ადამიანი” - არიელი-რუსი მოგვევლინა. თავად ცხოვრებამ, ისტორიამ უკარნახა ფილმის ავტორებს ეს ფორმალურ-მითოლოგიური სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე არ შეიცვლება..თუმცა რატომ მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლამდე. იმ სოციოლოგიური გამოკითხვით, რომელიც 3 წლის წინ ჩატარდა მოსკოვში, “ცირკი” ხომ დღესაც ყველაზე პოპულარულ ფილმად ითვლება რუსეთში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG