Accessibility links

საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის დასკვნითი ეტაპი იწყება


საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის დასკვნითი ფაზა იწყება.

ედუარდ შევარდნაძემ ძალოვანებს უცხოელი ბოევიკებისგან ქვეყნის ტერიტორიის სრული გაწმენდა დაავალა.

ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც ხელისუფლებამ პანკისის ოპერაციის ძირითადი ეტაპის წარმატებულად დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ამ წარმატებული დასასრულის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე აღიარებს, რომ პანკისში საეჭო პირები მაინც რჩებიან.

მიუხედავად იმისა, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას მძევალთა გათავისუფლება არ მოჰყოლია, ხელისუფლება ამ ოპერაციის ძირითადი ეტაპის წარმატებულ მხარეებზე, უფრო მეტიც, მის დასრულებაზეც საუბრობდა და პანკისში მიღებული გამოცდილების საქართველოს სხვა მხარეებში გამოყენებას გეგმავდა. ასეთი თვითკმაყოფილების მიუხედავად, ნათელი იყო რომ სპეცოპერაციის ძირითადი ეტაპის წარმატებაზე საუბარი პანკისის პრობლემის ამოწურვას არ ნიშნავდა, რაც პანკისის სპეცოპერაციის შედეგებით კმაყოფილმა საქართველოს ხელისუფლებამ ისევ დასავლეთის კარნახით აღიარა. პანკისის ხეობაში უცხოელ ბოევიკთა გარკვეული რაოდენობის არსებობა ედუარდ შევარდნაძემ მას შემდეგ დაადასტურა, რაც პანკისის თემას ყოველკვირეული ჟურნალი “თაიმი” გამოეხმაურა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “უნდა ვთქვათ, რომ ბოევიკების ძირითადმა მასამ დატოვა საქართველოს ტერიტორია. მათი გარკვეული რაოდენობა რჩება. მე არ შემიძლია გითხრათ, ვინ არიან ისინი, ჩეჩნები თუ არაბები, მაგრამ დავავალე სათანადო სამსახურებს დამატებითი ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ საქართველოში არც ერთი უცხოელი ბოევიკი არ იმყოფებოდეს. რაც შეეხება დაკავებულთა გადაცემას, მე ამას არ გმოვრიცხავ. დაკავებულებს ჩვენ რუსეთსაც გადავცემთ და სხვა სახელმწიფოებსაც.”

ნათქვამით შევარდნაძემ “თაიმის” მიერ გავრცელებული ცნობა არც უარყო და არც დაადასტურა, განსხვავებით უშიშროების სამინისტროსგან, რომლის წარმომადგენლებმაც განმარტეს, რომ ინფორმაცია პანკისში 10-ზე მეტი არაბი ტერორისტის - მათ შორის, ალ-ყაიდას საშუალო რგოლის მეთაურების - დაკავებისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მათი გადაცემის შესახებ სიმართლეს არ შეეფერება და არც პანკისში კიდევ 30 არაბის დაკავების გეგმაა რეალური. “თაიმის” ცნობით, პანკისში დაკავებული არაბი ტერორისტები ამერიკის შერთებულ შტატებში ან დასავლეთის სხვა სახელმწიფოებში ტერორისტული აქტების ჩატარებას გეგმავდნენ. ისინი უკვე გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, ქართველი სამართალდამცავები კი პანკისში კიდევ 30 არაბი ტერორისტის დაკავებას აპირებენ. საქართველოს უშიშროების სამინისტროში ყველაფერ ამას უარყოფენ, თუმცა არ მალავენ, რომ პანკისის ხეობაში ბოევიკთა მცირე დაჯგუფებები ისევ უნდა იმყოფებოდნენ და რომ, შესაძლოა, ამ დაჯგუფებებში ტერორისტობისთვის ძებნილებიც იყვნენ. ასეა თუ ისე, “თაიმის” მიერ გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის შესახებ საქართველოს უშიშროების მინისტრმა ტელეკომპანია “რუსთავი-2” - ის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას შეიტყო.

პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დამატებითი ღინისძიებების გატარება დაიგეგმა. ამდენად, შეკითხვას, არიან თუ არა იქ არაბი ტერორისტები, მით უფრო, ალ-ყაიდას წევრები, პასუხი ოპერაციის ფინალურმა ეტაპმა უნდა გასცეს.
XS
SM
MD
LG