Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის მეომართა ფორუმი ასლან აბაშიძის წინააღმდეგ


აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესი ასლან აბაშიძის გარეშე - ეს იყო აფხაზეთის მეომართა კავშირის ყრილობის ძირითადი თემა,

რომელიც ფორუმის მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში - მიმართვაშიც - აისახა. ყრილობის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტისგან მოითხოვეს დაუყოვნებლივ შეუჩეროს ასლან აბაშიძეს კონფლიქტის მომრიგებლის მანდატი. მეომართა ფორუმზე მრავლად გაისმა აჭარის ლიდერის წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი კომპრომატებიც, რომელთა წერილობითი ასლები, თამაზ ნადარეიშვილის თქმით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იმტვერება.

დევნილ მეომართა აგრესიას ასლან აბაშიძის წინააღმდეგ საფუძვლად უდევს აჭარის ლიდერის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილი, სადაც იგი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების გზებზე საუბრობს.

[ფორუმის მონაწილის ხმა] “ქართველ კაცს არ შეეძლო მასეთი წერილი დაეწერა: გაასხვისე, გახსენი საჰაერო სივრცე, სარკინიგზო, საზღვაო მაგისტრალი და, ბოლოს, ენგურჰესი გადავცეთ აფხაზეთს და აფხაზებმა აქირავონ. მეტი რაღა გინდათ.”

აფხაზურ საკითხში ასლან აბაშიძის პრორუსული პოზიციის ასახსნელად და გასახსნელად საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “აფხაზეთის” ლიდერმა გივი ლომინაძემ გაიხსენა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთ-ერთი რიგითი სამიტი, 1996 წელს მოწვეული. სამიტმა აფხაზეთის ბლოკადაში მოქცევის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც კონფლიქტში დამნაშავედ ოფიციალურად აფხაზეთი სცნო. გივი ლომინაძის აზრით, ამ გადაწყვეტილების ანულირების საშუალებად რუსეთი ეფექტიანად იყენებს ასლან აბაშიძეს, რომელსაც მეომართა ყრილობაზე დევნილებმა ძალზე მძიმე დანაშაულებები გაუხსენეს. მათ აჭარის ლიდერს ბრალი დასდეს არძინბასადმი ქართულ-აფხაზური ომის დროს გაწეულ სამხედრო დახმარებაში. ერთ-ერთი ასეთი ბრალდების მიხედვით, ასლან აბაშიძემ 1993 წლის აგვისტოში სოხუმში დიდძალი იარაღით დატვირთული გემი გაგზავნა, იმავე წლის 27 სექტემბერს თავად დაესწრო ჟიული შარტავას მკვლელობას და, ბოლოს, სოხუმის აღებაც, სეპარატისტების ლიდერთან ერთად, საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. ბრალდება, თანაც ასეთი სიმძიმის, არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს და, ამ თვალსაზრისით, საგულისხმოდ გვეჩვენება აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის გია მხეიძის განცხადება პროკურატურის უმოქმედობის შესახებ. პროკურატურის თაროებზე შემოდებულ 200 ტომად აკინძულ მასალას რა ფასი აქვს, თუ კონფლიქტის გაჩაღებაში და ხალხთა შორის მტრობის ჩამოგდებაში დამნაშავე არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება?-კითხულობს, მეომრების სახელით, დევნილობაში მყოფ მეომართა ლიდერი, რომელიც ცდილობს პოლიტიკაში არ ჩაერიოს, მაგრამ, ცხადია, ერთმნიშვნელოვნად ამას ვერ ახეხებს. მასვე ეკუთვნის ინიციატივა აფხაზეთის კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ და იმ ხელშეკრულებების რევიზიის შესახებ ინიციატივა, რომლებიც საომარ მოქმედებებში მონაწილე ადამიანებს სამშობლოში დაბრუნებას უკრძალავს.

საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის მეომართა კავშირის ეგიდით გამართული ფორუმი გაცილებით ხალხმრავალი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ფიქრობდნენ, არათუ ოპონენტები, კეთილისმსურველებიც კი:

[ყრილობის მონაწილის ხმა] “სად იყვნენ? არ იყო ხალხი გაერთიანებული, არ იყვნენ. გავერთიანდით, მთავარია გაერთიანება. ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ყველა ჩვენს პერიფერიებში. ყველა ერთ აზრზე ვართ დღეს. იყო მომენტი, როდესაც ყველას სხვადასხვა აზრი გვქონდა.წერტილი. ერთი, მაგრამ ზოგი შემოვლითი გზით აკეთებდა, ზოგი პირდაპირი გზით. ახლა უკვე თითქმის ყველანი ერთ გზას დავადექით.” [სტილი დაცულია]
XS
SM
MD
LG