Accessibility links

logo-print

გერმანელი გამომცემლები საკუთარ წარსულს იძიებენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა წარსულის გააზრება და ისეთი მომენტების აღიარება,

რომელიც ადამიანისა თუ ორგანიზაციის პატივსა და ღირსებას არაფერს ჰმატებს, გერმანიაში ბოლო ხანს ჩვეულებრივ ამბად იქცა. ყოველკვირეულ პროგრამაში “ათასწლეულთა მიჯნაზე” დღეს გერმანელ გამომცემბლებზე გესაუბრებით.

გერმანიის სიდიდით მეორე გამოცემლობამ, “ჰოლცბრინკმა”, განაცხადა, რომ საკუთარი წარსულის, კერძოდ 1930-იანი წლების პერიოდის გამოძიებას იწყებს და აღიარებს, რომ მისი დამაარსებელი გეორგ ფონ ჰოლცბრინკი 1933 წელს ნაცისტების პარტიაში შევიდა. შეგახსენებთ: სწორედ ამ წელს მოექცა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის ხელისუფლების სათავეში.

განცხადებამ ერთგვარი სენსაცია გამოიწვია, ვინაიდან ჰოლცბრინკმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელის მეგობრის რეპუტაცია დაიმკვიდრა. ის ფინანსურ დახმარებას უწევდა იერუსალიმში მოქმედ არაერთ დაწესებულებას.

ჰოლცბრინკი არა მარტო გერმანიაში გადაიქცა სიდიდით მეორე გამომცემლობად, არამედ ფეხი მოიკიდა შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და შევიცარიაშიც. მას განსაკუთრებით პატივს სცემდნენ ისეთი პრესტიჟული ავტორების ნაწარმოებთა გამოქვეყნებისთვის, როგორიცაა ბორის პასტერნაკი, თომას მანი, ჟან-პოლ სარტრი, ერნესტ ჰემინგუეი და ტომ ვულფი.

რა მასშტაბებით იყენებდა ჰოლცბრინკი თავის გამომცემლობას ნაცისტების დასახმარებლად და იყენებდა თუ არა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ე.წ. “მონურ შრომას”, გამოძიება დაადგენს. გამომცემლობის სიტყვით, გამოძიებას დამოუკიდებელი გამომძიებელი აწარმოებს. ამ პირის სახელი საიდუმლოდ ინახება.

გამოძიების ინიციატორია ფონ ჰოლცბრინკის ვაჟი, 39 წლის შტეფანი, რომელიც ამჟამად კომპანიას ხელმძღვანელობს. უფროსი ფონ ჰოლცბრინკი 1983 წელს გარდაიცვალა და, საფიქრებელია, რომ არ გაუმხელია შვილისთვის კომპანიის საქმიანობა ნაცისტურ პერიოდში.

გამომცემლობის პრესმდივანმა ჰელგა კონრადმა თქვა, რომ კომპანიამ გამომძიებელს სრული დამოუკიდებლობა და დახმარება აღუთქვა, ყველა საარქივო მასალის გაცნობის უფლების ჩათვლით.

[ჰელგა კონრადის ხმა] ”კომპანია თავს ვალდებულად მიიჩნევს, საკუთარი წარსული გამოიძიოს. გამომძიებელს სრული თავისუფლება მიეცემა და შესაძლებლობა ექნება, საფუძვლიანად შეისწავლოს კომპანიის არქივი. გამოძიების შედეგების გაცნობას საზოგადოება დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შეძლებს.”

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ “ჰოლცბრინკის” ჯგუფი გაძლიერდა და “ბერტელსმანის” შემდეგ გერმანიაში მეორე ადგილი დაიკავა. ქვეყანაში მას ხუთი გამომცემლობა აქვს. ინგლისში მას ეკუთვნის “მაკმილანის” ჯგუფი. ნიუ იორკში მის საკუთრებაში ორი საგამომცემლო სახლია. ის ფლობს, აგრეთვე, შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდეს გამომცემლობა “სან მარტინ პრესს”, ხოლო გერმანიაში უშვებს რესპექტაბელურ ლიბერალურ გაზეთ “ცაიტს”.

გერმანელი კომენტატორები ცდილობენ, არ გამოთქვან ვარაუდები იმის თაობაზე, რას აღმოაჩენს გამოძიება ჰოლცბრინკის წარსულში; ამასთან, ხედავენ მსგავსებას მისი ყველაზე ძლიერი კონკურენტის, “ბერტელსმანის” საგამომცემლო ჯგუფის ამასწინანდელ აღიარებასთან: მიმდინარე თვეში “ბერტელსმანმა” აღიარა, რომ გამოიყენა კავშირები ნაცისტურ რეჟიმთან, რათა ლუთერული რელიგიული ლიტერატურის პროვინციული გამომცემლობიდან მასობრივი ბაზრის მქონე ორგანიზაციად გადაქცეულიყო. ომის შემდეგ ის იქცა მსოფლიოში მედიის ერთ-ერთ ძლევამოსილ იმპერიად, განშტოებებით ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

“ბერტელსმანის” აღიარება მას შემდეგ გაისმა, რაც ამ კომპანიის წარსულს 5 წლის განმავლობაში სწავლობდა ისტორიული კომისია, რომლის შემადგენლობაში იყო ამერიკელი ისტორიკოსი სოლ ფრიდლენდერი, ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

კომისიამ უარყო “ბერტელსმანის” მიერ 1985 წელს გამოქვეყნებული კომპანიის ოფიციალური ისტორია, რომლის თანახმად, გამომცემლობის ომისდროინდელი ხელმძღვანელი ჰაინრიხ მონი ჰიტლერის მედგარი მოწინააღმდეგე იყო და აკრძალული ტექსტების გამოქვეყნების გამო უსიამოვნებებიც კი ჰქონდა. კომისიამ სრულიად საწინააღმდეგო ფაქტები აღმოაჩინა. გაირკვა, რომ მონი შედიოდა ნაცისტური საგანგებო სამხედრო განაყოფის, “ეს-ეს”-ის მხარდამჭერთა ჯგუფში, რომელსაც “ეს-ეს”-ის სალაროში ყოველთვიურად შეჰქონდა ფული. მონი ნაცისტებს სხვა სახის საქმიანობაშიც უწყობდა ხელს. თუმცა, თვითონ ნაცისტური პარტიის წევრი არ ყოფილა.

კომისიამ დაადგინა, რომ “ბერტელსმანმა” დიდძალი კაპიტალი დააგროვა ნაცისტი ჯარისკაცების შესახებ ჰეროიკული ლიტერატურის პუბლიკაციებით. მან დაბეჭდა 1200 დასახელების წიგნი, რომელთა შინაარსზე სათაურებიც მიგვანიშნებს: “ბომბდამშენები პოლონეთის თავზე,” “დღე და ღამე მტრის წინააღმდეგ” და სხვა. ამ წიგნების საერთო ტირაჟი 19 მილიონს აღემატებოდა.

კომისიამ ვერ იპოვა დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ “ბერტელსმანი” თავის სტამბაში, გერმანიის ქალაქ გიუტერსლოში მონურ შრომას იყენებდა. მაგრამ ლიტვის ფილიალში ამას ჰქონდა ადგილი.

“ბერტელსმანმა” წარსულის შეცდომების გამოსწორება სცადა. ის ეკუთვნის გერმანიის იმ 6 ათასზე მეტი კომპანიის რიცხვს, რომლებმაც 2000 წელს გადაწყვიტეს, 4,5 მილიარდი დოლარი გადაეხადათ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ნაცისტები იძულებით ამუშავებდნენ.

კომისიამ, რომელმაც “ბერტელსმანის” ისტორია გამოიკვლია, დაასკვნა, რომ ნაცისტურ პერიოდში მის საქმიანობას განაპირობებდა არა იდეოლოგიური, არამედ კომერციული მოსაზრებები.

“მესამე რაიხის დროს “ბერტელსმანი ბიზნესის ორგანიზაციად რჩებოდა, რომლის საგამომცემლო გადაწყვეტილებები ეყრდნობოდა პროდუქციის გასაღების შესაძლებლობებს, მოგებას, ინვესტიციებს და სხვა ფინანსურ მოსაზრებებს,” ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

გამომცემლობები მხოლოდ ბოლო დროს შეუერთდნენ გერმანიის მრეწველობის იმ სფეროებს, მათ შორის ბანკებსა და საავტომობილო მრეწველობას, რომლებმაც საკუთარი მძიმე ისტორიისთვის თვალის გასწორება გადაწყვიტეს.

ექსპერტების თქმით, გერმანიის გამომცემლობებს საამისოდ იმიტომ დასჭირდათ ესოდენ დიდი დრო, რომ მრავალი მათგანი დღემდე ოჯახურ საწარმოს წარმოადგენს. შესაბამისად, კომპანიის წარსულის გამოკვლევა ნიშნავს მამებისა და პაპების საქციელის შესწავლას, რაც იოლი ამოცანა არ არის.
XS
SM
MD
LG