Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტრეტი – ქართული, პეიზაჟი – ჰოლანდიური


“ქართველები – ევროპული პეიზაჟის ფონზე” – ასეთი სახე იქმნება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფის ნინო ფურცხვანიძის ნამუშევრების გამოფენაზე,

რომელიც თბილისის “ძველ გალერეაში” გაიხსნა. როტერდამის ხედები აქ ჰარმონიულად მოერგო პოპულარული ქართველების პორტრეტებს. ახლა უკვე ქართველი ფოტოგრაფებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ “ევროპელები არიან.”

“ძველი გალერეის” მესვეურებმა როტერდამელი ქართველის, პროფესიით არქიტექტორის, ნინო ფურცხვანიძის ნამუშევრები როგორღაც “შინაურულად” გამოფინეს – ლამაზი ჩარჩოების გარეშე: ერთ მხარეს - ნაცნობი თბილისელების პორტრეტები, მეორე მხარეს – როტერდამის პეიზაჟები. ექსპოზიცია ისეა მოწყობილი, რომ ფოტოგრაფის სახელოსნოში გეგონებათ თავი... ანუ სურათები აქ თითქოს სპონტანურად, გაუაზრებლად დაკიდეს; დამთვალიერებელს არავინ აძალებდა გაეაზრებინა გამოფენის კონცეფცია, რომელიც შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი”. და სწორედ იმიტომ, რომ არ აძალებდა, ავტორის პოზიცია, ვფიქრობ, ყველასათვის მისაღები გახდა. ნინო ფურცხვანიძის პორტრეტებში გარემო არსად იხატება - ფონი, ყოფითი დეტალები, ფაქტობრივად, არ არსებობს, მხოლოდ პოპულარული ქართველების სახეებია აღბეჭდილი. ჰოლანდიურ პეიზაჟებში კი ადამიანი იკარგება და წინა პლანზე არქიტექტურა გამოდის. თავად ნინო ფურცხვანიძე თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. თუმცა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს [ნინო ფურცხვანიძის ხმა]: ”არა მგონია, რომ არქიტექტურა იყოს ჩემი პროფესია, იმიტომ, რომ ადამიანი უფრო მაინტერესებს, ვიდრე სახლი... სახლი მაინტერესებს მხოლოდ როგორც ადამიანის გარემო."

ასეთი სახლი, როგორც “ადამიანის გარემო,” თავის დროზე გენიალურად გამოიხატა ჰოლანდიელი პეიზაჟისტების, ე.წ. “მცირე ჰოლანდიელების”, შემოქმედებაში. ამ მხატვრების სურათებზე საქართველოში თაობები აღიზარდა. მათ შორის ნინო ფურცხვანიძეც. სტილისტურად “ძველ გალერეაში” წარმოდგენილი ქართველთა პორტრეტები ხელოვნების ისტორიაში მენტაკლებად გარკვეულ ხალხს აუცილებლად გაახსენებს “მცირე ჰოლანდიელებს” – ინტიმურობა, კამერულობა, თეატრალურობის უარყოფა აქაც მთავარია. ქართველი ფოტოგრაფი თითქოს ამტკიცებს, რომ ჟანრს ხელოვნებაში მაინცდამაინც არა აქვს მნიშვნელობა, მთავარი ხელოვანის დამოკიდებულებაა იმ გარემოსა თუ ადამიანის მიმართ, რომელსაც აღბეჭდავს.

[ნინო ფურცხვანიძის ხმა]: ”ჰოლანდიური პეიზაჟი იმიტომ არის, რომ ეს კლასიკური საბჭოთა თუ ქართული მხატვრული განათლება დამყარებული იყო ჰოლანდიურ პეიზაჟზე, რომელიც თვითონ ჰოლანდიელებს აღარ ახსოვთ თითქმის... ქართული პორტრეტები კი – მიყვარს ეს ხალხი და იმიტომ გადავიღე. იქ კი იმიტომ დავიწყე პორტრეტების გადაღება, რომ ამ ხალხის დამახსოვრება მინდოდა.”

ნინო ფურცხვანიძე ირწმუნება, რომ თავადაც ვერ ხედავს უფსკრულს საქართველოსა და ევროპას შორის და რომ საქართველო და ჰოლანდია ხელოვნურად არ გაუერთიანებია. თბილისში იგი კვლავაც კომფორტულად გრძნობს თავს.

[ნინო ფურცხვანიძის ხმა]: “ არაჩვეულებრივი მდგომარეობაა. არ მიწყინონ ქართველებმა, მაგრამ სხვა სითბო აქვს საქართველოს... რომ მივდიოდი, ისევე როგორც ბევრ სხვას, ყოფითი პრობლემები მქონდა, თანაც ძალიან შეყვარებული ვიყავი ჩემს ქმარში - ნამდვილად სიყვარულით წავედი. იმიტომ ვცხოვრობ როტერდამში, რომ ჩემი ქმარია იქ, თორემ როტერდამი მე არ ამირჩევია.”

როტერდამი ქართველ ფოტიგრაფს თავად არ აურჩევია. მაგრამ იგი ირჩევს გარემოს თავისი სურათებისთვის. ფოტოგრაფია მისთვის “დამახსოვრებაცაა” და “ფაქტიც”, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ დისტანცია, კულტურული განსხვავებულობა ხშირად მოჩვენებითია და ხელოვნური. ვფიქრობ, იმ ადამიანებს, იმ ქართველებს, რომლებიც ნინო ფურცხვანიძის ფოტოობიექტივში მოხვდნენ, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ადამიანები არა მარტო განსხვავდებიან, არამედ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თუმცა ძნელი სათქმელია, შეიქმნებოდა კი ამ ექსპოზიციით ასეთივე შთაბეჭდილება, ნინო ფურცხვანიძეს ჰოლანდიელთა პორტრეტები და ქართული პეიზაჟები რომ გამოეფინა ერთად, იტყოდა კი ვინმე “ეს პეიზაჟი ევროპის ნაწილიაო”?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG