Accessibility links

ადამიანის უფლებები და გაეროს ლეგიტიმაციის კრიზისი


სოზარ სუბელიანი, თბილისი “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც 21-ე საუკუნის დასაწყისში,” – ეს სიტყვები გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს ეკუთვნის.

მეორე მხრივ, გაეროს კვირეული, რომელიც, ტრადიციულად, 17-დან 24 ოქტომბრამდე აღინიშნება, ამ ორგანიზაციისთვის უაღრესად რთულ პერიოდს დაემთხვა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები, რომ გაეროს ლეგიტიმურობა სერიოზულ კრიზისს განიცდის და მას სულ უფრო მეტად უჭირს იმ როლის შესრულება, რისთვისაც თავის დროზე ეს ორგანიზაცია შეიქმნა. გაეროს წესდება, რომელიც ორპოლუსიან სამყაროზე იყო მორგებული, დღეს უკვე ვეღარც მშვიდობის დაცვის გარანტად გვევლინება, ვერც წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტს იცავს და ვერც ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს, რაც თუნდაც აფხაზეთის მაგალითზეც კარგად გამოჩნდა.

1945 წლის 24 ოქტომბერს ძალაში შევიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, რომლის პირველსავე მუხლში ჩამოთვლილია ის მიზნები, რომელთა დასაცავადაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა. ამ მიზნების მოკლე ჩამონათვალი შემდეგია: საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დაცვა და ამ მიზნით კოლექტიური ღონისძიებების განხორციელება; ერებს შორის მეგობრული დამოკიდებულების განვითარება, ერთა თვითგამორკვევის ხელშეწყობა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის წახალისება.

1948 წლის 10 დეკემბერს გაერომ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლითაც გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა აღიარეს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ამ ორგანიზაციის უპირველესი საზრუნავია. გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის თქმით, ამ ორგანიზაციის საქმიანობის არც ერთი ასპექტი ისე ზუსტად არ უპასუხებს პლანეტის ხალხთა მოლოდინს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა. მისი აზრით, როცა იწყება კონფლიქტი ორ ისეთ ღირებულებას შორის, როგორიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ადამიანის უფლებები, უპირატესობა სწორედ ამ უკანასკნელს უნდა მიენიჭოს: “მართალია, ჩვენი ორგანიზაცია გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან შედგება, მაგრამ ის უფლებები და იდეალები, რომელთა დაცვისთვისაც გაერო არსებობს, ადამიანებს ეკუთვნით. არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, ამოეფაროს ეროვნულ სუვერენიტეტს იმისთვის, რომ დაარღვიოს ადამიანის უფლებები ან თავისი მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები. მიუხედავად იმისა, პიროვნება უმრავლესობის წარმომადგენელია თუ უმცირესობის, მისი, როგორც ადამიანის, უფლებები და თავისუფლებები ხელშეუვალია.”

მიუხედავად ამგვარი განზრახვისა, გაეროს არა აქვს ქმედითი ინსტრუმენტები, რომლებიც მის მიერ დეკლარირებული ღირებულებების დაცვას უზრუნველყოფს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის მინდია უგრეხელიძის თქმით, გაეროს მიერ მიღებული დოკუმენტები, რომელთა მიზანი ადამიანის უფლებების დაცვაა, სწორედ ამით განსხვავდება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისგან: [მინდია უგრეხელიძის ხმა] “ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: თქვენ იცით, რომ არსებობს უნივერსალური დეკლარაცია ადამიანის უფლებათა. მაგრამ ადამიანის უფლებათა ეს დეკლარაცია - ისევე, როგორც პაქტი რომაა ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ - პრაქტიკულად, ვერ მუშაობს იმის გამო, რომ არ არსებობს სპეციალური ორგანო, რომელიც განახორციელებდა კონტროლს ამ უფლებათა დაცვაზე. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დანიშნულება, რომელმაც გაამართლა, არის ის, რომ იგი არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სპეციალური დაწესებულება არსებობს საიმისოდ, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები იქნეს დაცული.” [სტილი დაცულია]

გაეროს ავტორიტეტსა და მის ლეგიტიმურობას მკვეთრი დარტყმა მიაყენა კოსოვოს მოვლენებმა. ცივი ომის დამთავრების შემდეგ ყველაზე მკაფიოდ კოსოვოში გამოჩნდა, რომ გაერო ვერ ახერხებდა დაეცვა მისი მიერ დეკლარირებული უმთავრესი ღირებულებები. ისევ კოფი ანანის სიტყვებით რომ ვთქვათ, მასობრივ დარღვევებს შორის გენოციდი ყველაზე საშინელი დარღვევაა, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში პარალელი არ ეძებნება. ადამიანის უფლებათა ეპოქის ტრაგიზმი სწორედ ისაა, რომ ამ ეპოქაში გაცილებით მეტი ადამიანი ხდება მასობრივი მკვლელობებისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი, ვიდრე ოდესმე ისტორიის განმავლობაში.

ბალკანეთის მოვლენები ამის ნათელი დასტური იყო: საერთაშორისო თანამეგობრობა ნათლად ხედავდა, რომ კოსოვოში სერბეთის ხელისუფლება გენოციდს ახორციელებდა, გაეროს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებდა, რომ საერთაშორისო ჩარევა და გენოციდის შეჩერება აუცილებელი იყო, მაგრამ გაერომ ამ გადაწყვეტილების მიღება, რუსეთის პოზიციის გამო, ვერ შეძლო. გაეროს წესდებით, უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი რუსეთია და, წესდებისავე თანახმად, მას ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება აქვს. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, გაეროს გვერდის ავლით ემოქმედათ. პოლიტოლოგ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ერთმანეთს რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი დაუპირისპირდა: [ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური მიზნების გამო აცხადებს, რომ მთავარი არის ყოფილი იუგოსლავიის, როგორც სახელმწიფოს, სუვერენიტეტი, ხოლო დასავლეთი ამბობს, რომ სუვერენიტეტზე უფრო მაღლა დგას ადამიანების უფლებები, იმ კონკრეტული ადამიანების ბედი, რომლებსაც საკუთარი მთავრობა, და ამ შემთხვევაში მილოშევიჩის მთავრობა, ჩაგრავს და უმოწყალოდ ექცევა.” [სტილი დაცულია]

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, გაეროს წესდების დარღვევაზე წასულიყვნენ, რაც დემოკრატიის ორ უმთავრეს პრინციპს შორის არჩევანის გაკეთებას გულისხმობდა: [ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “დემოკრატია, ერთი მხრივ, მოითხოვს პროცედურების დაცვას, ანუ, თუკი ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ გაერო უნდა ჩაერიოს, პროცედურები უნდა იქნეს დაცული – ამას მოითხოვს დემოკრატია. მაგრამ, მეორე მხრივ, დემოკრატია ისეთი სისტემაა, სადაც პროცედურების დაცვამ გასაქანი უნდა მისცეს ლიბერალურ იდეებს, ლიბერალურ ღირებულებებს და პროცედურების დაცვა სწორედ იმიტომ გახდა საჭირო დასავლურ სამყაროში, იმიტომ მივიდა აქამდე დასავლეთი, რომ უზრუნველეყო პოლიტიკური რეჟიმებისაგან კონკრეტული ინდივიდის და ადამიანის დაცვა. თუკი პროცედურები ამას არ უზრუნველყოფს, რას ნიშნავს მხოლოდ პროცედურების დაცვა? აქ მთავარი არგუმენტი ყოველთვის ის არის, რომ ჰიტლერიც პროცედურების დაცვით მოვიდა. ანუს იუგოსლავიაში მივიღეთ სიტუაცია, როცა დემოკრატიული პროცედურების დაცვის მოთხოვნით ჩვენ უგულებელვყოფდით ლიბერალიზმის მთავარ პრინციპებს და მთავარ ღირებულებებს – კონკრეტულ ადამიანს და მის უფლებებს.” [სტილი დაცულია]

გაეროს სტრუქტურების მოუქნელობა საქართველოშიც კარგად გამოჩნდა, როცა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ამ ორგანიზაციის თითქმის ათწლიან მუშაობას არანაირი ხელშესახები წინსვლა არ მოჰყოლია. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის თქმით, ამის უმთავრესი მიზეზი ამ ორგანიზაციის მუშაობის სტილია, რაც მისი წარმომადგენლების საქმიანობაშიც აისახება: [თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა თავიდან, არ გამართლდა, რადგანაც გაერომ, პრაქტიკულად, 1994 წლიდან მიიღო ოცდაათამდე რეზოლუცია, რომლებიც თითქის ყველა ერთმანეთს წააგავს, მაგრამ არც ერთი არ შესრულებულა. ფაქტობრივად, ყველა იქცა ფარატინა ქაღალდად.” [სტილი დაცულია]

ნადარეიშვილის თქმით, კონფლიქტის ზონაში გაეროს ყველა წარმომადგენელი ერთნაირად იქცეოდა – ისინი ცდილობდნენ არ ეწყენინებინათ არც ერთი მხარისთვის – არც ქართველებისთვის, არც რუსებისთვის და არც აფხაზებისთვის. ამგვარი მიდგომის შედეგი კი ის აღმოჩნდა, რომ, საბოლოოდ, კონფლიქტის მოგვარებამ წინ ოდნავადაც ვერ წაიწია, გაეროს საქმიანობით კი კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამგვარი პოლიტიკის შედეგად კი იზრდება უკმაყოფილება გაეროს საქმიანობით, რაც, ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, საბოლოოდ, შეიძლება თავად გაეროს რადიკალური შეცვლით დამთავრდეს. ამის საბაბად კი, ადვილი შესაძლებელია, ბოლო დროს გამწვავებული ერაყის პრობლემა იქცეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შეერთებული შტატები ვერ მოახერხებს გაერო დაარწმუნოს, რომ ერაყში ოპერაციის დაწყება აუცილებელია მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის: [ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “პრაქტიკულად, ეს, ჩემი აზრით, გახდება ახალი ეპოქის დასაწყისი. კერძოდ, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დასხდებიან და გადაწყვეტენ, როგორი ფორმატი მისცენ გაეროს და იმ მსოფლიო წესრიგს, რაც ყალიბდება. მე ვფიქრობ, რომ გაერო მოითხოვს სერიოზულ ცვლილებებს. გაერო არის ფორმალური გამოხატულება იმ წესრიგისა, რაც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რაც მოქმედებდა ცივი ომის პირობებში. ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ვიღებთ სრულიად სხვაგვარ მსოფლიო წესრიგს, რომელსაც ახალი მსოფლიო სტრუქტურა ესაჭიროება, და გაერო ითხოვს, თავისთავად, გადაფორმატებას.” [სტილი დაცულია]
XS
SM
MD
LG