Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეოლიბერალური პარტია მაინც დაფუძნდა


დავით პაიჭაძე, თბილისი რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებამ ახალი პარტიის დაფუძნების ამბავი შეიტყო: იქმნებოდა ნეოლიბერალური პარტია, რომელსაც ამომრჩევლისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილმა სახეებმა მიაშურეს:

რევაზ შავიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ, ნიკო ორველაშვილმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა. პირველივე საჯარო შეკრების შემდეგ ორიოდე დღე გავიდა და პარტიას ერთი ვალერი გელაშვილიღა შერჩა, რომელსაც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დაემატა. სამშაბათს, 22 ოქტომბერს, ნეოლიბერალური პარტიის პირველ ყრილობაზე სწორედ ამ ორ ადამიანს გავესაუბრე.

ნეოლიბერალური პარტია ჯერ ხეირიანად დაფუძნებული არ იყო, რომ პოლიტიკის, განსაკუთრებით, ქართული პოლიტიკისათვის ჩვეულებრივი სქიზმის ამბავი მალევე გახდა ცნობილი: პარტია დატოვეს რევაზ შავიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და ნიკო ორველაშვილმა. მიზეზი: რევაზ შავიშვილი არ შედგა პარტიის თავმჯდომარედ, ამასთან, წინააღმდეგი იყო რამდენიმე კონკრეტული პიროვნების მიღებისა პარტიის რიგებში. პარტიის სულისჩამდგმელია საქართველოს პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი, რომელმაც, მომავალში გამოჩნდება, დაუშვა თუ არა შეცდომა, როცა შავიშვილსა და ხმალაძეს შეელია. ჩემთან საუბრისას ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიაში ერთიანდებიან მასთან დაკავშირებული ბიზნესმენები და ინტელექტუალური შრომით დაკავებული ადამიანები, მეცნიერები. მათი გაწვევა პარტიაში, დიდწილად, ყოფილმა საერთაშორისო მიმომხილველმა, პოლიტოლოგმა და ამიერიდან პრაქტიკულ პოლიტიკაში გადანაცვლებულმა სოსო ცინცაძემ უზრუნველყო.

ვალერი გელაშვილი, თავისთავად, საინტერესო ფიგურაა: მან 80-ან წლებში დატოვა საქართველო და 1997 წლამდე ლიტვის მოქალაქე იყო. დიდწილად, ლიტვაშივე ააწყო ბიზნესი, რამაც მას სიმდიდრე და გავლენა მოუტანა. ვალერი გელაშვილი ერთგვარი გამონაკლისია ქართველ მილიონერთა შორის, რადგან მას ვერავინ, უკიდურესი მემარცხენე პოპულისტიც კი, ვერ შესწამებს საქართველოს უბრალო მოქალაქეთა ხარჯზე გამდიდრებას. შარშან შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გელაშვილის ქონება 26 მილიონ ლარს აღემატება. დღეს საქართველოში ვალერი გელაშვილს უძრავი ქონების ბიზნესი აქვს. ჩვენთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქმიანობის გაშლას უფრო საქართველოს რეგიონებში აპირებს [გელაშვილის ხმა]: “თბილისი დღეს გადატვირთულია პოლიტიკური პარტიებით და აქ აზრი არა აქვს, თუმცა ორი ოფისი მაინც გვექნება. უკვე ვიყიდეთ ოფისი გორში, ვაპირებთ რუსთავში, ქუთაისსა და ახალციხეში”.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება, რაც დიდი დრო არ არის ახალი და სრულიად უცნობი პარტიისათვის ავტორიტეტის მოსახვეჭად. ნეოლიბერალთა სამომავლო ტაქტიკის შესახებ მათი არაფორმალური ლიდერი შენიშნავს [გელაშვილის ხმა]: “პირველ რიგში, შევეცდებით მაჟორიტარ დეპუტატებზე გავაკეთოთ აქცენტი. მაჟორიტარების გავლენით თუ ვიმოქმედებთ. რაიონებში მაჟორიტარებს მივაღებინებთ არჩევნებში მონაწილეობას და, მათთან ერთად, პარტიის იმიჯიც აიწევს”.

არაფორმალურ ლიდერს ვალერი გელაშვილს იმიტომ ვუწოდებთ, რომ პარტიას თავმჯდომარე არ ეყოლება და კოლეგიალურ მართვას დაექვემდებარება. თუმცა ამთავითვე ნათელია, ვინ გაუძღვება აღლუმს პარტიაში. ვალერი გელაშვილი ამბობს, რომ ეს წამოწყება მას უღირს და მზად არის მოსალოდნელი ხარჯებისათვის.

რაც შეეხება პარტიის იდეოლოგიას და საბაზო პრინციპებს, შესაბამისი შეკითხვით სოსო ცინცაძეს მივმართე. მისი თქმით, პარტია სოციალურ-ლიბერალური მიმართულებისა იქნება, მისი იდეოლოგია განსხვავდება კლასიკური ლიბერალიზმისაგან. თავისუფლებით უნდა ისარგებლონ მდიდრებმაც და ღარიბებმაც [სოსო ცინცაძის ხმა]: “მოკლედ რომ ვთქვა, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ნებისმიერ მოქალაქეზე, იმაზეც კი, ვინც წარუმატებელია კერძო სექტორში, თავისუფალ ბაზარში, ვინც საბაზრო ეკონომიკას ვერ შეეგუა”.

რაც შეეხება ბატონებს – ხმალაძესა და შავიშვილს, ვალერი გელაშვილმაც და სოსო ცინცაძემაც სინანულით აღნიშნეს პარტიიდან მათი წასვლა; მაგრამ რა გაეწყობა – გელაშვილის აზრით, თავმჯდომარის ფაქტორს, შეიძლება, ბევრი დაეფრთხო, კოლეგიალური მართვა კი მეტ ადამიანს მოიზიდავს პარტიაში.
XS
SM
MD
LG