Accessibility links

logo-print

რას ჰპირდება ცენტრალური ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს?


2002 წლის 4 ივლისს შექმნილ სპეციალურ სამთავრობო კომისიას ზარალის მასშტაბები ჯერ ბოლომდე არ დაუზუსტებია, რადგანაც მას სტიქიურ უბედურებათა მეტად ვრცელ ნუსხასთან ჰქონდა საქმე.

ყველაფერი ძლიერი ქარიშხლით დაიწყო, რომელსაც სხვადასხვა დროს წყალდიდობათა მთელი სერია, საშინელი მეწყერი და გამანადგურებელი სეტყვა მოჰყვა. სოფლის მეურნეობის კუთხით, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ვენახის სოკოვანმა დაავადებებმა და უხარისხო შხამქიმიკატებმა. მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებს სახელმწიფო ჯერ ბევრს ვერაფერს ჰპირდება.

ერთადერთი, რაზე საუბარიც პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ინიციატივით დაიწყო, გლეხებისთვის მიწის გადასახადის შემსუბუქება გახლავთ. თუმცა ეს მთლად თბილისში გადასაწყვეტი საკითხი არ არის, რადგანაც ხსენებული სახის გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტებში აკუმულირდება. რაც შეეხება თავად იდეის სამართლიანობას, მას სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროც ეთანხმება და სტიქიით დაზარალებული გლეხებისთვის შეღავათების დაწესებას აუცილებლად მიიჩნევს.

მას შემდეგ, რაც სამთავრობო კომისია ზარალის მასშტაბებს საბოლოოდ დაადგენს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სავალალო შედეგების ლიკვიდაციისა და საერთაშორისო დონორთა ძებნა-ძიების პროცესში უფრო აქტიურად მოუწევს ჩართვა. საგულისხმოა, რომ ამ მხრივ მას გამოცდილება, მართლაც, დიდი აქვს, რადგანაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სტიქიურ უბედურებათა შედეგების სარეაბილიტაციო პროგრამებზე ზრუნვა სწორედ ამ უწყებას უწევდა. იმისათვის, რომ ქვეყანა მუდმივად დონორების იმედად არ იყოს, სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტში მუდმივად უნდა იყოს ჩადებული გარკვეული თანხა, რომელიც ამ ტიპის უბედურებათა ლიკვიდაციას მოხმარდება და რომლის განკარგვაც საგანგებო საქმეთა დეპარტამენტის უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ამ მიზნით, მართლაც, არის გათვალისწინებული 3 მილიონი ლარი, მაგრამ ეს თანხა მეტად უსუსურად მოგვეჩვენება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ზარალი, წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს.

დაუზუსტებელი გათვლებით, ჯერ მხოლოდ სოფლის მეურნეობის კუთხით, ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. კირვალიძის თქმით, სტიქიამ ხორბლის საშემოდგომო ნათესები ისე გაანადგურა, რომ წლევანდელი მოსავალი შარშანდელზე 30 პროცენტით ნაკლები იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე გაცილებით მეტი დაითესა. რაც შეეხება ყურძენს, რთვლის შედეგები ჯერ არ დაჯამებულა, მაგრამ ამ მხრივაც მეტად სავალალო ვითარებაა: უმოწყალო სეტყვის გარდა, ყურძნის მოსავლის კატასტროფული სიმცირე ვენახის სოკოვანმა დაავადებებმა გამოიწვია. საქმე ის გახლავთ, რომ მოჭარბებული ნალექების შემხედვარე გლეხებმა ვენახების შეწამვლა ვერ მოახერხეს, თუმცა ვინც მოახერხა, ფალსიფიცირებული პრეპარატების გამო, კარგი დღე, ხშირ შემთხვევაში, არც მათ დაადგათ. ცნობისთვის: იმავე პრობლემის გამო შარშან ჯერ მარტო სიღნაღის რაიონში 3 ათასი ჰექტარი ვენახი დაიღუპა. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მინისტრი გლეხებს სიფრთხილეს ურჩევს: (დავით კირვალიძის ხმა) “ყველა ფერმერმა სასურველია თავი შეიკავოს საეჭვო წარმოშობის პრეპარატების ყიდვისგან. შეიძინონ მხოლოდ და მხოლოდ იმ ოფიციალურ მაღაზიებში, რომლებიც გახსნილია რაიონებში, რადგანაც ამ შემთხვევაში ის მაღაზიები აგებენ პასუხს იმ პრეპარატზე, რომელიც იყიდება”.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მასშტაბით განფენილი ამ ტიპის კერძო მაღაზიები, რომლებსაც, ერთგვარად, მცენარეთა დაცვის სამსახური ზედამხედველობს, მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრირებული პრეპარატებით ვაჭრობს. და მაინც, თუკი გლეხმა რომელიმე მათგანში უხარისხო შხამქიმიკატები შეიძინა, სულ მცირე, პასუხისმგებელ პირთა დადგენა მაინც არ გაუჭირდება. ასე რომ, თუკი სტიქიას ვერაფერს ვუხერხებთ, ის უბედურება მაინც ავიშოროთ თავიდან, რაც შეგვიძლია.
XS
SM
MD
LG