Accessibility links

logo-print

ერევნის შეხვედრამ ერთობლივი პატრულირების შესახებ ხმაურს წერტილი დაუსვა


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სასაზღვრო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრამ ერევანში საბოლოოდ დაუსვა წერტილი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთის ერთობლივი პატრულირების შესახებ ატეხილ მითქმა-მოთქმას.

17 ოქტომბერს გენერალ ვალერი ჩხეიძისა და კონსტანტინ ტოცკის მიერ ხელმოწერილ ოქმში მხარეებმა საზღვრის ერთობლივი დაცვის ყველა ცივილიზებული ასპექტის შესახებ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, გარდა ერთისა: დოკუმენტი უფლებას არ აძლევს რუს მესაზღვრეებს მისდიონ საზღვრის დამრღვევებს საქართველოს ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ 20 კილომეტრიან ბუფერულ ზონაში, რასაც რუსეთის მხარე ადრე მოითხოვდა.

ქართველ და რუს მესაზღვრეებს სულ ორი კვირა დასჭირდათ იმისთვის, რომ ხორცი შეესხათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ კიშინიოვში იმპროვიზირებულად მიღებული წინასწარი შეთანხმებისათვის. თუმცა დავალება არც ისე მარტივი შესასრულებელი გახლდათ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ხელმოწერილი თითქმის ყველა შეთანხმება, როგორც წესი, დღენაკლული აღმოჩნდა. ასე რომ, სამხედროებს ისე უნდა ჩამოეყალიბებინათ ერთობლივი პატრულირების იდეა, რომ იგი ქაღალდზე არ დარჩენილიყო. ეს კი თავდაპირველად შეუძლებელი ჩანდა. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებს სურდათ დოკუმენტში ჩაწერილიყო პუნქტი, რომელიც რუს მესაზღვრეებს უფლებას მისცემდა, საჭიროების შემთხვევაში, იარაღით ხელში გადასულიყვნენ საზღვრის იმ მონაკვეთზე, სადაც უკონტროლო შეიარაღებული ძალის გადაადგილება დაფიქსირდებოდა. ასეთი ადგილები საქართველო-რუსეთის საზღვრის 80 კილომეტრიან ჩეჩნეთის მონაკვეთზე საკმაოდ ბევრია.

საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო თანამშრომლობის ამგვარი ფორმა, რადგან, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, ეს იქნებოდა ეროვნული ინტერესების საზიანო.

[თედო ჯაფარიძის ხმა] "მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ არავითარ შემთხვევაში ერთობლივი ღონისძიება არ გულისხმობს ჩვენს ტერიტორიაზე ან რუსეთის ტერიტორიაზე შერეული ან ერთობლივი რაზმების მოღვაწეობას. ამიტომ ჩვენი სუვერენიტეტი, რაც საზოგადოებას აწუხებს, დაცული იქნება სრულად."

მეორე მხრივ, თუ ძალიან ძნელია ერთობლივი ეწოდოს მოქმედებას, როდესაც ქართველი მესაზღვრე საკუთარ საგუშაგოზე ამყარებს წესრიგს და რუსი – საკუთარზე, ან როცა, მოცალეობის ჟამს, ორი საგუშაგო ერთმანეთს ზოგჯერ "ცხელი ხაზზე" შეეხმიანება, საბედნიეროდ, არსებობს მზამზარეული გამოცდილება და კარგად აპრობირებული ტერმინები, რაც შესაძლებლობას იძლევა პოლიტიკოსებსაც მოულბო გული და ოპონენტებიც დაარწმუნო, რომ საზღვარზე, მართლაც, მჭიდრო თანამშრომლობა იწყება.

[ვალერი ჩხეიძის ხმა] "გაუგებრობა თქვენ შექმენით, ჟურნალისტებმა, თორემ ჩვენ, მესაზღვრეებმა, ძალიან კარგად ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ესენი[რუსები-კ.ლ.] პატრულირებას ახორციელებენ თავიანთ ტერიტორიაზე, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ტერიტორიაზე. ვუთანხმებთ დროს ერთმანეთს, ვცვლით ინფორმაციებს სიხშირეების შესახებ, დათქმული გვაქვს წერტილი საზღვრის მონაკვეთზე, სადაც შევხვდებით და ინფორმაციას გავცვლით, თუ პატრულირების მხარეს ჩვენ რა დავინახეთ და იმათმა რა დაინახეს."[სტილი დაცულია]

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ რეჟიმში ქართველი და რუსი მესაზღვრეები ოქმის გაფორმებამდეც მუშაობდნენ. ყოველ შემთხვევაში, გენერალი ჩხეიძე და მისი რუსი კოლეგები ადრეც ირწმუნებოდნენ, ჩვენ შორის ისეთი კარგი კოორდინაცია არსებობს, რომ ლამის თითოეული სასაზღვრო განწესის გადაადგილების დრო და გრაფიკი ვიცითო. და თუკი თანამშრომლობის ასეთი ფორმა ერთ მშვენიერ დღეს ყავლგასული აღმოჩნდა რუსეთისთვის, მაშინ საკითხავია, ასე ერთბაშად რამ შეცვალა "ჭირვეული მეზობელი"?

[ვალერი ჩხეიძის ხმა] "ნუ, ეხლა მივედით იმ დასკვნამდე, რომ მოდიან ამაზე."

ასეთი უცნაური პოლიტიკური ნაბიჯების კომენტირებისას იუმორი ყველაზე კარგი გამოსავალია. თუმცა, თუ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული რთული ოპერატიული ვითარება დეკლარირებული თანამშრომლობის დონეზე დარჩა, მაშინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში საშიში გაწბილების პერიოდი კვლავ მალე დადგება.
XS
SM
MD
LG