Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხდა თუ არა ალ ყაიდას ტერორისტების ექსტრადიცია საქართველოდან?


რამდენიმე დღეა, შეერთებული შტატების პრესა, კერძოდ კი 20 ოქტომბრის ჟურნალი ”ტაიმი” და 22 ოქტომბრის გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” საქართველოდან შეერთებულ შტატებში არაბი ტერორისტების ექსტრადიციაზე აქვეყნებენ მასალებს.

რა ხდება რეალურად: შეესაბამება, თუ არა სინამდვილეს ამერიკის პრესაში მოყვანილი ფაქტები და როგორია საქართველოს ოფიციალური პოზიცია?

”ვაშინგტონ პოსტი” ნაწილობრივ ”ტაიმის” ინფორმაციას ეყრდნობა და, თავის მხრივ, არაბი ტერორისტების შეერთებული შტატებისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის დამაჯერებლობისთვის საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანს კახა იმნაძეს იმოწმებს. ”ვაშინგტონ პოსტის” თანახმად, კახა იმნაძე ადასტურებს არაბი ტერორისტების შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის ფაქტს. არადა, ერთი დღით ადრე საქართველოს უშიშროების სამინისტრომ ეს ფაქტი არ დაადასტურა. სამშაბათს კახა იმნაძემ გამართა ბრიფინგი, რომელზეც, მართალია, აღიარა პანკისის ხეობაში რამდენიმე არაბის დაკავების ფაქტი, მაგრამ დასძინა, მხოლოდ გამოძიების შედეგად გაირკვევა, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ”ალ ყაიდასა” და პანკისში დაკავებულებს შორისო. დაკავებულთა ვაშინგტონისთვის გადაცემის ფაქტი იმნაძემ კატეგორიულად უარყო და მათი რაოდენობის დაზუსტებაზეც უარი განაცხადა.

არადა, ”ვაშინგტონ პოსტი”, როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ კახა იმნაძესთან სატელეფონო საუბარს იმოწმებს, როცა ამტკიცებს, რომ საქართველომ შეერთებულ შტატებს ”ალ ყაიდასთან” დაკავშირებული 15 პირი გადასცა. გაზეთი, აგრეთვე, ბეჭდავს იმნაძის შემდეგ კომენტარს: "დაკავებულებს ჰქონდათ როგორც მაროკოსა და ეგვიპტის, ასევე ევროპული პასპორტები, მაგრამ მათი ალ ყაიდასთან კავშირის დადგენა ქართველებმა ამერიკელებს მიანდეს."

მაინც, რა ხდება სინამდვილეში? მოხდა თუ არა არაბი ტერორისტების ექსტრადიცია საქართველოდან შეერთებულ შტატებში?

გასაგებ მიზეზთა გამო ამ სპეციფიკურ საკითხში ჩვენ ისევ და ისევ რესპონდენტთა კომპეტენციის ფარგლებში ვრჩებით. უნდა აღინიშნოს, რომ სურათი არ იცვლება: საქართველოს უშიშროების სამინისტრო თავს იკავებს ”ტაიმისა” და ”ვაშინგტონ პოსტის” პუბლიკაციების კომენტირებისგან, თუმცა თავისთავად პოზიციას საინტერესოდ აყალიბებს. აი, რა მითხრა სატელეფონო საუბრისას უშიშროების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ალასანიამ:

[ირაკლი ალასანიას ხმა] ”უშიშროების სამინისტროს პოზიცია ასეთია: პირველი, რომ ”ტაიმის” და ”ვაშინგტონ პოსტის” საგაზეთო პუბლიკაციებს არანაირ კომენტარს ჩვენ არ ვუკეთებთ, მაგრამ ”ტაიმის” პუბლიკაციაში აღწერილი მოვლენები და ფაქტები ჩვენთვის – უშიშროების სამინისტროსთვის – უცნობია. რაც შეეხება ექსტრადიციის საკითხს, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი მხრიდან არ ყოფილა არც ერთი პიროვნება ექსტრადირებული. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ასეთი ფაქტები ყოფილა, მათ შორის – რუსეთში.”

ჟურნალ ”ტაიმის” პუბლიკაცია ნიშანდობლივი გახლავთ იმ მხრივ, რომ იქ სპეციფიკური ფაქტებია მოყვანილი, რაც ინფორმაციის წყაროს პროფესიონალიზმზე მიუთითებს. თუმცა, ავტორი არავითარ წყაროს არ ასახელებს. ”ტაიმი” არაფერს ამბობს კონკრეტულად საქართველოდან შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის ფაქტზე, არამედ აცხადებს, რომ პანკისში დაკავებული ათზე მეტი არაბი ტერორისტი, მათ შორის ორი მეთაური, გუანტანამოს ციხეში იმყოფება. აი, ერთი ციტატა ”ტაიმის” 20 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან:

“წმენდა თამამი ოპერაციით დაიწყო. მიიღო რა ამერიკის დაზვერვის საგანგაშო ცნობა, საქართველოს უშიშროების ძალების მცირერიცხოვანი ჯგუფი, ამერიკელთა მიერ გაწვრთნილი მეთაურის ხელმძღვანელობით, პანკისის ხეობისკენ გაეშურა და ავტომანქანას ჩაუსაფრდა. ქართველებმა მძღოლი მოკლეს და ტყვედ იგდეს მანქანის სამი მგზავრი, რომელთაგან სამივე ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი არაბი გამოდგა. როგორც რეგიონში მოქმედ არაბ მეომრებთან დაკავშირებული ჩეჩენი პარტიზანები აცხადებენ, ოპერაციის შედეგად მთელს ხეობას შიში მოედო. მათივე თქმით, ყველა მებრძოლს უბრძანეს, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, არ დატოვონ თავიანთი ადგილსამყოფელი და თავი აარიდონ კონტაქტებს უცნობ ადამიანებთან. მაგრამ ამ ბრძანებამ ვერ დაიცვა ოპერაციის შემდგომი ობიექტები. ჯერჯერობით პანკისის ხეობაში საქართველოს მიერ ჩატარებული წმენდების შედეგად ბადეში გაეხვა ათზე მეტი არაბი მებრძოლი, მათ შორის ორი მაინც “ალ-ყაიდის” საშუალო რანგის ლიდერია. თითქმის დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანი კუბის ქალაქ გუანტანამო ბეიში, შეერთებული შტატების კუთვნილ პატიმართა დაკავების ცენტრში იმყოფება.”

თუ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, ოფიციალური თბილისის პოზიციას ერთიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ის, რომ საქართველო საერთაშორისო ტერორიზმთან ბროლის კონტექსტში მსოფლიოსთვის და, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისთვის აქტუალურად რჩება, სამწუხაროდ, ეჭვს არ იწვევს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG