Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მეთვალყურეები ფლორიდის შტატში არჩევნებს დაესწრებიან


ანდრო ეული, პრაღა ერთობ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა აშშ-ის მთავრობამ, როცა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მიიწვია არჩევნებზე დასასწრებად ფლორიდის შტატში.

ეუთო, როგორც წესი, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მოწყობილ არჩევნებს უწევს მეთვალყურეობას. როგორც ეუთოს წარმომადგენელმა განაცხადა, მიწვევა ამერიკის მთვრობისგანაა მიღებული. ეუთოს დელეგაცია 5 ნოემბრისათვის დანიშნულ, ე.წ. საშუალედო არჩევნებს გაუწევს მეთვალყურეობას ფლორიდის შტატში, სადაც 2000 წელს მომხდარმა პრობლემებმა 5 კვირით დააყოვნა აშშ-ის პრეზიდენტად ჯორჯ ბუშის არჩევა.

კონგრესის საშუალედო არჩევნებს ფლორიდაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა უწყების ექსპერტები გაუწევენ მეთვალყურეობას. ეს უწყება, ჩვეულებისამებრ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, აგრეთვე სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ესწრება არჩევნებს და აქვეყნებს საანგარიშო მოხსენებას იმის თაობაზე, თუ რამდენად უპასუხებდა ეს არჩევნები ეუთოს სტანდარტებს.

ეუთოს მეთვალყურეები ხშირად აკრიტიკებენ არჩევნებს დემოკრატიული სტანდარტების დარღვევებისთვის, როცა მაგალითად ცალკეულ ამომრჩევლებს უარს ეუბნევიან რეგისტრაციაზე, ან ზღუდავენ პოლიტიკურ პარტიათა უფლებებს.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ეუთო შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებს გაუწევს მეთვალყურეობას. როგორც ეუთოს წარმომადგენელმა, იენს-ჰაგენ ეშენბახერმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ფლორიდაში მისიის გაგზავნის შესახებ თხოვნით ეუთოს აშშ-ის მთავრობამ მიმართა. ეშენბახერის თქმით, ეუთოს ექსპერტები შეეცდებიან გაარკვიონ, რამდენად აღმოფხვრა აშშ-ის მთავრობამ ის ხარვეზები, ხმების დათვლის დროს რომ მოხდა ფლორიდაში 2000 წელს, რამაც პრეზიდენტ ბუშის არჩევა დააყოვნა.

იენს-ჰაგენ ეშენბახერმა განაცხადა, რომ, მართალია უწინ ეუთო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ბალკანეთის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს უწევდა მეთვალყურეობას, სულაც არ არის უჩვეულო მისი მისიის დასწრება არჩევნებზე დასავლეთის ქვეყნებში. ”ეს არ პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ შეფასება მივეცით არჩევნებს – საპრეზიდენტო არჩევნებს – საფრანგეთში და ახლა თურქეთშიც ვაპირებთ ექსპერტების გაგზავნასო” – განაცხადა ეშენბახერმა.

შეთანხმებაში, რომელიც 1990 წელს დაიდო კოპენჰაგენში, ჩამოყალიბებულია ის ძირითადი პირობები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლადაა აუცილებელი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეთვალყურეების დასწრება ხელს შეუწყობს არჩევნების სამართლიან ჩატარებას.

ეუთოს წარმომადგენის ცნობით, შვიდკაციან დელეგაციას, რომელიც შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა უწყების დირექტორი, შვეიცარიელი დიპლომატი ჟერარ სტუდმანი უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG