Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ევროგაერთიანებასთან პრობლემის მოგვარებას სავალუტო ფონდის მეშვეობით შეეცდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის 24 ოქტომბერს დაწყებულ მისიაზე დიდ იმედებს ამყარებს. თუ ადრე მთავრობა თავად ფონდთან ურთიერთობაში შექმნილი პრობლემების

გადაწყვეტაზე ზრუნავდა, ამჟამად მისიის მხრიდან ევროგაერთიანებასთან დაძაბული ურთიერთობის მოგვარებაში დახმარების იმედი აქვს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ მისიას საქართველოს მთავრობა გარღვეული ბიუჯეტით, ტრადიციული ფისკალური პრობლემებით და საგარეო ვალდებულებებთან დაკავშირებული სირთულეებით ხვდება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ამ ვიზიტთან დაკავშირებით მისთვის ბოლო დროს დამახასიათებელ ოპტიმიზმს გამოხატავს. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ფონდთან შეთანხმებული პროგრამის პარამეტრები დაცულია და ქართულ მხარეს პრობლემები არ უნდა შეექმნას, არც ფულად-საკრედიტო, არც ფისკალური და არც ხაზინის რეფორმირების თვალსაზრისით.

ფონდის მისია 10 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე საბიუჯეტო პარამეტრების გარდა, მომავალი წლის საბიუჯეტო მაჩვენებლებსაც განიხილავს. თუ წინა წლების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მისიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, შესაძლოა, უმნიშვნელო კორექტივი შეიტანოს. როგორც წესი, ამგვარი კორექტივები მთავარი ეკონომიკური კანონის შემოსავლების ოპტიმიზაციის კუთხით კეთდება ხოლმე.

მოლაპარაკებისას საბიუჯეტო სფერო, ტრადიციულად, პრიორიტეტული მიმართულება იქნება, თუმცა ამჯერად მთავრობა ყველაზე მეტად ევროგაერთიანებასთან შექმნილი პრობლემების მოგვარებაში ფონდის მისიონერებისაგან მოსალოდნელ დახმარებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ფონდი, ტრადიციულად, ხშირად გამოდის შუამავლის როლში ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ კრედიტორ ქვეყნებს შორის. შესაბამისად, მთავრობა შეეცდება მისიონერები ევროგაერთიანებისგან 47 მილიონიანი გრანტის მიღების აუცილებლობაში დაარწმუნოს. ფინანსთა სამინისტროს რწმუნებით, საქართველოს ამ გრანტის მისაღებად ყველა პირობა შესრულებული აქვს. კერძოდ, პრივატიზების სფეროში 30-მდე ობიექტი გასხვისებულია, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროები დაფინანსებულია. მიუხედავად ამისა, ევროგაერთიანება თანხების გამოყოფას აფერხებს, რის ძირითად მიზეზადაც ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცებას ასახელებენ.

თუ ევროგაერთიანება წლის ბოლომდე ამ გრანტს არ გადმორიცხავს, ისედაც 82 მილიონი ლარით ”გარღვეულ” ბიუჯეტს ზედმეტად კიდევ 47 მილიონი ლარი დააკლდება, რაც, ადვილი წარმოსადგენია, რისი მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.
თუ ევროგაერთიანებასთან შექმნილ პრობლემას ვერც სავალუტო ფონდის დახმარებით გადავწყვეტთ, მთავრობა, ალტერნატივის სახით, საბიუჯეტო ხარჯების ეროვნული ბანკის კრედიტით დაფინანსების წინადადებით გამოვა, ზედმეტი 47 მილიონის ბაზარზე გადმოსროლისათვის კი მთავრობას ისევ და ისევ სავალუტო ფონდის დასტური დასჭირდება.
XS
SM
MD
LG