Accessibility links

logo-print

პოპულიზმი ხელს უშლის სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას


სამხრეთი ოსეთის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით პორტუგალიაში დანიშნული ოთხმხრივი შეხვედრის წინ, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება თვალის გადავლება თბილისი-ცხინვალის

ურთიერთობაში ამჟამად შექმნილი სიტუაციისთვის. ამ საკითხზე გვინდა გაგაცნოთ "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტის ჟან-კრისტოფ პეკის შთაბეჭდილება. იგი სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოდან პრაღაში დაბრუნდა.

ჟან-კრისტოფ პეკიც შენიშნავს, რომ თბილისი-ცხინვალის ურთიერთობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა დაძაბვასთან ერთად გართულდა. რადგან ეს დაძაბულობა პანკისის მოვლენების პარალელურად ვითარდება, ლოგიკურია ვაშინგტონის შეშფოთებაც, რომელიც მან 10 ოქტომბერს ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე გამოხატა ცხინვალთან კონფლიქტის მოგვარების გაჭიანურების გამო. ვენაში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თბილისისა და ცხინვალის ბოლოდროინდელი განცხადებები სამართალდამცავებისა და შეიარაღებული ძალების მობილიზების შესახებ დესტაბილიზაციის სიმპტომებად უნდა მივიჩნიოთ.

"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი შენიშნავს, რომ ამერიკელ ელჩს არაფერი უთქვამს რუსეთის როლზე კონფლიქტის არსებობაში. არადა, თბილისში დარწმუნებული არიან, რომ კონფლიქტის მოგვარების გასაღები მოსკოვის ხელშია. ამის დასტურად პეკს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდის ხელმძღვანელის ალექსანდრე რონდელის სიტყვები მოჰყავს:

[რონდელის ხმა] "როდესაც საქართველოსა და სამხრეთი ოსეთის ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, ეს ნიშნავს, რომ განვიხილავთ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას, რადგან სამხრეთი ოსეთი – ასეთი სახელმწიფო – არ არსებობს. ეს არის პატარა ანკლავი, რომელიც მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფება, როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და, ამდენად, საქართველოს ურთიერთობა ამ ანკლავთან საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაა."

"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი შენიშნავს, აგრეთვე, რომ თბილისისა და ცხინვალის ურთიერთობათა ჩიხში მოქცევა გარკვეულწილად უკავშირდება სამხრეთი ოსეთის სათავეში რუსეთის მოქალაქე ედუარდ კოკოევისა და მისი გუნდის მოსვლას. მით უფრო, რომ, კოკოევის თქმით, სამხრეთი ოსეთი რუსეთის ფედერაციის ასოცირებული წევრი უნდა გახდეს.

საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, ირაკლი მაჭავარიანმა, ჟან-კრისტოფ პეკს განუცხადა, რომ, ერთი წლის წინანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, დღეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესი ჩიხში მოექცა. თუმცა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომები კოკოევის მოსვლის შემდეგ პარადოქსულად ხშირად ტარდება. ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას მაჭავარიანმა აღნიშნა:

[მაჭავარიანის ხმა] "ჩიბიროვმა იცოდა, რომ მას მოსკოვთან ერთად უნდა ეთამაშა, მაგრამ ასევე უნდა დაეცვა საკუთარი ინტერესებიც, რომელიც ყოველთვის არ ემთხვეოდა რუსეთისას. კოკოევმა ეს ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა. მეჩვენება, რომ ის ძალიან შეთანხმებულად ასრულებს ვიღაცის მითითებებს. ვფიქრობ, ერთ მშვენიერ დღეს ის მიხვდება თავის შეცდომას. ძალიან მალე გააცნობიერებს, თუ რა რთულ თამაშში ჩაერთო და მიხვდება, რომ ბევრი პრობლემის მოგვარება თავად მოუწევს".

ირაკლი მაჭავარიანმა დასძინა, რომ კონფლიქტის მოწესრიგების გაჭიანურებას ხელს უწყობს ზოგიერთი პოპულისტი ქართველი პოლიტიკოსიც, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისას სამხრეთი ოსეთის საკითხის ძალისმიერი გადაჭრის მოწოდებებს გამოთქვამს.

თავის მხრივ, რეგიონის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაბრუნება პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს გარდაუვლად მიაჩნია:

[რონდელის ხმა] "ვფიქრობ, სამხრეთ ოსეთში მოსული ახალი ხელისუფლება მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, უფრო მეტადაც, ვიდრე მათი წინამორბედები. ისინი აწარმოებენ შეურიგებელ პოლიტიკას, რომ ამით რაც შეიძლება მეტად დაშორდნენ საქართველოს, რაც არაბუნებრივია, თუ გავითვალსიწინებთ სამხრეთ ოსეთის მდებარეობას. მათ მაინც მოუწევთ ჩვენთან საქმის დაჭერა და ვფიქრობ, რაც მალე მიხვდებიან ამას, მით უკეთესი იქნება".

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ცოტას თუ სჯერა სეპარატისტებთან შეიარაღებული კონფლიქტის განახლებისა, თბილისელი ექსპერტების აზრით, ცხინვალთან ურთიერთობა არ გაუმჯობესდება, ვიდრე საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა იარსებებს.

პორტუგალიაში, ოთხმხრივი შეხვედრის მონაწილეები ალბათ დაუბრუნდებიან ორი წლის წინათ ავსტრიაში ხელმოწერილ ე.წ. "ბადენის შეთანხმებას", რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობათა მოგვარების საშუალედო დოკუმენტი გახლავთ და რომელშიც თბილისსა და ცხინვალს შორის დღემდე არსებული ყველა საკვანძო პოლიტიკურ-სამართლებრივი საკითხი ღიად არის დატოვებული. საქართველოში დღეს არსებული დაძაბულობის ფონზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პორტუგალიაში შეკრებამ ამ საკითხებზე შეთანხმების თვალსაზრისით რაიმე შედეგი გამოიღოს.
XS
SM
MD
LG