Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ებრძვის ფრაქცია “აღორძინება” მოქმედ საარჩევნო კოდექსს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23 ოქტომბრის გამწესრიგებელი სხდომა ფრაქცია “აღორძინების” სასარჩელე განცხადების განხილვას მიეძღვნა.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2001 წლის 6 აგვისტოს შევიდა და მისი მოტივი იმავე წლის 2 აგვისტოს მიღებული საარჩევნო კოდექსისა და თვითმმართველობის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა იყო.“აღორძინებაში” მიიჩნევდნენ, რომ პარლამენტმა აღნიშნული ნორმატიული აქტები კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურების უხეში დარღვევით მიიღო. ამ დროიდან დღემდე გასული წელიწადნახევრის განმავლობაში სარჩელმა დაკარგა როგორც სიმწვავე, ისე პოლიტიკური აქტუალობა, მაგრამ ფრაქცია “აღორძინება” ბრძოლას მაინც განაგრძობს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის არსებითად განხილვაზე უარს განაცხადებს, მაშინ მოქმედი საარჩევნო კოდექსის საწინააღმდეგო მოძრაობის არენა კვლავაც საქართველოს პარლამენტი გახდება. სარჩელის წარმოებაში მიღება-არმიღების შესახებ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო 5 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

საქართველოს პარლამენტში განხორციელებული დემარშების ისტორიიდან ერთ-ერთს შეგახსენებთ: 2001 წლის 2 აგვისტოს დარბაზი, პორტესტის ნიშნად, ერთდროულად შვიდმა საპარლამენტო ფრაქციამ დატოვა. ოთხი ფრაქციის ამ ოპოზიციურ ერთობაში “აღორძინების” ბლოკი ლიდერობდა. კონფლიქტის საბაბი გახდა საარჩევნო კოდექსი, რომლის მიღება მაშინდელმა უმრავლესობამ მობოიკოტე ოპოზიციონერების გარეშეც მშვენივრად შეძლო. ფრაქცია “აღორძინების” წევრის ვალერი გელბახიანის თქმით, სწორედ ამ მომენტში დაირღვა პროცედურა და, შესაბამისად, ქვეყნის უპირველესი კანონი, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილებას, მინიმუმ,118 დეპუტატი უნდა უჭერდეს მხარს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სასარჩელე განცხადებაში ნათქვამია, რომ დარბაზში მაშინ მხოლოდ 113 დეპუტატი იჯდა და მათგან 6 დეპუტატს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. იმავე განცხადებაში მითითებულია, რომ მოქალაქეთა კავშირის წევრები ირაკლი ჩუბინიშვილი და ედუარდ სურმანიძე სხვისი პულტებით მანიპულირებდნენ და კოდექსის მომხრეთა რაოდენობას ამ ნაცადი ხერხით ზრდიდნენ. ამ დარღვევების შესახებ ვალერი გელბახიანმა იმავე დღეს მიუთითა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, სამ დღეში კი სასარჩელე განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა. დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს იმავე “აღორძინებისთვის” მაშინ ცხელ გულზე ჰქონდა აზრი, ახლა კი ბრძოლის გაგრძელება, როგორც იტყვიან, მხოლოდ პრინციპის საქმეა. მით უმეტეს, რომ საარჩევნო კოდექსისა და თვითმმართველობის კანონის მიღებისას მოწყობილი დემარშის მიუხედავად, “აღორძინებას” თვითმმართველობის არჩევნებისათვის ბოიკოტი არ გამოუცხადებია.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სასარჩელე განცხადების მიხედვით, “აღორძინება” უაპელაციოდ ითხოვს საარჩევნო კოდექსის გაუქმებას. რაც შეეხება თვითმმართველობის ორგანულ კანონს, მასში უვარგისად და არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული მუხლი, რომელიც გამგებლების დანიშვნა-არჩევითობის საკითხს შეეხება.
როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი ნუგზარ ივანიძე განმარტავს, სათანადო სამხილების, დამაჯერებელი საბუთებისა და არგუმენტების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლომ კოდექსი, მართლაც, გააუქმოს. მისივე პროგნოზით, თუნდაც კარს მომდგარი 24 ნოემბრის ხელახალი მაჟორიტარული არჩევნების ხათრით, საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისაგან თავს არ შეიკავებს - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება კოდექსის კენჭისყრისას გამოვლენილ პროცესუალურ ანტიკონსტიტუციურ დარღვევებს და არა კოდექსის შინაარსს.
სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, საარჩევნო კოდექსი შეიცვლება და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებითად სახეცვლილი კანონმდებლობით ჩატარდება. დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე ამის წინაპირობად მიიჩნევს კენჭისყრის ელექტრონული სისტემის საპარლამენტო პრეზენტაციის ფაქტს. ქართველ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილმა ელექტრონულმა სისტემამ აპრობაცია პრეზენტაციის დღესვე, 23 ოქტომბერს, გაიარა.ერთი საარჩევნო უბნის მაგალითზე ჩატარდა არჩევნების იმიტაცია, რომელშიც ამომრჩევლები დეპუტატები იყვნენ, მაჟორიტარები -მწერლები, პროპორციულ სისტემაში მონაწილენი კი - იმპორვიზირებული პარტიები. არჩევნები საუკეთესო შედეგებით დამთავრდა: მაჟორიტართა შორის შოთა რუსთაველმა გაიმარჯვა, პარტიათაგან კი “წიგნის მოყვარულთა” და “ღვინის მოყვარულთა პარტიებმა” ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს.
XS
SM
MD
LG