Accessibility links

logo-print

ვის აძლევს ხელს მორიგი საპარლამენტო კრიზისი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ახალი საპარლამენტო კრიზისის ნიშნები საქართველოში უკვე თვალსაჩინოა – პარლამენტის სხდომებზე, კანონპროექტების განხილვის ნაცვლად, პარლამენტარები ერთმანეთის “საქმის” გარჩევით არიან დაკავებულნი.

23 ოქტომბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზი კრივის რინგს წააგავდა, სადაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ყოველგვარი წესების გარეშე ებრძვიან. როგორც ჩანს, ტემპერატურა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ნელ-ნელა კიდევ უფრო მოიმატებს.

[გიგი წერეთლის ხმა] “ ერთი წუთით...მე მსაჯი არა ვარ კრივის და ჭიდაობის....აქ არის პარლამენტი და ყველა მოიქცეს ისე, როგორც პარლამენტში და არა ცირკში...”
ცირკის რა გითხრათ, მაგრამ 23 ოქტომბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზი უფრო კრივის დარბაზს წააგავდა, სადაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შეუბრალებლად ულაწუნებდნენ. ამჯერად გაწევ-გამოწევა ორი ფრაქციის – “აღორძინებისა” და “აფხაზეთის” წევრებს შორის გაიმართა. ფრაქცია “ოცდამეერთე საუკუნის” ახალმა თავმჯდომარემ ელიზბარ ჯაველიძემ ოპონენტი-კოლეგების ხმის “ჩასახშობად” ახალი ეფექტური ხერხი დაამკვიდრა საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში: იგი ზანზალაკით შეიარაღებული გამოცხადდა პარლამენტში და ზარის გამოყენებით აპროტესტებდა აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენელთა გამოსვლებს. სიტუაცია დაძაბა ფრაქცია “აღორძინების” ლიდერის ჯემალ გოგიტიძის განცხადებამ, რომ სამი ფრაქცია პრეზიდენტ შევარდნაძის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად კონსულტაციებს იწყებს:
[ ჯემალ გოგიტიძის ხმა] “ვფიქრობ, რომ ქვეყანა არის ძალიან დიდი საშიშროების წინაშე. პრობლემა დგას ასე: შესაძლებელია, განვითარდეს სამოქალაქო დაპირისპირებაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ტერიტორიების დანაწევრებაზე. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე სასწრაფოდ უნდა ჩამოსცილდეს იმ ბერკეტს, რომელსაც სახელმწიფო ბერკეტები ჰქვია.”
დიმიტრი ჯაიანის გამოსვლას, რომ აფხაზეთის ომის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგე აჭარაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზიდან მარაგდებოდა იარაღით, სხდომათა დარბაზში ისე არია სიტუაცია, რომ სხდომის წამყვან გიგი წერეთელს ცირკი მოაგონა, პრეზიდენტის მომხრე ფრაქციებს კი, პროტესტის ნიშნად, დარბაზის დატოვების სურვილი გაუჩინა.
აქამდე საპარლამენტო კრიზისი ჩვენში სხდომათა დარბაზის დემონსტრაციული დატოვებით გამოიხატებოდა. როგორც გახსოვთ, წინა მოწვევის პარლამენტის სხდომებს კარგა ხანი არ ესწრებოდა ფრაქცია “აღორძინება”, ამ მოწვევის პარლამენტს მცირეხნიანი ბოიკოტი ახალმა მემარჯვენეებმაც გამოუცხადეს, თუმცა ამას პარლამენტის მუშაობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ამჯერად კრიზისის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულებაა პარლამენტის სრული უუნარობა, განიხილოს კანონპროექტები და გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. თავად პარლამენტარებიც გრძნობენ, რომ მათი მუშაობა სრულიად არაეფექტურია. პარლამენტარ ივერი ჭელიძის განცხადებით:
[ ივერი ჭელიძის ხმა] “ ჩვენ ამ პარლამენტიდან გასვლა არ გვინდა და პარლამენტის სკამების დატოვება არ გვინდა. მე გულახდილად მოვუწოდებ ხალხს – მოვიდეს უნდა ხალხი, საქართველოს მოსახლეობა. თვითონ უნდა გაგვყაროს, კარგა მაგრა გვცემოს და ისე უნდა გაგვიშვას ამ დაბრაზიდან. აქ უნდა მოვიდეს ახალი ძალები, რომელიც საქართველოს მომავალზე იფიქრებს.”[სტილი დაცულია]

ამ მოწოდებაზე ხალხი ჯერჯერობით დუმს.
XS
SM
MD
LG