Accessibility links

logo-print

ოპოზიციური პარტიების დიალოგი: საფრთხეები და პერსპექტივა


ქართული საზოგადოების დემოკრატიულად განწყობილი ნაწილი დიდხანს იმედით ელოდა ახალგაზრდა თაობის პოლიტიკურ ლიდერთა გაერთიანებას მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ.

დღეს, ბოლო ორი თვის მცდელობისა და ძალისხმევის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი კონსოლიდაციის აუცილებლობაზე საუბრობს და ერთიანი პოზიციით ცდილობს ქვეყნის პრეზიდენტთან დაპირისპირებას.

რამდენად ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს ოპოზიციურ პარტიათა დიალოგი?

იმის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სახელისუფლო სივრცე პარტიული ლიდერებისგან ერთიანად გაათავისუფლა, ცხადია, მისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუკი ეს ლიდერები არასახელისუფლო სივრცეში შეიკრიბებიან და პრეზიდენტს ასევე ერთიანად დაუპირისპირდებიან, მით უმეტეს, რომ ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციურმა პარტიებმა მოიგეს, მაგრამ მოგების რეალიზაცია ვეღარ შეძლეს სწორედ შეუთანხმებელი ქმედების გამო. ჯერჯერობით ადგილობრივ არჩევნებში მოგებული – ხალხის მიერ არარჩეული და წაგებული ხელისუფლება გამოდის, რაც პარტიებისთვის კარგი გაკვეთილია.

დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ პარტიული ლიდერებისთვის სამომავლო წარმატების ერთადერთი გზა საპარლამენტო არჩევნებზე გადის. არჩევნებში წარმატებისთვის კი აუცილებელია შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება. პარტიულ ოპოზიციასთან დაპირისპირებული სახელმწიფო კანცელარია შეეცდება, საარჩევნო ბერკეტები საკუთარ ხელში მოიქციოს; პოლიტიკოსები კი, პირიქით, ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ჩინოვნიკებს არჩევნების ბედი ხელში არ ჩაუგდონ. ზურაბ ჟვანიამ საჯაროდ განაცხადა, რომ, თუ ავთანდილ ჯორბენაძე შეეცდება, პარლამენტში გაიტანოს ის “დრაკონული” საარჩევნო ცვილებები, რომლებიც უკვე მომზადებულია კანცელარიაში, ჟვანია, თავის თანამოაზრეებთან ერთად, ქუჩაში გავა.

მთავარი, რაც დღეს ოპოზიციის ლიდერებს ერთმანეთთან დიალოგისთვის და შეთანხმებული ქმედებისთვის განაწყობს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებია. არჩევნების მოგების შემთხვევაში, რაც პარლამენტში 118 პულტის გაკონტროლებას ნიშნავს, ოპოზიცია სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის პრეზიდენტს. ამიტომ შევარდნაძე დიალოგის ჩაშლას და იმ საფრთხეების რეალიზაციას შეეცდება, რომლებიც ბუნებრივად არსებობს პოლიტიკური ლიდერების ურთიერთობებში.

მთავარი საფრთხე ისაა, რომ ოპოზიცია ბოლომდე ვერ თანხმდება, მოვლენების განვითარების როგორ სცენარს დაუჭიროს მხარიი: საკონსტიტუციო ვადების დაცვას თუ დარღვევას. ჟვანია აცხადებს, რომ პარტიათა დიალოგის ერთი მთავარი მიზანი სწორედ ისაა, პოლიტიკური პროცესი საკონსტიტუციო ჩარჩოს არ გასცდეს. ეს ნიშნავს, რომ შევარდნაძე 2005 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი და დავით გამყრელიძე კი, პირიქით, მიიჩნევენ: 2005 წლამდე ლოდინი ქვეყანას დაღუპავს. თუ, ხელისუფლების მცდელობის შედეგად, ხალხი კონსტიტუციური სივრცის გარეთ დარჩება, მაშინ ვერც ერთი სერიოზული პოლიტიკური ძალა ვერ აღმოჩნდება ხალხის მიღმა. ეს კი რევოლუციური სცენარია.

არ არის შემთხვევითი, რომ დიალოგის მონაწილე ოპოზიციურ ლიდერებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი ძლიერია ქუჩაში, ხოლო ზურაბ ჟვანია – პარლამენტში. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი მომხრეების რაოდენობა ნაციონალურ მოძრაობას საშუალებას მისცემს, სხვა პარტიების გარეშეც აიღოს უმრავლესობა და ერთპარტიული პრინციპით დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი თუ მთავრობა. გაზეთ “24 საათში” გამართულ შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციურ კაბინეტში ყოველთვის ჭარბობს ვაჭრობის სულისკვეთება, რეფორმების გატარება კი შესაძლებელია მხოლოდ ერთი პარტიის პასუხისმგებლობის პირობებში.

ბოლოს და ბოლოს, საქმე ისევ პოლიტიკური ლიდერების ამბიციებამდე დადის. მიხეილ სააკაშვილმა იცის შეთანხმებული ქმედებების ფასი არჩევნების პერიოდში, მაგრამ, იმავდროულად, დარწმუნებულია, რომ ნაციონალურ მოძრაობას სხვა პარტიებისგან დამოუკიდებლად შეუძლია, პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის მართვაზე. არათუ შეუძლია, არამედ სწორედ ასე იქნება უმჯობესი ქვეყნისთვის. დიალოგის მონაწილე დანარჩენ პოლიტიკურ ლიდერებს კი არ აეჭვებთ კონსოლიდაციის აუცილებლობა – არც წინასაარჩევნო პერიოდში, არც არჩევნების დღეს და არც მომავალ პარლამენტსა თუ კაბინეტში.

გაცილებით სერიოზული პრობლემები წარმოიქმნება, თუკი საზოგადო ინტერესები მოითხოვს, რომ ოპოზიციური ძალები უფრო მტკიცედ შეკავშირდნენ, საარჩევნო ბლოკი შექმნან და ამომრჩეველს ჩრდილოვანი კაბინეტი ან ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი შესთავაზონ.

თუ შევაჯამებთ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციური პარტიების დიალოგის და შეთანხმებული ქმედების მძლავრი სტიმულია საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვება. ეს არის ის მიზანი, რომელიც დიალოგში მონაწილე პარტიებს აერთიანებს. საფრთხეები კი პოლიტიკოსთა ამბიციებს და მათ შორის კონკურენციას უკავშირდება. რაც უფრო გვიან გადავლენ პარტიული ლიდერები კონკურენციის რეჟიმში, მით მეტად იქნება გარანტირებული დემოკრატიული ფრონტის გამარჯვება სახელისუფლო პარტიაზე.
XS
SM
MD
LG