Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა უშიშროების საბჭოს ერაყის განიარაღების თაოაბზე თავისი წინადადების პროექტი წარუდგინა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, 23 ოქტომბერს, შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს სრულ შემადგენლობას გადასცა ერაყის განიარაღების საკითხში თავისი წინადადების პროექტი.

ერაყის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პროექტი სამხედრო მოქმედებების დაწყებას ითვალისწინებს.

თეთრი სახლის ეს ნაბიჯი მოჰყვა რამდენიმეკვირიან შეხლა-შემოხლას უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე ხუთ მუდმივ წევრს შორის. როგორც ცნობილია, ორი მათგანი – საფრანგეთი და რუსეთი, ჩინეთის მხარდაჭერით, არ ეთანხმება შეერთებული შტატების წინადადებას, რომ რეზოლუციაში ერაყის მიმართ მუქარა აისახოს.

შეერთებულმა შტატებმა თავისი პროექტი საგანგებოდ წარუდგინა საბჭოს სრულ შემადგენლობას, რათა აჩვენოს საფრანგეთსა და რუსეთს, რომ ვაშინგტონს ჰყავს მხარდამჭერები საბჭოს დანარჩენ 10 წევრს შორის.

საფრანგეთი მოითხოვს ე.წ. ორსაფეხურიან მიდგომას, ანუ ორ რეზოლუციას, რომელთაგანაც მეორე ერაყის მიერ პირველის შეუსრულებლობის შემთხვევაში იქნება მიღებული. მეორის მიღებისას უშიშროების საბჭო სამხედრო აქციების თაობაზე იმსჯელებს.

ამერიკის ოფიციალური პირების თქმით, ისინი ახორციელებენ სტრატეგიას, რომლის შესახებ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 12 სექტებერს ილაპარაკა, როცა პირველად დაუპირისპირდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ერაყის საკითხში. ბუშმა განაცხადა, რომ თუ ეს ორგანიზაცია ვერ შეძლებს ერაყის განიარაღებას, შეერთებული შტატები თავის თავზე იღებს ამ ამოცანის გადაჭრას.

ამერიკის რეზოლუციის პროექტს მხარს უჭერს ბრიტანეთი. იმისთვის რომ უშიშროების საბჭომ მოიწონოს რეზოლუცია, მას მხარი უნდა დაუჭიროს საბჭოს 9 წევრმა მაინც, თანაც არავის მიერ არ უნდა იქნეს გამოყენებული ვეტოს უფლება. საბჭოს წევრებმა კონსულტაციები ჩაატარეს დახურულ კარს მიღმა. უმრავლესობამ თქვა, რომ იწონებს ახალ რეზოლუციას. კენჭისყრა მომავალი კვირის დამდეგს არის მოსალოდნელი.

ფრანგმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ პარიზმა შეიძლება მხარის დაუჭიროს ვაშიგტონის რეზოლუციის პროექტის შერბილებულ ვარიანტს, თუ ის მისაღები იქნება გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ჯგუფის მეთაურის ჰანს ბლიქსის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის მოჰამედ ელ-ბარადეისთვის. ბლიქსი უშიშროების საბჭო ორშაბათს ხვდება.

პარასკევს ბუში ტეხასში, თავის რანჩო კროუფორდში უმასპინძლებს ჩინეთის პრეზიდენტს ძიან ძემინს, ხოლო შაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან აპირებს ტელეფონით საუბარს. თუმცა პუტინს, ახლა ნამდვილად არა აქვს ერაყის თავი.

გაეროში რუსეთის ელჩის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს ამჟამად რეალურად არსებული საშიროება ადარდებს. იგულისხმა რა მოსკოვში მძევლების აყვანა, ლავროვმა დასძინა, რომ ეს საშიშროება გაცილებით უფრო მნიშნვნელოვანია, ვიდრე ერაყის ჰიპოთეტური მუქარა.

ოთხშაბათს პრეზიდენტმა ბუშმა თავდაცვის სამინისტროს უბრძანა, რომ ერაყზე თავდასხმისთვის მზადება დაიწყოს. მან მოიწონა შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტის 37,5 მილიარდი დოლარით გაზრდა შარშანდელთან შედარებით. ეს არის სამხედრო ბიუჯეტის ყველაზე დიდი ზრდა ცივი ომის დამთავრების შემდეგ.
XS
SM
MD
LG