Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ტერაქტს მისი შემფასებლები კრემლის პოლიტიკის ლოგიკურ შედეგად მიიჩნევენ


ჩეჩენმა ტერორისტებმა წუხელ მოსკოვში, დუბროვკის თეატრალურ ცენტრში, რამდენიმე ასეული მძევლის აყვანის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებისთვის ერთი კვირის ვადა მისცეს.

დრო მიდის, თუმცა ის, რაც ჯერ-ჯერობით გაბედულად ხორციელდება, არის ბოლო წლების მანძილზე ჩეჩნეთის მიმართ კრემლის პოლიტიკის შეფასება, რადგან დღევანდელ ტერაქტს ყველა ბოლო წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების ლოგიკურ შედეგად მიიჩნევს.

მართალია, დღეს მოსკოვში ტერორისტების მიერ დაპყრობილ კულტურის ცენტრში მყოფი მძველებისა და მათი ნათესავებისთვის პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა შეფასებები ცოტას თუ ნიშნავს, მაგრამ მეორეს მხრივ მოსკოვის მოვლენამ კრემლის მიმართ ჩეჩნეთის საკითხზე ბოლო დროს დაგროვილი კრიტიკის კონცენტრირება გამოიწვია.

ბოლო ინფორმაციით, შენობაში ტერორისტებთან მოლაპარაკებებში რუსეთის დუმის 8 დეპუტატია ჩართული. მათ შორის ირინა ხაკამადა, ბორის ნემცოვი და იოსიფ კობზონი. თუმცა, ჯერჯერობით მათ რაიმე არსებითი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ, თუ არ ჩავთვლით ამ წუთამდე განთავისუფლებულ რამდენიმე ათეულ მოქალაქეს.

უპირველესად გთავაზობთ რუსი მძევალი ქალის კომენტარს, რომელსაც "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ტელეფონით დაუკავშირდა. მძევლის სიტყვები მოწმობს, რომ მძველად აყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული აქტის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცოდა, შენობაში მყოფ ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ რუსეთის მთავრობის სათანადო უწყებები არ იყვნენ საქმის კურსში და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გასანთავისუფლებლად:

[მძევალი ქალის ხმა] "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ველოდებით ჩვენი მთავრობის მხრიდან თავისი საკუთარი მიმართ მზრუნველობის გამოჩენას, რომ მოვლენ პასუხისმგებელი ადამიანები, აწარმოებენ სათანადო მოლაპარაკებებს და გაანთავისუფლებენ ადამიანებს, რომლებიც შენობაში იმყოფებიან. ახლა ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შენობაში ძალიან ბევრი ხალხია – 1000 ადამიანი. მათ აქვთ ერთი მოთხოვნა – შეწყდეს ომი ჩეჩნეთში. მოთხოვნები უკვე გადაცემულია და მთავარია მათ საჭირო ადამიანებამდე და საზოგადოებამდე მიაღწიონ".

მძევალი ქალი შენობაში არსებულ მდგომარეობას დღეს დილით ასე აღწერდა:

[მძევალი ქალის ხმა] "მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია. ყველაფერი დანაღმულია და ხალხი ძალიან ღელავს. შენობაში ყველაფერი დანაღმულია".

მოგვიანებით "რადიო თავისუფლება" ესაუბრა კიდევ ერთ მძევალს – ალექსანდრ შალნოვს:

[შალნოვის ხმა] "ისინი ელოდებიან გარკვეულ შინაარსიან ქმდებას ხელისუფლებისგან. აქ შეიქმნა პატარა კვანძი, საიდანაც ვრეკავთ. აქ ჯერ კიდევ მუშა მდგომარეობაში მყოფი აკუმულატორები და სიმ-ბარათებია თავმოყრილი. ისინი გვეუბნებიან, რომ ახლა ერთ ბედს ქვეშ ვართ. დიახ, მართლაც ასეა. ისე გამოვიდა, რომ ახლა ერთი ბედისწერა გვაერთიანებს".

ჩეჩნეთის როგორც პოლიტიკური, ისე სასულიერო პირები ერთხმად გმობენ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებას, თუმცა ასევე ერთსულოვნად პასუხისმგებლობას მთლიანად კრემლს აკისრებენ. ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილიას ახმადოვმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა:

[ილიას ახმადოვის ხმა] "პრეზიდენტი მასხადოვიცა და ჩვენი ხელისუფლებაც ყოველთვის გმობდა და ახლაც გმობს ტერორისტულ და სხვა სახის ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. ის, რაც დღეს მოსკოვში ხდება, უდაოდ არის შედეგი ამ ბარბაროსული, სასტიკი ომისა, რომელიც კრემლის ხელმძღვანელობამ გააჩაღა. ვფიქრობ, ნებისმიერი მსხვერპლი რუსეთის სინდისზე იქნება".

ახმადოვის სიტყვებს ეხმიანება ადამიანის უფლებათა დამცველის, ელენა ბონერის კომენტარი ბოსოტნიდან:

[ელენა ბონერის ხმა] "მიმაჩნია, რომ დღევანდელი ტრაგედია, მძევლების აყვანის მიმართ ზოგადი დამოკიდებულების მიუხედავად, გამოწვეულია მოსკოვის, კრემლის პოლიტიკით. მოსკოვმა არ შეასრულა არც ერთი დაპირება და ყველა ის მონაჩმახი, რაც ჩეჩნეთის აღდგენას შეეხებოდა, იყო სრული სიცრუე. ხასავიურტის შეთანხმებები ხომ მოსკოვმა ყველაზე უტიფარი გზით დაარღვია".

რუსეთის დუმის ყოფილი სპიკერი რუსლან ხასბულატოვი მართებულად შენიშნავს, რომ ტერორისტთა მოთხოვნების შესრულება და ისიც ერთი კვირის ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც მას აფიქრებინებს, რომ ტერორისტების მიზანი რუსეთის ხელისუფლების დაბნევაა:

[რუსლან ხასბულატოვის ხმა] "გამეორდა უკვე ცნობილი მოთხოვნები ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანის, დამოუკიდებლობის მინიჭების და ა.შ. შესახებ, რაც მოცემულ კონტექსტში, რა თქმა უნდა, არარეალურია, ვინაიდან ასეთი საკითხების გადაწყვეტას ხანგრძლივი მომზადება და მოლაპარაკებები სჭირდება"

ტერორისტების ქმედებათა რეალურ მოტივებზე ლოგიკურად მსჯელობა, როგორც იტყვიან, განწირული საქმეა. კრიტიკულ მომენტებში ტერორისტების მოთხოვნები, თუკი ასეთი მათ გააჩნიათ, ყოველთვის შორდება რეალობას, ან იმათ შესაძლებლობას, ვისგანაც ისინი მოთხოვნათა შესრულებას მოითხოვენ.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსეთის ხელისუფლება ტერორისტების მოთხოვნათა შესრულების გზების ძიებაზე ფიქრობდეს. უფრო რეალისტურია ის დუმის დეპუტატების ტერორისტებთან მოლაპარაკებების გზით რაც შეიძლება მეტი მძევლის განთავისუფლებაs და ამ გზით დროის მოგებას შეეცადოს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG