Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო “თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური ენების სამსახურის დირექტორი მოსკოვის დუბროვკის თეატრალურ ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ


მოსკოვში გათამაშებულ დრამაზე ვესაუბრე რადიო “თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური ენების სამსახურის დირექტორს ასლან დუკაევს და ვთხოვე,

ჩვენი მსმენელისთვის მის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია გაეზიარებინა.

[ასლან დუკაევის ხმა] “ამ წუთისთვის ბევრი არაფერი ვიცით ამ ხალხის შესახებ. დღეს დილით ადრე მივიღეთ ინფორმაცია რუსეთის დუმის დეპუტატისგან ჩეჩნეთიდან – ასლანბეკ ასლახანოვისგან იმის შესახებ, რომ ის პირადად ესაუბრა მოვსარ ბარაევს. როგორც მან თავი წარმოადგინა და ეს არის სწორედ, რის საფუძველზე ვამბობთ, რომ ამ დრამის ერთ-ერთი პერსონაჟი ცნობილია და რომ ეს არის – მოვსარ ბარაევი.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბარაევი გასულ ზაფხულს მოკლული ცნობილი საველე მეთაურის არბი ბარაევის ნათესავია და როგორც ვიცით, ის სათავეში ჩაუდგა არბი ბარაევის სიკვდილის შემდეგ დარჩენილ მეომართა ჯგუფს და დღეს მათი მეთაური გახლავთ.”

ასლან დუკაევმა გადაჭრით უარყო საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, თითქოს მოსკოვის ტერაქტის მონაწილენი თავის დროზე აფხაზეთში იბრძოდნენ.

[ასლან დუკაევის ხმა] “არა. ...და ეს წარმოუდგენელიც არის. მოვსარ ბარაევი ძალიან ახალგაზრდაა. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 23-24 წლის იქნება. ასე რომ, ასაკის მიხედვითაც კი ყოვლად წარმოუდგენელია იმის ვარაუდი, რომ ის აფხაზეთში იბრძოდა.”

ჩეჩენ კოლეგას ვკითხე, მოეპოვება თუ არა რაიმე ინფორმაცია იმაზე, არიან თუ არა თავდამსხმელებს შორის ქალები.

[ასლან დუკაევის ხმა] “დიახ, ერთ-ერთმა მძევალმა ქალმა, რომელსაც ვესაუბრეთ, დაგვიდასტურა, რომ თავდამსხმელთა შორის ქალებიც არიან. მან დაახლოებით ისიც ივარაუდა, 15-20 ქალი იქნებოდაო.”

დაბოლოს, ასლან დუკაევს ვთხოვე, კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის მედიით გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მოსკოვის ტერაქტის მონაწილენი რუსეთის დედაქალაქში პანკისიდან ჩავიდნენ.

[ასლან დუკაევის ხმა] “არ მომეპოვება სრულებით არავითარი საბუთი, რომელიც დაგვიდასტურებდა, რომ ეს ხალხი მოსკოვში პანკისიდან ჩავიდა. საკითხავია, რაში უნდა დასჭირვებოდათ მათ ჯერ სამხრეთში გამგზავრება, შემდეგ კი ჩრდილოეთში. ეს სრულიად არარეალურია. გარდა ამისა, პანკისი არც იმდენად უსაფრთხო ზონაა შეიარაღებული ადამიანების ასეთი დიდი ჯგუფისთვის. ჩემი ვარაუდით, ამ ხალხს პანკისთან არაფერი აქვთ საერთო.”
XS
SM
MD
LG