Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი საქართველოს პრეზიდენტს ნატოში გასაწევრიანებლად პრაქტიკული ნაბიჯებისაკენ მოუწოდებს


პრაღის ნატოს სამიტის თარიღის მოახლოვებასთან ერთად, საგრძნობლად აქტიურდება ქვეყნის ნატოს წევრად ასოცირების მხარდამჭერი მოძრაობა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში,

ამ თვალსაზრისით, რამდენიმე საგულისხმო მოვლენა მოხდა. პირველი - ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აუცილებლად განიხილავს საქართველოს თხოვნას ნატოში გაწევრიანების შესახებ. ამისთვის კი აუცილებელია, 20 ნოემბერს ნატოს ქვეყნების პრაღის სამიტში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური განაცხადი გააკეთოს. მეორე - 23 ოქტომბერს საქართველოში ნატოსთან ასოცირების საკითხებზე ორიენტირებული კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა და, ბოლოს, მესამე - გაფორმდა არასამთავრობო ორგანიზაციათა და მასმედიის წარმომადგენელთა ერთობლივი დეკლარაცია. დეკლარაცია პრეზიდენტ შევარდნაძეს მოუწოდებს, პრაღის სამიტზე ერთმნიშვნელოვნად გამოხატოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი.

ნატოს პრაღის სამიტზე მიმავალ ქვეყნის პრეზიდენტს ისტორიული შანსის რეალიზებაში, ჯორჯ რობერტსონის ზემოხსენებული განცხადების გარდა, საქართველოს პარლამენტის დადგენილებაც უმაგრებს ზურგს. მიმდინარე წლის 13 სექტემბერს საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ერთხმად დააწესა, რომ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პრიორიტეტი ნატოში გაწევრიანებაა. შესაბამისად, ამ პრიორიტეტის განხორციელებას უნდა მოემსახუროს ქვეყანაში არსებული ფინანსური და პოლიტიკური რესურსების დიდი ნაწილი. ამ ორიოდე დღის წინ დაფუძნებულმა არასამთავრობო ორაგანიზაციამ “საქართველო ნატოში” შეიარაღებულ ძალებში საქართველოს ბიუჯეტის 1%-ის მობილიზება მოითხოვა. საერთოდ კი, ნატოში გაწევრიანების საკითხი იქნებ ერთადერთი საკითხია, რომელშიც არასამთავრობო სექტორი საქართველოს პრეზიდენტს ოპონირებას არ უწევს.
[კახა ლომაიას ხმა]“ჩვენ ვიცით, რომ მისი განწყობილებები არ არის მუდმივი ნატოსთან მიმართებაში. ყველაზე თამამი განცხადება, რომელიც მას აქამდე გაუკეთებია, არის ნატოს კარზე მიკაკუნების შესაძლებლობა. არ ვიცი, რამდენადაა ეს პოლიტიკური ლექსიკონი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამით გვინდა პრეზიდენტს ვუთხრათ, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, მისი პოლიტიკური ხაზის კრიტიკოსები, ამ შემთხვევაში მისი მხარდამჭერები ვართ.” [სტილი დაცულია]
კახა ლომაია, საერთაშორისო ორგანიზაცია “დემოკრატიის კოალიციის” წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტების მიერ შექმნილი ერთობლივი დეკლარაციის ერთ-ერთი ხელისმომწერია. მის გარდა, დეკლარაციას, სულ მცირე, ოცამდე სხვადასხვა ორგანიზაციამ და კერძო პირმა მოაწერა ხელი. მათი საერთო პათოსია ყურადღებით მიადევნონ თვალი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა იმ საქმიანობას, რომელსაც ისინი ქვეყნის ნატოში გასაწევრიანებლად აუცილებელი ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად ეწევიან. “მიგვაჩნია, რომ ნატოში გაერთიანებით საქართველო შეძლებს არა მარტო თავისი უსაფრთხოების გარანტირებას, არამედ შეიტანს წვლილს კავკასიის, შავი ზღვის აუზის რეგიონის და მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში,”-ნათქვამია დეკლარაციაში, რომლის ადრესატი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსია.
XS
SM
MD
LG