Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გმობს მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს და რუსეთს დახმარებას სთავაზობს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ის თბილისელები, ვინც 23 ოქტომბერს მოსკოვში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის ტელევიზიების მეშვეობით ადევნებდა თვალყურს, იმ საინფორმაციო ომის მოწმეები აღმოჩნდნენ,

რომელიც ბოლო ერთი წელია განუწყვეტლივ მიმდინარეობს რუსეთსა და საქართველოს შორის. მოსკოვის კულტურულ ცენტრში მძევლების აყვანის ამბის გავრცელებისთანავე, რუსეთში გამოითქვა არაერთი მოსაზრება ამ მოვლენებთან საქართველოს სავარაუდო კავშირის თაობაზე. 24 ოქტომბერს ამ ინფორმაციას საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფდნენ.

23 ოქტომბერს თითქმის მთელი ღამე რუსეთის ტელეკომპანიები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ წარმოდგენაზე მყოფ მაყურებელთა დატყვევების შემდეგ ჩეჩენმა ტერორისტებმა, პირველ რიგში, გაათავისუფლეს ჩეჩენი და ქართველი ეროვნების ადამიანები; რომ კულტურის სასახლის შენობაზე გადმოკიდეს ჩეჩნეთის, დაღესტნისა და საქართველოს დროშები; რომ ტერორისტთა რაზმმა მომზადება პანკისის ხეობაში გაიარა….

24 ოქტომბერს დილიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მედიის ცნობებს უარყოფდნენ. საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, თავის რუს კოლეგებთან გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, აცხადებს, რომ წარმოდგენაზე მყოფი ქართველები არავის გაუთავისუფლებია და ისინი კვლავ მძევლებად იმყოფებიან. რუსეთის მხარე არც კულტურის სასახლეზე საქართველოს დროშის გადმოფენის ფაქტს ადასტურებს. რაც შეეხება ტერორისტთა ჯგუფის, ასე ვთქვათ, პანკისურ წარმომავლობას, უშიშროების მინისტრის განცხადებით:

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] “ ჩვენი ოპერატიული მონაცემებით, და ამას ადასტურებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურიც, ამ ჯგუფს არავითარი კავშირი არა აქვს პანკისთან და პანკისში მყოფ ჯგუფებთან.”

მოსკოვის მოვლენები გახდა საქართველოს პარლამენტის სხდომის განხილვის თემა. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ შეშფოთება გამოთქვა მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ყოველივე უსისხლოდ დასრულდება.
[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ მინდა იმედი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის შემზარავი ფაქტი, რომელიც მოხდა რუსეთის დედაქალაში, არ გამოიწვევს კვლავ ერთაშორის და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების დაძაბვას და არ იქნება იმ ადამიანთა წისქვილზე წყლის დასხმის საბაბი, რომელთაც სურთ, რომ მსგავსი ფაქტები სახელმწიფოებსა და ერებს შორის დაჯახების საბაბად აქციონ.”

პრეზიდენტმა შევარდნაძემ, მოსკოვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ პუტინს მიმართა წერილით, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ძალისმიერი სტრუქტურები მზად არიან ყოველგვარი დახმარება გაუწიონ რუს კოლეგებს. პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავად ტერორისტებსაც მიმართა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ მე ჩემს თავს უფლებას მივცემ, მივმართო მათ – ხელი აიღონ ამ განზრახვაზე. ჩვენ შეიძლება რუსეთთან სადავო ბევრი რამ გვქონდეს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სიკეთე გვინდა რუსეთისთვის. ჩვენ გვინდა სტაბილური იყოს ეს ქვეყანა, ჩვენი დიდი მეზობელი, და ეს საქართველოს სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს.”

მოსკოვში განვითარებული მოვლენები იმ სამწუხარო ფაქტის დადასტურებაა, რომ ტერორისტების მსხვერპლი ყველაზე ხშირად სწორედ მშვიდობიანი ადამიანები არიან ხოლმე. შესაბამისად, ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელია ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე.
XS
SM
MD
LG