Accessibility links

logo-print

საქართველოში მცხოვრები ჩეჩნების პოზიცია მოსკოვში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით


მოსკოვში ტერორისტების მიერ საკონცერტო დარბაზის დაკავებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ რუს პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა ტერორისტული აქტის ორგანიზებაში პანკისის ხეობის კვალი დაინახა.

ამდაგვარი ბრალდებები მოსალოდნელიც იყო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიას ჯერ კიდევ აფარებს თავს ათასობით ჩეჩენი დევნილი, რაც მოსკოვის უკმაყოფილების მიზეზად შევარდნაძე-პუტინის შეთანხმების შემდეგაც რჩება. შესაბამისად, საინტერესოა ის, თუ როგორ აფასებენ მოსკოვში მიმდინარე მოვლენებს თავად საქართველოში მყოფი ჩეჩნების ლიდერები.

ტერორიზმის გამართლება რუსეთის მიმართ ყველაზე რადიკალურად განწყობილ ჩეჩენ დევნილთა ლიდერებსაც კი უჭირთ. ისინი მოსკოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების მიზეზს ეძებენ და მის ახსნას ცდილობენ. საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის მეთაურმა ხიზრი ალდამოვმა ჩემთან სატელეფონო საუბარში განაცხადა:

[ალდამოვის ხმა] „ჩვენ არა ვართ ამის მომხრე, მე არასოდეს არ ვყოფილვარ ამის მომხრე, იმიტომ რომ ჩეჩენი მეომრების, საერთოდ, ჩეჩნეთის პოზიცია არასდროს არ იყო დივერსიული, ჩვენ არასდროს არ გვქონია ტერორისტული... ამაზე ტერორიზმის დარქმევა არ შეიძლება. სხვა რაღაცაა აქ. დღეს რაც ხდება მოსკოვში, მთელი მსოფლიო მისცემს ამას შეფასებას, ეს მე მესმის, მაგრამ რატომღაც იმ 250 ათასი კაცის განადგურების დროს, ჩეჩნეთის მშვიდობიანი მოსახლეობის, რატომ არავინ ხმას არ იღებს. ეს არის უმაღლეს დონეზე სახელმწიფო ტერორი ჩეჩენი ერის. ამიტომ დღეს ისინი იმკიან იმას, რაც დათესეს.“[სტილი დაცულია]

ჩეჩნეთის კონფლიქტის პრობლემატიკა ყოველთვის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო და ის ძალისხმევას არ აკლებდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების ინიცირებას. ბოლო დროს ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა, მართლაც, შეიმჩნეოდა, თუმცა ცხადია, რომ მოსკოვში ჩეჩენ ტერორისტთა მიერ მოწყობილმა ტერორისტულმა აქტმა კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების პროცესი სერიოზული კითხვის ქვეშ დააყენა. ჩემთან საუბარში მედია ჰოლდინგის „ჯორჯიან ტაიმსის“ პრეზიდენტმა, ჩეჩნეთის პრობლემატიკის ექსპერტმა მალხაზ გულაშვილმა არ გამორიცხა, რომ მოსკოვში ტერორისტული აქტი სწორედ სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მიზნით მოეწყო.

[გულაშვილის ხმა] „ეს ერთი შესაძლო ვერსიაა, რომ რუსეთმა ეს თვითონ მოაწყო, კერძოდ, სამხედრო გენერალიტეტმა, რათა თავიდან აეცილებინა მასხადოვისა და პუტინის მოლაპარაკება, რაც ომს წერტილს დაუსვამდა, რითაც, ფაქტიურად, გაიხანგრძლივა ის სამხედრო ბიზნესი, რომელსაც ისინი აწარმოებენ.“[სტილი დაცულია]

თუმცა გულაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ჩეჩენი მებრძოლები მათ წინააღმდეგ უთანასწორო ომში ბრძოლის ყველა მეთოდის გამოყენებას შეუდგნენ და მოსკოვის ცენტრში მძევლების აყვანა სწორეთ ერთ-ერთი მათგანია.

დაახლოებით ასეთივე მოსაზრებას გამოთქვამს ხიზრი ალდამოვიც:

[ალდამოვის ხმა] „ხალხი სასოწარკვეთილია, ბოლო შანსი გაუჩნდათ, გადაარჩინონ ჩეჩნეთის მშვიდომიანი მოსახლეობა, შეაჩერონ ეს ომი. ეს თხოვნის ჟესტი უფრო არის, ვიდრე აგრესიისა, რადგან იმ ხალხს, ალბათ, სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ. იქ არიან ქალები... ქალები არიან ქმარდაღუპული, მშობლები დაკარგეს, შვილები დაკარგეს, ასეთ მომენტში ხალხს რა უნდა უთხრა? მე არასდროს ვყოფილვარ აგრესიის მომხრე, მაგრამ რუსეთმა მიიღო ის, რასაც ეძებდა.“[სტილი დაცულია]

მოსკოვის სურვილმა, შიდა პრობლემის - ჩეჩნეთის კონფლიქტის - მოუგვარებლობა სხვისთვის - კერძოდ კი, საქართველოსთვის - გადაებრალებინა და არ ეძებნა პრობლემის გადაჭრის რეალური გზები, სავალალო შედეგი გამოიღო. მიუხედავად ამისა, რუსეთში ახლაც ცდილობენ განტევების ვაცად საქართველო აქციონ და დამნაშავეს პანკისის ხეობაში ეძებენ, მაშინ, როდესაც პანკისიდან 2 ათასი კილომეტრით მოშორებულ მკაცრად კონტროლირებად რუსეთის დედაქალაქში 60-მდე შეიარაღებული ჩეჩენი ტერორისტის შეღწევის შეუმჩნევლობისთვის პასუხს არავის სთხოვენ და, მით უმეტეს, პრობლემის გრძელვადიან მოგვარებაზეც ნაკლებად ფიქრობენ.
XS
SM
MD
LG