Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფა ცდილბს შეებრძოლოს რასიზმის გამოვლენას ევროპის ფეხბურთში


უხილავი ფარდა დღეს სპორტის, ფეხბურთის თემას ეძღვნება.

ოქროპირ რუხაძე სპორტის ამ თითქოს ძალიან სოციალურ სახეობაში რასიზმის გამოვლენაზე გესაუბრებათ.

ფეხბურთის ძველი და ახალი თაობის მოყვარულებს, უნდა უკვირდეთ მათი, ვინც ფეხბურთელთა მიმართ რასისტულ გრძნობებს ავლენს. თუკი გიყვარს ფეხბურთი, ანუ მოგწონს პელეს და სხვა ბრაზილიელი თუ ჰოლანდიელი მეტად თუ ნაკლებად შავკანიანი ფეხბურთელების თამაში, რასისტი ვერ იქნები. მაგრამ, ბოლო ხანს, გახშირდა ევროპის კლუბებში მოთამაშე, განსაკუთრებით აფრიკელი ფეხბურთელებისთვის რასისტული ხასიათის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევა, თამაშის დროს, გულშემატკივრების მხრივ. ამის წინაღმდეგ ევროპის ფეხბურთის ასოციაცია “უეფა” ცდილობს რაიმე იღონოს რასისტი გულშემატკივრების მიმართ.
ყველაზე მეტად გახმაურდა სლოვაკეთის დედაქალაქში ბრატისლავაში მომხდარი ამბავი, როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სლოვაკეთის და ინგლისის ნაკრებები ეთამაშებოდნენ ერთმანეთს. ინგლისის ნაკრების ორი მოთამაშე, ორივე შავკანიანი, ემილ ჰესკი და ეშლი კოული ამ თამაშის განმავლობაში სტადიონზე მისულმა მაყურებელმა სასტიკად შეურაცხყო. როგორც ჰესკიმ თქვა, ასე მწარედ ის თამაშის დროს არავის გაულანძღავს. 12 ოქტომბრის მატჩის დროს ფეხბურთის სლოვაკი მოყვარულები ერთხმად გაჰყვროდნენ, “მანკი, მანკი”! ანუ შავკანიანებს მაიმუნებს ეძახდენენ.
ბრატისლავის სტადიონზე მყოფნი ადასტურებენ, რომ ეს იყო არა ერთი ან მცირე ჯგუფი მაყურებლისა, არამედ მთელი მასა. ჰესკის თანამხმად, ხალხს თვით იქვე მყოფი სამედიცინო პერსონალიც აჰყვა. სლოვაკეთის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა იურაი ობლოჟინსკიმ ბოდიში მოიხადა და განაცხად, რომ ემგვარი საქციელი არ გამოხატავს სლოვაკეთის ფართო მოსახლეობის შეხედულებას:
[ობლოჟინსკის ხმა]
“სლოვაკეთის ფეხბურთის ასოციgციის ხელმძღვანელობა, ფეხბურთის მოყვარულები, გაემიჯნენ რასიზმის და შეუწყნარებლობის ყველა ფორმას, რომელიც სლოვაკეთი -ინგლისის მატჩზე გამოვლინდა”.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე პოლ ნიუმენი არ ეთანხმება ამ აზრს, რადგან აცხადებს, რომ ერთობ დიდი რაოდენობა ადამიანებისა ყვიროდა სტადიონზე და მოუწოდა უეფას მკაცრი სასჯელი დაუწესოს სლოვაკებს.
უეფა 2 ნოემბერს განიხილავს ბრატისლავაში მომხდარს.
რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა ფეხბურთის სტადიონებზე ხშირი არასოდეს ყოფილა. მიუხედავად უკიდურესი დაპირისპირებისა ორ გუნდს და მის გულშემატკივრებს შორის, რასაც ორ ერს შორის ტრადიციული კონკურენცია, ან მათ შორის არათანასწორი ურთიერთობა ამძაფრებდა, ეს კონფრონტაცია რასისტული ხასიათისა არ იყო ხოლმე, ის უფრო ნაციონალისტური ბუნებისა შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ მას მერე, რაც საფეხბურთო კლუბებში შესაბამისი ქალაქის მცხოვრებნი თითქმის აღარ თამაშობენ, რადგან მოთამეშეების დიდი ყიდვა-გაყიდვა გამართული, დაპირისპირება მხოლოდ ფეხბურთის, კლუბის ინტერესების ნიადაგზე შეიძლება მოხდეს. ამ დაპირისპირების დროს ბევრი რამ არის დაშვებული, რაც ნორმალურ ცხოვრებაში ადამიანებს აზრადაც არ მოსდის,. მაგრამ რასისტული ხასიათის ლანძღვა, ასე ვთქვათ ყველაზე ქვენა ფორმაა.
საინტერესოა ის, რომ ეს, ბრატისლავაში, თავს გადახდათ ინგლისელ ფეხბურთელებს, რომელთა გულშემატკივრებს მსოფლიოში ყველაზე უზნეო მაყურებლად მიიჩნევენ და მიუხედავად სანქციებისა, მათი მოთოკვა ძალიან ჭირდა.
რაც შეეხება რასიზმს, სტადიონზე მის გამოვლენას უეფა დღემდე ფულადი ჯარიმებით იფარგლებოდა. ახლახან დააჯარიმეს ჰოლანდიური კლუბი “ეინდჰოვენი” 20 ათასი ევროს ოდენობით. ეს ჯარიმა ერთობ მცირეა იმისთვის, რომ ვინმე დააშინოს, მით უმეტეს, რომ “ეინდჰოვენს” ამ თანხის გაღება არაფრად უღირს. უეფა ახლა აამოქმედებს გეგმას სახელწოდებით “ფეხბურთი ევროპაშიი რასიზმის წინააღმდეგ”. ეს გეგმა, სხვათა შორის ითვალისწინებს გულშემატკივართა გაფრთხილებას, რომ რასისტული გამოხდომების შემთხვევაში, მათ მიმართ პოლიციის ძალა შეიძლება იქნეს გამოყენებული.
მეტ ნაკლებად საინტერესო და დამაჯერებელია სლოვაკი მეცნიერის მიხალ ვეშეჩკას მოსაზრებები, თუ სად არის სლოვაკების რასისზმის ფესვები. ვეშეჩკას ჩვენი კორსეპონდენტი ესაუბრა. ის სლოვაკეთის საზოგადოების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელია. ის ამბობს, რომ გასულ ათწლეულებში მოხდა სლოვაკეთის მეტად ინდუსტრიალიზება, ვიდრე იქ სოციალური აზროვნების კულტურის შეტანა:
“სლოვაკეთი შუა ევროპის მეტად ჰეტეროგენული ქვეყანაა, ეთნიკურად ჰეტეროგენული, მაგრამ შემწყნარებლობის კულტურა ევროპის კავშირის ქვეყნების, ან თუნდაც ჩეხეთის თუ უნგრეთის მსგავსად, არ განვითარდა”.
ვეშეჩკა განაგრძობს:
“სლოვაკეთი ქვეყანაა, რომელიც საკუთარი იდენტურობის პრობლემების გადაჭრას ცდილობს. ამ დროს კი ხალხი აგრესიული ხდება მათ მიმართ, ვინც სხვანაირია”.
მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩეხეთის მოქალაქეთა შორის, რომელთა ქვეყანაში ჩვენ ვცხოვრობთ, ბევრია ისეთი, რომელსაც იდენტურობის ძებნის, თუ სხვა პრობლემების გადაჭრის პერიოდში, ასევე ახასიათებს აგრესია თუ არა, მკვეთრად არამეგობრული დამოკიდებულება მათგან განსხვავებულთა მიმართ.
მოკლედ, შემწყნარებლობის სწავლა ბევრს მოუწევს. ინგლისის ნაკრების წევრი შავკანიანი ემილ ჰესკი კი ამბობს, რომ აღარასოდეს წაიყვანს უცხოეთში თამაშის დროს თავისი ოჯახის წევრებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG