Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომელთაც 10 ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პოლიციას იმედი აქვს, რომ ორი მამაკაცი, რომელიც ოთხშაბათს, გვიან ღამით დააპატიმრეს, დაკავშირებულია სნაიპერულ მკვლელობებთან,

თითქმის ერთი თვის მანძილზე შიშის ზარს რომ სცემს ვაშინგტონის მიდამოებს. შეგახსენებთ: სნაიპერმა (თუ სნაიპერებმა) 10 ადამიანი მოკლეს და სამი მძიმედ დაჭრეს.

ისტორია იწყება იმით, რომ ამ ერთი თვის წინათ ვაშინგტონიდან 1200 კმ-ის დაშორებით, ალაბამის შტატში გაძარცვულ იქნა სპირტიანი სასმელების მაღაზია. გაძარცვის დროს ერთი ადამიანი მოკლეს. მკვლელმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ პოლიციისთვის ცნობილი გახდა მანქანა, რომლითაც ბოროტმოქმედი მიიმალა. ეს იყო "შევი კაპრისი" და ატარებდა ნიუ-ჯერსის შტატის ნომერს. მანქანაზე ძიებნა გამოცხადდა.
ოთხშაბათს, ნაშუაღამევს, ვაშინგტონიდან დაახლოებით 80 კმ-ის დაშორებით, ავტოსტარადაზე მოსასვენებელ ადგილზე ერთ-ერთმა მძღოლმა ეს მანქანა ამოიცნო და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ორი საათის შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს მანქანაში მძინარე ორი მამაკაცი- 41 წლის ჯონ ალენ მუჰამადი და 17 წლის ჯონ მალვო.

პოლიცია თვლის, რომ მანქანაში ნაპოვნი შაშხანა ის იარაღია, რომელიც გამოყენებულ იქნა ვაშინგტონსა და მის მიდამოებში მომხდარი მკვლელობებისას.

ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის ფედერალური ბიუროს ოფიციალური წარმომადგენელი მაიკლ ბუჩარდი (ეს სააგეტო ამერიკაში ცეცხლსასროლ იარაღზე მეთვალყურეობას ახორციელებს), ამბობს, რომ ბალისტიკური ტესტების თანახმად, 13 სნაიპერული გასროლიდან 11 სწორედ ამ შაშხანიდან გაკეთდა.
[ბუჩარდის ხმა] "მანქანის გაჩხრეკის შედეგად ნაპოვნ იქნა იარაღი "ბუშმასტერ XM-15", 223-ე კალიბრის შაშხანა. გამოკვლევის ჩასატარებლად ის გაიგზავნა როკვილში, ჩვენი უწყების ლაბორატორიაში. კრიმინალურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მუჰამედის მანქანიდან ამოღებული იარაღი მკვლელის იარაღია."

როგორც აღვნიშნეთ, თავდაპირველად მუჰამედი დააკავეს ალაბამის შტატაში გაძარცვასთან დაკავშირებით, სადაც მკვლელობასაც ჰქონდა ადგილი. ალაბამის ოფიციალური პირებით თქმით, მკვლელობის ადგილზე დატოვებული თითის ანაბეჭდები 17 წლის ჯონ მალვოს ეკუთვნის. გამოძიებამ აჩვენა, რომ მალვო ცხოვრობდა ცალკე სახლში, ქალაქ ტაკომაში, წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ვაშინგტონიდან დაახლოებით 4 ათასი კმ-ის დაშორებით. გამოირკვა ისიც, რომ მუჰამედი და მალვო ამ სახლში ერთად ცხოვრობდნენ და იქიდან, მეზობლების სიტყვით, ხშირად გაისმოდა სროლის ხმა. ოთხშაბათს ამ სახლში იპოვეს ფიცარი, რომელსაც შესაძლოა, სამიზნედ ხმარობდნენ. პოლიცია ბალისტიკური ტესტების გაკეთებას აპირებს.

ჯონ ალენ მუჰამედი შეერთებული შტატების არმიის ვეტერანია. იგი მონაწილეობდა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომში და, როგორც წარჩინებულ მსროლელს, ჯილდოც კი ჰქონდა მიღებული. მოგვიანებით იგი მაჰმადიანი გახდა. მალვოს შესახებ ცნობილია, რომ იგი კარიბის ზღვის კუნძულ იამაიკის მკვიდრია. ზოგიერთი ცნობით, მალვო მუჰამედის გერია.
XS
SM
MD
LG