Accessibility links

logo-print

ხომ არ იმოქმედებს მოსკოვის მოვლენები ჩეჩნეთის საკითხში ვაშინგტონის პოზიციაზე?


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც ათობით შეიარაღებულმა ჩეჩენმა, ოთხშაბათს ღამით, მოსკოვში, მელნიკოვის ქუჩაზე მდებარე თეატრალურ ცენტრში მძევლები აიყვანა და მათი დახოცვით იმუქრება,

მიმომხილველები იმაზე მსჯელობენ, რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ კრიზისმა ვაშინგტონის პოზიციაზე ჩეჩნეთის საკითხში.

ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, რა ზეგავლენას იქონიებს ხსენებული კრიზისი თეთრი სახლის პოზიციაზე ჩეჩნეთის საკითხში. თუმცა, მიმომხილველთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჩეჩენთა შეიარაღებული ჯგუფის მიერ ასობით მოქალაქის დატყვევებამ, შესაძლოა, რუსეთის პოზიციასთან დააახლოვოს ვაშინგტონი და დამაჯერებლობა შემატოს პრეზიდენტ პუტინის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ომი ჩეჩნეთში მიმართულია არა სეპარატიზმის, არამედ ტერორიზმის წინააღმდეგ, იმ ტერორიზმისა, თავად ამერიკაც რომ ებრძვის.

ვაშინგტონი იმთავითვე აკრიტიკებდა მოსკოვს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა მიუტევებელი დარღვევების გამო. თუმცა მას შემდეგ, რაც პუტინი ანტიტერორისტულ ომში ვაშინგტონს მიემხრო, თეთრმა სახლმა თითქმის შეწყვიტა ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის კრიტიკა. პრეზიდენტმა ბუშმა აღიარა, რომ რუსეთი ჩეჩნეთში ტერორიზმს დაუპირისპირდა.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, მძევლების აყვანამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს ჩეჩნეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა დაგმო მძევლების აყვანა და განაცხადა, რომ არასოდეს ყოფილა მშვიდობიან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალადობის მომხრე.

მასხადოვის ოფიციალურ წარმომადგენელს ვაშინგტონში, ლიომა უსმანოვს მიაჩნია, რომ როგორც უნდა დამთავრდეს მძევლების აყვანასთან დაკავშირებული დრამა, აშშ-ში უცილობლად შეილახება ჩეჩენ სეპარატისტთა ავტორიტეტი. კითხვაზე, ხომ არ მოელის ვაშინგტონის პოზიციის გამკაცრებას ჩეჩნების მიმართ, ლიომა უსმანოვმა, ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა:

[ლიომა უსმანოვის ხმა] "ნამდვილად მოველი. რადგან ამერიკელები არ ფიქრობენ იმაზე, რით არის გამოწვეული ეს კრიზისი, რომელსაც ისტორიული ფესვები აქვს. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ საქმე ადამიანის უფლებებს ეხება. მე არ ვგულისხმობ დამოუკიდებლობას. მხედველობაში მაქვს ძირითადი მოქალაქეობრივი უფლებები, როცა ჩეჩნეთში ყოველდღიურად იღუპება ასობით ადამიანი ."

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი თავმჯდომარე ივან რიბკინი, რომელიც მთავარი ინიციატორი იყო რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის 1997 წელს მიღწეული სამშვიდობო გარიგებისა, მოუწოდებს ვაშინგტონს, სეპარატიზმის პოზიციიდან შეხედოს ჩეჩნეთის კონფლიქტს, რომელიც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა იქნეს მოგვარებული, და არამც და არამც არ უნდა მიიჩნიოს ეს კონფლიქტი ომად ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენი რადიოს ვაშინგტონის ბიუროში ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ივან რიბკინმა განაცხადა:

[ივან რიბკინის ხმა] "მინდა გავიმეორო, რომ სამხრეთ რუსეთში საქმე გვაქვს წმინდა წყლის სეპარატიზმთან, რომელსაც ამჯერადაც ათასი ჯურის ყაჩაღები, თაღლითები, კრიმინალური ელემენტები, ქურდები და, რაღა თქმა უნდა, ტერორისტებიც მიეტმასნენ. და უნდა ვთქვა, რომ ესოდენ რთული პრობლემის ჩართვა ანტიტერორისტული ოპერაციის კონტექსტში უაღრესად ძნელია. ეს იგივეა, სცადოთ, მოირგო ფეხსაცმელი, რომელიც შენი ზომის არ არის".

ივან რიბკინმა განაცხადა, რომ ახლა, როცა ვაშინგტონს მოსკოვის მხარდაჭერა ესაჭიროება გაეროს უშიშროების საბჭოში ერაყის მიმართ ახალი რეზოლუციის მისაღებად, აშშ-ს, შესაძლოა, ცდუნებამ სძლიოს და ჩეჩნეთის საკითხში მოსკოვს მიემხროს.

ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის ექსპერტი კავკასიის საკითხებში ზეინო ბარანი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია, ზემოხსენებული მხარდაჭერის მისაღებად, არ შეცვლის თავის პოზიციას არც ჩეჩნეთის და არც საქართველოს მიმართ.
XS
SM
MD
LG