Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 458-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
ახლა გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". მის 458-ე გამოშვებაში გიამბობთ ქართველი მეცნიერის ერაყულ შთაბეჭდილებებზე; გესაუბრებით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ქართველ გამომცემელთა მონაწილეობის შესახებ; შევეცდებით, ვუპასუხოთ შეკითხვას: რისი თქმა უნდათ ახალგაზრდა ქართველ კინემატოგრაფისტებს?; რადიოჟურნალის ბოლოს კი შემოგთავაზებთ მასალას: ვერდის "დონ კარლოსი" და თამარ ჯავახიშვილი გრაცის საოპერო სცენაზე. "მეათე სტუდიას" დღეს დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი მამელუქების ნაკვალევზე

დავით კაკაბაძე:
ბოლო ორ ათწლეულზე მეტია, ერაყი დროდადრო ექცევა ხოლმე მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში. ჯერ იყო ირან-ერაყის თითქმის რვაწლიანი ომი, რომელმაც თითქმის გააორმაგა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი; ომის დამთავრებიდან ორი წელიც არ იყო გასული და ერაყის არმია მეზობელ ქუვეითში შეიჭრა, რასაც მოჰყვა სპარსეთის ყურის ომი, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევითა და ქუვეითიდან ერაყის ჯარის განდევნით დამთავრდა; 90-იანი წლები კი ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობასთან დაკავშირებული სკანდალებით აღინიშნა. ეს სკანდალი, ფაქტობრივად, დღემდე გრძელდება და, კაცმა რომ თქვას, ბაღდადის წინააღმდეგ არც ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებაა გამორიცხული. ასეა თუ ისე, ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის "ექსტრავაგანტული" ქმედებები ხშირად ექცევა საერთაშორისო მასმედიის ყურადღების ცენტრში. სამწუხაროდ, როგორც წესი, ამ ყურადღების მიღმა რჩება ჩვეულებრივი ერაყელების ცხოვრება. არადა, ამის გარეშე ქვეყანაზე სრული წარმოდგენის შექმნა ყოვლად წარმოუდგენელია. მოგითხრობთ თამარ ჩიქოვანი.

თამარ ჩიქოვანი:
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელ ირაკლი თოფურიძეს მიაჩნია, რომ მას გაუმართლა: მამლუქების თემის დასამუშავებლად სამი თვე ერაყში, ბაღდადის უნივერსიტეტში, გაატარა. კითხვაზე, შემორჩა თუ არა დღევანდელ ბაღდადს ქართული წარმოშობის მამლუქების დროინდელი რაიმე ტრადიცია, გვიპასუხებს:

[ირაკლი თოფურიძის ხმა] "ერთ-ერთი ტრადიცია არის ის, რომ, როდესაც უნდათ ქალს კომპლიმენტი უთხრან, ამბობენ - ქართველივით ლამაზიაო...ბაღდადში საინტერესოა. იცი, რომ ეს მეჩეთი ქართული წარმოშობის მამლუქის აშენებულია. სხვანაირად უყურებ..."

ირაკლის თქმით, ბოლო წლებში სადამ ჰუსეინმა ერაყში აუარებელი ულამაზესი მეჩეთი ააშენა. ერაყელები კარგა ხნის განმავლობაში დიდად არ გამოირჩეოდნენ რელიგიურობით. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1991 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის შედეგად, ერაყი იძულებული გახდა თავისი ჯარები ოკუპირებული კუვეიტის ტერიტორიიდან გამოეყვანა. კუვეიტის ოკუპაციას, გაეროს სანქციით, ქვეყნის ბლოკადაც დაერთო, რამაც ჯერ ერაყის ეკონომიკის განვითარების შეფერხება გამოიწვია, შემდეგ კი - მისი დაცემა. შედეგად, ერაყელებმა დაასკვნეს, რომ ალაჰმა ისინი არარელიგიურობის გამო დასაჯა. თუ 1990 წლამდე ერაყში იშვიათად ნახავდით ჩადრიან ქალებს, დღეს ქალთა უდიდესი ნაწილი ისლამური წესით ცხოვრობს. ამავე დროს, ირაკლი თოფურიძე შენიშნავს:

[ირაკლი თოფურიძის ხმა] "ხალხი ყველგან ხალხია. თავისი პრობლემები აქვს და ნაკლებად აინტერესებს, რა ხდება მმართველ წრეებში. ყველა თავისი პრობლემებითაა დაკავებული."

პრობლემები კი ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდება. მართალია, ერაყში ძალიან მცირეა უმუშევრობა და სახელმწიფო საკმაოდ დიდ დახმარებას უწევს თავის მოქალაქეებს: უფასოა სწავლა, სამედიცინო მომსახურება და ა.შ და ა.შ., მაგრამ ბოლო წლებში, ირან-ერაყის ომისა და კუვეიტის მოვლენების შემდეგ, ცხოვრება მაინც გართულდა, მიუხედავად იმისა, რომ: [ირაკლი თოფურიძის ხმა] "ერთი ლიტრი ბენზინი ღირს 25 დინარი. ერთი ჭიქა ჩაი-50 დინარი. ანუ ბენზინი უფრო იაფია, ვიდრე ჩაი."

ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ძველი მოჰიკანია შემორჩენილ დიქტატორებს შორის. ირაკლი თოფურიძეს უჭირს იმ თვისებების დასახელება, რის გამოც იგი დღემდე უსაზღვრო პატივისცემითა და რიდით სარგებლობს ერაყელთა შორის. მხოლოდ რამდენიმე ფაქტს გამოყოფს - მაგალითად იმას, რომ სადამ ჰუსეინს სჩვევია ჩვეულებრივი ადამიანების წრეში გამოჩენა, რომ უკვე ტრადიციად იქცა ყოველ გაზაფხულზე მის მიერ ტიგროსის გადაცურვა - ეს ამბავი ლამის ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბად არის ხოლმე ქცეული ერაყის მასმედიაში, რომ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ყველა გადაწყვეტილება - იქნება ეს დახმარებების გაზრდა თუ მორიგი სასახლის მშენებლობა - სრულდება....ამავე დროს, ირაკლი თოფურიძის შენიშვნით, სულ უფრო ხმამაღლა გაისმის უკმაყოფილოთა ხმები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერაყის დღევანდელი ხელისუფლის ოპოზიცია პროამერიკულადაა განწყობილი:

[ირაკლი თოფურიძის ხმა] "იგივე ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, რომლებთანაც იქ მილაპარაკია - ოპოზიციურად არის სადამის მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როგორც კი ამერიკელი ჯარისკაცი ერაყში ფეხს შედგამს, მის მხარეს გადავა... პირიქით." [სტილი დაცულია]

რაც შეეხება საკვლევ თემას, ირაკლი თოფურიძემ ბევრ საინტერესო წყაროს მიაკვლია, თუმცა კინაღამ მთელი შრომა წყალში გადაეყარა:

[ირაკლი თოფურიძის ხმა] "არავითარი პრობლემა არც სირიაში, არც თურქეთში არ მქონია. ერთადერთი პრობლემა მქონდა ჩვენთან ვალეს საბაჟოზე: რომ ნახეს ეს წიგნები, ჩვენ არავითარი გარანტია არა გვაქვს, რომ ვაჰაბიტური ლიდერატურა არ მოგაქვსო... პრაქტიკულად, წყალში მეყრებოდა ყველაფერი."

ვალეს საბაჟოზე, საბოლოოდ, ყველაფერი კეთილად დასრულდა. შესაბამისად, დაახლოებით 6 თვეში მზად იქნება სამეცნიერო შრომა, რომელიც სრულიად ახალ ფაქტებს წარმოაჩენს მამლუქების ცხოვრებიდან.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ქართველი გამომცემლები

დავით კაკაბაძე:
14 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში დასრულდა წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც ამ ქალაქში ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვისაუბრია და ამდენად, ალბათ ზედმეტიცაა იმის გამეორება, რომ იგი ამ რიგის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, ანუ მსოფლიოში არც ერთ სხვა ბაზრობაზე ამდენი ქვეყანა და ამდენი წიგნი თავს არ იყრის. წელს - ისევე, როგორც ბოლო წლებში - ფრანკფურტში მიწვეული იყვნენ ქართველი გამომცემლებიც, რომლებიც შეეცადნენ, ზოგიერთი ქართული წიგნით დაეინტერესებინათ უცხოელი გამომცემლები და თბილისში თავადაც არაერთი პერსპექტიული პროექტით დაბრუნებულიყვნენ. ორ ქართველ გამომცემელს: გამომცემლობა "ლოგოს-პრესის" მფლობელსა და დირექტორს ლაშა ბერაიას და ბაკურ სულაკაურს, მისივე სახელის მქონე გამომცემლობიდან, დავით პაიჭაძე ესაუბრა.

დავით პაიჭაძე:
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელსაც რამდენიმე ათეული ჰექტარი უკავია, ქართულ გამომცემლობებს ერთი, რამდენიმე კვადრატულმეტრიანი, სტენდი ჰქონდათ დათმობილი. შესაბამისად, ქართული წიგნით უცხოელ გამომცემელთა დაინტერესებას ქართველი გამომცემლები პირადი კონტაქტებითა და უშუალო მოლაპარაკებით ცდილობდნენ: წიგნის ბაზრობის მთავარი დანიშნულებაც, გარდა იმისა, რომ მკითხველმა წიგნი იყიდოს, სწორედ სამომავლო საქმიანი ურთიერთობების დამყარებაა. გამომცემლობა "ლოგოს-პრესის" დირექტორმა ლაშა ბერაიამ მითხრა, რომ, ფრანკფურტში საპრეზენტაციოდ წაღებულ წიგნთა შორის, პოტენციურ უცხოელ პარტნიორებს მან გააცნო "ქართული მითების სამყარო" (ქართული მითოლოგიის სახელით), მოზარდთათვის დაწერილი ქართული ხელოვნების ისტორია და პროფესორ ზურაბ კიკნაძის გამოკვლევა "ქართული ხალხური ეპოსი". ლაშამ თქვა, ამ შემთხვევაში ის ყოველთვის წარადგენდა არა მხოლოდ წიგნს, არამედ ქართველ მეცნიერსაც. ლაშა ბერაია შეეხო წიგნებს, რომელთა საავტორო უფლებების შეძენას, ქართულ ენაზე თარგმნასა და გამოცემას ისურვებდა გამომცემლობა "ლოგოს-პრესი".

[ბერაიას ხმა]: "ერთია საბავშვო წიგნების სერია, მეორეა - წიგნი "საუკუნე", მეოცე საუკუნის ისტორია ფოტოებში, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა. ეს არის ალბომი, რომლის უნიკალური ფოტოები ასახავს მეოცე საუკუნის ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს. დიდი ფორმატის არ არის, მაგრამ საკმაოდ მიმზიდველია."

ლაშას თქმით, ეს წიგნები მომავალ წელს გამოიცემა.

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" ფრანკფურტში გამოსაფენად ყველა წიგნის თითო ეგზემპლარი ჰქონდა წაღებული, მაგრამ უცხოელ გამომცემელთა დაინტერესებას მხოლოდ ორი ავტორით შეეცადა: აკა მორჩილაძით ("გადაფრენა მადათოვზე და უკან") და გიგა ზაალიშვილით. გიგა ზაალიშვილის წიგნი "დელ მარში. ერთი წელი ჩეჩნების ტყვეობაში" მხატვრულ-დოკუმენტურ პროზას განეკუთვნება, აქტუალურ თემას ეხება და შეიძლება რამდენიმე ენაზეც ითარგმნოს. ბაკურ სულაკაური ჯერ კონკრეტულს არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკება - როგორც ზაალიშვილის, ისე აკა მორჩილაძის წიგნებზე - დიდ დროს მოითხოვს.

სამაგიეროდ, უკვე როგორც შემდგარ პროექტზე, შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ წიგნთა შესახებ, რომელთა საავტორო უფლება შეისყიდა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" და ახლო მომავალში ქართულ ენაზე დასტამბავს კიდეც. ბაკურ სულაკაურის თქმით [სულაკაურის ხმა]: "დავიწყებ ყველაზე მონუმენტური წიგნით: ეს არის ნორვეგიელი ავტორის, იუსტაინ გორდერის, "სოფის სამყარო" - 90-იანი წლების ბესტსელერი, თითქმის 600-გვერდიანი რომანი, რომელშიც ტრილერის ფორმით გადმოცემულია ფილოსოფიის ისტორია. წიგნი გამოდგება, სხვათა შორის, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელოდაც და თან მშვენიერი გასართობია. გამოიცა 6-7 წლის წინ და, მაგალითად, გერმანიაში რამდენიმე მილიონმა მოზარდმა წაიკითხა. მიმაჩნია, რომ წიგნი აუცილებლად უნდა იყოს ქართულად. ასევე, იქნება რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები; ცხადია, კიდევ ერთხელ შევხვდი "ჰარი პოტერის" ავტორის აგენტს: "ჰარი პოტერის" პირველი წიგნი ქართულად, ყველაზე გვიან, დეკემბერში იქნება. შევხვდით პაულო კოელიოს აგენტსაც, რომ სხვა წიგნებზეც აუცილებლად ვიფიქროთ (ბაკურ სულაკაურმა გამოსცა ამ ავტორის "ალქიმიკოსი" - დ.პ.). არ ვიცი, იცნობ თუ არა საბავშვო მწერალ ტუვე იანსონს - მისი ორი წიგნი გამოვა იანვარში".

ბაკურ სულაკაური დასძენს, რომ ჩამოთვლილი წიგნები მცირე ნაწილია იმისა, რაზედაც ფრანკფურტში მოილაპარაკეს უცხოელ გამომცემლებთან. მეტი წილი და გაცილებით მასშტაბური პროექტები ეხება საბავშვო-საგანმანათლებლო ლიტერატურას: ესაა, ერთი მხრივ, სასკოლო დამხმარე თვალსაჩინოებანი (პლაკატები, რუკები, ლაბორატორიული ცდების აღწერები), ხოლო, მეორე მხრივ, შემეცნებითი ხასიათის ენციკლოპედიები მრავალ დარგში ნებისმიერი ასაკის ბავშვთათვის - დაახლოებით 30 წიგნი, რომელიც, გამომცემლის რწმუნებით, ასევე გაისად გამოვა._

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

რისი თქმა უნდათ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს?

დავით კაკაბაძე:
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისში მოეწყო ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა კონკურსი, რომელსაც საუკეთესო სცენარები უნდა გამოევლინა. ჟიურის წევრები ჯერჯერობით არ ასახელებენ გამარჯვებულებს, მაგრამ ლაპარაკობენ იმ ტენდენციაზე, რომელიც ამ კონკურსმა გამოავლინა. ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია გაგაცნობთ თავისი კოლეგა კინომცოდნეების, ნათია მეგრელიშვილისა და ლელა ოჩიაურის მოსაზრებებს.

გიორგი გვახარია:
ამ ადამიანებმა ხვალინდელი ქართული კინო უნდა შექმნან - ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებმა, რომელთა უმრავლესობა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე სწავლობს. ჯერჯერობით მათ, ფაქტობრივად, არა აქვთ ფილმის გადაღების საშუალება და არც არავინ იცის, დაეხმარება თუ არა მათ ვინმე, როცა ისინი კინორეჟისორის დიპლომს მიიღებენ. არადა, ახალგაზრდები იდეების "მოზღვავებას" არ უჩივიან. მათი უმრავლესობა ირწმუნება, რომ კამერა, სამონტაჟო მაგიდა და ცოტაოდენი ფული რომ ჰქონდეთ, თავიანთ სათქმელს იტყვიან, საინტერესო ფილმებს გადაიღებენ და ისევ გაუთქვამენ სახელს ქართულ კინოს. ახალგაზრდა ქართველმა კინემატოგრაფისტებმა, როგორც ჩანს, დაარწმუნეს კულტურის სამინისტრო, რომ სერიოზული ამბიციები აქვთ. სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო კინოსცენარებზე. მართალია, გამარჯვებულებს მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოკამერების და 6000 ლარის "ძმურად გაყოფა" მოუწევთ, ახალგაზრდები ამას სჯერდებიან და ხელისუფლების მადლიერნი არიან. კონკურსში ოცამდე სცენარი იყო წარმოდგენილი. თუმცა ჟიურის წევრები - კინომცოდნეები ნათია მეგრელიშვილი და ლელა ოჩიაური - აღნიშნავენ, რომ რაოდენობა ამ შემთხვევაში სულაც არ განსაზღვრავს ხარისხს: სცენარების უმრავლესობა აბსოლუტურად ერთნაირი აღმოჩნდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ახალგაზრდები თემატურ კონკურსში მონაწილეობდნენ - კონკურსში, სახელწოდებით "მე და ჩემი ნაბადი". ნათია მეგრელიშვილის თქმით,

[ნათია მეგრელიშვილის ხმა] "ჩემი აზრით, ეხლა მოვიდა საინტერესო თაობა, საინტერესო თავისი პოზიციით, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც კი საქმე ეხება სცენარის შექმნას და ფილმის გადაღებას, ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ძალიან ძნელია განასხვავო მათი პოზიცია... ყველამ აირჩია ერთი და იგივე გზა - ეძებენ ყველაზე ცუდს, საშინელს და, თუ ვერ პოულობენ, იგონებენ... ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ქექავენ - ქექავენ ცუდს."

შესაძლებელია, ახალგაზრდები იმ იმედით "ქექავენ", რომ ამ "ნაგავში" ან ამ "ფერფლში" ალმასებს აღმოაჩენენ. მაგრამ, კონკურსის ჟიურის წევრთა აზრით, ეს პროცესი უპერსპექტივოა, როცა ახალგაზრდა ავტორს მეგზური არა ჰყავს...მეგზური, თუნდაც კულტურის, ლიტერატურის სახით. ყველაფერთან ერთად, კინემატოგრაფისტებს ხომ ქართულად წერაც უჭირთ. კინომცოდნე ლელა ოჩიაური აღნიშნავს:

[ლელა ოჩიაურის ხმა]:"როდის არ იცის ადამიანმა წერა - როცა არ იცის კითხვა, არა? ნაკლებად კითხულობენ არა მარტო კლასიკას, არამედ თანამედროვე ლიტერატურას, რომელიც მათსავე პრობლემებს პასუხობს...ხშირად მომისმენია და პირადად ბევრს უთქვამს, რომ მათი სათქმელია მათთვის მნიშვნელოვანი და ისინი საკუთარს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ვიდრე ჭკვიანი ადამიანის მხატვრულ ნათქვამს." [სტილი დაცულია]

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი, რომ ქართულ კინოს უნიჭო თაობა ეზრდება? ნიშნავს თუ არა ახალგაზრდების ეს "კინემატოგრაფიული ეგზიბიციონიზმი", რომ მათ არაფერი აინტერესებთ, საკუთარი თავის ან "სამეგობროს" გარდა? ნათია მეგრელიშვილის თქმით, [ნათია მეგრელიშვილის ხმა]: "არამც და არამც უნიჭობა... ის, რომ კითხვა არ იციან, შესაბამისად, წერაც არ იციან... დღეს სტუდენტები ხშირად სვამენ ასეთ შეკითხვას: რად მინდა ვაჟა ფშაველა, რას მომცემს ეს მე, რატომ უნდა წავიკითხო პუდოვკინი და ეიზენშტეინი, რომ დღეს უკვე სულ სხვა კინოა. უბედურება ისაა, რომ არავინაა იმის მთქმელი, ვინც მათ დაუმტკიცებს, რომ აუცილებელია...ამის დასაბუთებაა საჭირო, თვითონ ისინი ვერ მიხვდებიან, რომ ესაა თაობა, რომელსაც სკოლაში არ უვლია ათი წელი...ვიღაცამ ეს უნდა უთხრას. მაშინ გვექნება სხვა რეზულტატი და ამხელა პრეტენზია არ შეიძლება მათ მიმართ გვქონდეს ამ ეტაპზე." [სტილი დაცულია]

ახალგაზრდების მიმართ პრეტენზია არ უნდა გვქონდეს... არც მათ უნდა ჰქონდეთ, ცხადია, ასეთი პრეტენზია და ამბიციები. თუმცა ვის გაუგია ახალგაზრდობა ამბიციის გარეშე? ისინი გვარწმუნებენ, რომ უფროსი თაობის მიერ ფერფლადქცეულ ქართულ კულტურაში ალმასებს მიაგნებენ. ჩვენ ამის არ გვჯერა. მაგრამ იქნებ "გავატაროთ ის", ვისაც სჯერა?

გიორგი გვახარია, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

[მუსიკა: დონ კარლოსისა და როდრიგოს დუეტი]

"დონ კარლოსი" და თამარ ჯავახიშვილი გრაცის საოპერო სცენაზე

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდიის" შემდეგი სიუჟეტი - როგორც ალბათ ამ მუსიკალური შესავლითაც მიხვდებოდით - მსმენელებს შორის კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დააინტერესებს. მათგან ზოგიერთს კი, შესაძლოა, ახსოვდეს, რომ "მეათე სტუდიაში" უკვე არაერთხელ გვისაუბრია უცხოეთში მოღვაწე ქართველი სოპრანოს, თამარ ჯავახიშვილის შესახებ, გიამბეთ ახალგაზრდა მომღერლის დიდ წარმატებებზე ვერდისა და მოცარტის სახელობის კონკურსებში, მის გამოსვლებზე ევიანის ფესტივალზე, გერმანიისა და ავსტრიის საოპერო სცენებზე. მას შემდეგ მომღერალმა, რომლის ფსევდონიმი თამარ ივერი გახლავთ, მორიგი წარმატებები იზეიმა. მათ შორის იყო გამოსვლა მსოფლიოს წამყვან სცენებზე: ლონდონის კოვენტ გარდენსა და ვენის სახელწიფო ოპერაში, აგრეთვე, ქართველი მომღერლის დაჯილდოება ავსტრიაში მეტად პრესტიჟული "ებერჰარდ ვეხტერის სახელობის მედლით". ამ რამდენიმე დღის წინათ კი მარიამ ჭიაურელს საშუალება მიეცა, ავსტრიის ქალაქ გრაცის საოპერო თეატრში დასწრებოდა წარმოდგენას, რომელშიც თამარ ივერი ერთ-ერთ მთავარ პარტიას ასრულებდა. მაგრამ ვიდრე მიკროფონს ჩემს კოლეგას გადავცემდე, მოდით, მუსიკას მოვუსმინოთ.

[მუსიკა: "დონ კარლოსი"]

მარიამ ჭიაურელი:
საოპერო რეპერტუარში "დონ კარლოსი" ის ნაწარმოებია, რომელსაც თემატური მრავალფეროვნებითა და დრამატურგიული დამაჯერებლობით ცოტა ქმნილება თუ გაუტოლდება. მასში მოვლენების ტრაგიკულ ჯაჭვს ქმნის პოლიტიკური ინტერესების შეჯახება ესპანეთის უიღბლო უფლისწულის სურვილებთან, მეფის - ფილიპე მეორის უსუსურობა ლამის ყოვლისშემძლე ინკვიზიციის მოთხოვნების წინაშე, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი იდეის სისხლში ჩახშობა, ოპერის ლამის ყველა პერსონაჟის მისწრაფებათა მარცხი - მოკლედ, პოლიტიკის, რელიგიის, დიდი სიყვარულისა და უანგარო მეგობრობის მოტივთა გადახლართვა.

რამდენად რთულ ამოცანას შეეჭიდა ჯუზეპე ვერდი, როცა გერმანელი დრამატურგის ფრიდრიხ შილერის "დონ კარლოსის" საოპერო ვერსიის შექმნა გადაწყვიტა, თუნდაც იმ გარემოებიდან ჩანს, რომ მასზე მუშაობამ ოპერის იტალიელი დიდოსტატის ყველა სხვა ქმნილებაზე მეტხანს - თითქმის 20ი წელი გასტანა, და ამ დროის განმავლობაში "დონ კარლოსის" 7ი ვერსია შეიქმნა. ამიტომ, ლოგიკურია, რომ როცა საოპერო თეატრი "დონ კარლოსის" დადგმას აპირებს, ჯერ იმაზე იწყებენ ფიქრს, თუ რომელ ვერსიას უნდა მიანიჭონ უპირატესობა: ოთხაქტიანს თუ ხუთაქტიანს, ფრანგული თუ იტალიური ლიბრატოს მქონეს.

გრაცში ოთხაქტიანი იტალიური ვერსია აირჩიეს, თუ რატომ, ამას დირიჟორი ფილიპ იორდანი განმარტავს:

[ფილიპ იორდანის ხმა] "პირადად მე მომწონს ოთხაქტიანი ვერსია. ეს, უბრალოდ, პირადი დამოკიდებულებაა - თუ შეიძლება ასე ითქვას, რწმენის ამბავი. 4-აქტიანი "დონ კარლოსის" მოქმედება მონასტერში იწყება და მონასტერშივე მთავრდება - ძალიან ლამაზი ჩარჩოა. თავიდანვე აღმოჩნდები პირქუშ გარემოში, სადაც უმალვე დაგეუფლება გრძნობა, რომ რაღაც ცუდი ხდება: რაღაც ცუდი ხდება ამ მონასტერში, ამ სახელმწიფოში, ამ სამეფო ოჯახში. და გიჩნდება სურვილი, გაიგო, რაშია საქმე. ეს ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია."

ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის ოჯახსა და ქვეყანაში მართლაც ბევრი რამ ხდება: ტახტის მემკვიდრე დონ კარლოსი ვერაფრით შეგუებია იმ ფაქტს, რომ მამამისი დაქორწინდა ელისაბედ ვალუაზე - საფრანგეთის მეფის ასულზე, რომელზეც თავდაპირველად თვით დონ კარლოსი იყო დანიშნული. მოკლედ, უფლისწულს აიძულებენ, დედა დაუძახოს თავის სატრფოს. ფილიპე მეორეს კი ეჭვები ღრღნის, ვინაიდან ხვდება, რომ ცოლს არ უყვარს. ამასობაში დონ კარლოსის ერთადერთი მეგობარი, გრაფი როდრიგო პოზა ცდილობს, სასოწარკვეთილ პრინცს დარდი დაავიწყოს პოლიტიკაში გააქტიურებით და ის გადაიბიროს ესპანეთის სამეფოში შემავალი ნიდერლანდის დამოუკიდებლობის მომხრეთა ბანაკში. მაგრამ ყველაფერი ამაოა, ვინაიდან ინკვიზიცია მეფისაგან ნიდერლანდელი ერეტიკოსებისა და მათთან ერთად როდრიგოს სასტიკად დასჯას მოითხოვს.

ამ საოჯახო და სახელმწიფოებრივ ტრაგედიაში თამარ ივერი დედოფლის - ელისაბედის პარტიას ასრულებს: უკვე მეორედ ევროპის საოპერო სცენებზე. ამიტომ მას ასეთი შეკითხვით მივმართე. აქვე ბოდიშს გიხდით ჩანაწერის ხარისხის გამო:

[ხმა: მარიამ ჭიაურელი და თამარ ჯავახიშვილი] იხ. აუდიოვერსია

ცხადია, თამარ ივერი საკუთარ თავზე არაფერს იტყოდა, ამიტომ მოვუსმინოთ, რას წერს გრაცში გამომავალი გაზეთი "კლაინე ცაიტუნგი": "მომღერლებს შორის გვირგვინი თამარ ივერს ეკუთვნის, რომელიც გრაცის ახალი საოპერო დასის წევრებიდან, უდიდესი საერთაშორისო წარმატებებით გამოირჩევა. ქართველი სოპრანოს ლირიკული პასაჟები თავბრუდამხვევია, თუმცა ის ფორტესაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უმკლავდება".

სამწუხაროდ, ვერდის ოპერა "დონ კარლოსის" ჩანაწერი თამარ ივერის მონაწილეობით არ არსებობს. მაგრამ შემოგთავაზებთ ჩანაწერს, რომელიც ექსკლუზიურად ჩვენი რადიოსთვის გავაკეთეთ თამარის ბინაში - ეს არის არია "პაჩე" ჯუზეპე ვერდის ოპერიდან "ბედის ძალა". ცხადია, ჩანაწერი პროფესიულ დონეზე გაკეთებული არ არის, რის გამოც წინასწარვე გიხდით ბოდიშს. აქვე ვიტყვი აგრეთვე, რომ ორკესტრის პარტია წინასწარვე, კომპაქტდისკზე იყო ჩაწერილი.

[მუსიკა: მღერის თამარ ივერი]

[ფილიპ იორდანის ხმა] "თამარი ძალიან შთამბედჭავი პიროვნებაა. მის ხმაში რაღაც განუმეორებელი ჟღერს. ასეთი რამ დღეს იშვიათია! იშვიათია, მომღერალი ასე მოქმედებდეს მსმენელზე, ასეთი მომხიბვლელი ტემბრი ჰქონდეს. მას აქვს მსმენელის მიზიდვის უნარი და ეს დიდებული რამ არის", - ამბობს თამარ ივერის შესახებ დირიჟორი ფილიპ იორდანი. სხვათა შორის, ამ ორი ახალგაზრდა მუსიკოსის თანამშრომლობა ნიუ-იორკშიც გაგრძელდება.

[ხმა: დონ კარლოსისა და როდრიგოს დუეტი]

თამარ ივერმა კიდევ ბევრ სხვა გეგმაზე მიამბო - მათ შორის არის კონცერტები იაპონიაში, გამოსვლა სახელგანთქმულ არგენტინელ ტენორთან, ხოსე კურასთან ერთად, წარმოდგენები ფრანკფურტში. მოკლედ, თამარ ივერი მიწვევებს ვეღარ აუდის, რაც, ცხადია, მხოლოდ გამორჩეული მუსიკოსების ხვედრია:

[ხორხე პერდიგონის ხმა] "თამარი ფანტასტიკურია. დიდ კარიერას აკეთებს, სავსებით დამსახურებულად. იცით, ეს თამარისთვის არც მითქვამს- ის ძალიან მაგონებს დიდებულ რენატა ტებალდის და მისი ხმა ძალიან მიყვარს: ულამაზესი ტემბრი აქვს. ფანტასტიკურია!" - თქვა ჩემთან საუბარში გრაცის სცენაზე დადგმულ "დონ კარლოსში" მთავარი პარტიის შემსრულებელმა, ახალგაზრდა ესპანელმა ტენორმა ხორხე პერდიგონმა. დაბოლოს, რას ფიქრობს თამარ ივერი "დონ კარლოსის" - ოღონდ არა როლის, არამედ მთელი ოპერის შესახებ?

[თამარ ჯავახიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

დავით კაკაბაძე:
ეს გახლდათ ახალგაზრდა ქართველი მომღერალი თამრიკო ჯავახიშვილი, იგივე თამარ ივერი, რომელსაც გრაცში ჩემი კოლეგა მარიამ ჭიაურელი სტუმრობდა.

[მუსიკა. "დონ კარლოსი"]

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდია" და, მასთან ერთად, რადიო "თავისუფლების" ეს გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.
XS
SM
MD
LG