Accessibility links

როგორ ეხმაურებიან საქართველოში მოსკოვში განვითარებულ მოვლენებს


მოსკოვში, “დუბროვკის” თეატრალურ ცენტრში, მომხდარს საქართველოშიც მნიშვნელოვანი რეზონანსი ახლავს. ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები გმობენ ძალადობას

იმ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა შორისაც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებიც არიან; ამასთან, რუსეთ-ჩეჩნური ურთიერთობის ახალი, უკიდურესად დაძაბული, ეტაპი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ხელისუფლება საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთი მონაკვეთის გაძლიერებაზე ზრუნვას იწყებს.

მოსკოვს და მოსკოველებს ღია თანაგრძნობა, პირველ რიგში, ქართველმა პოლიტიკოსებმა გამოუცხადეს. ვახტანგ რჩეულიშვილმა მოსკოველებისთვის მძიმე ვითარებაში მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა ირჩია და რუსეთის დედაქალაქიდან გვამცნო, რომ რუსმა დეპუტატებმა თბილად მიიღეს საქართველოს პარლამენტის განცხადება, მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მომხდართან დაკავშირებით. რჩეულიშვილი მივიდა თეატრალური ცენტრის შენობასთან, სადაც ჩეჩენი მებრძოლების მიერ მძევლად აყვანილ ასეულობით ადამიანს შორის ქართველი მოქალაქეებიც არიან, და შეხვდა რუსეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს, რომლებიც, რუსეთში უცხო ქვეყნების სხვა საელჩოების წარმომადგენელთა მსგავსად, 25 ოქტომბრის დილიდან ჩეჩენი მებრძოლების მიერ მძევლად აყვანილი საკუთარი ქვეყნების მოქალაქეების გათავისუფლებას ელოდნენ.

სოციალისტური პარტიის ლიდერისგან განსხვავებით, ჯუმბერ პატიაშვილის “ერთობამ” და ასლან აბაშიძის “აღორძინებამ” რუსეთის მიმართ სოლიდარობა თბილისში გამოხატეს. “ერთობის” წევრებმა, რუსეთის მიმართ თანაგრძნობის ნიშნად, რუსეთის საელჩოს შენობის წინ აქცია ჩაატარეს, დაგმეს ჩეჩენი მებრძოლების ქმედება და აღნიშნეს, რომ იღვწიან საქართველოში ისეთი ხელისუფლების ფორმირებისთვის, რომელიც გამორიცხავს საქართველოს მხრიდან მეზობელი რუსეთისთვის რაიმე საფრთხის შექმნას.
ამის შესახებ მაშინ ითქვა, როცა უკვე არაერთგზის იყო განმარტებული, რომ ბარაევის ჯგუფის პანკისში მომზადების შესახებ გავრცელებული ვერსია ყოვლად უსაფუძვლოა. რაც შეეხება “აღორძინებას,” მისი წარმომადგენლები მოსკოვისთვის მძიმე პერიოდში თბილისობის დღესასწაულის აღუნიშნაობის ინიციატივით გამოვიდნენ.

25 ოქტომბერს, მოსკოვის ინციდეტთან დაკავშირებით, საკუთარი განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ჩეჩენ მებრძოლებს მოუწოდა, გამოიჩინონ გონიერება და გაათავისუფლონ მძევლები. მოსკოვის ინციდენტის შესახებ მსჯელობა იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზეც. თეატრალურ ცენტრში მომხდარის კვალობაზე რუსულ--ჩეჩნური ურთიერთობების გამწვავების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების ზომების მიღებაზე ფიქრობს. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის თქმით, საქართველოს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთი მონაკვეთის გაძლიერება მოუწევს. თედო ჯაფარიძემ გამოთქვა იმედი, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ მონაკვეთის გაძლიერებისთვის შესაბამის ზომებს რუსეთის მხარეც მიიღებს. უსაფრთხოების საკითხი აწუხებთ საქართველოს შეფარებულ ჩეჩენ დევნილებსაც. რუსეთის სადამსჯელო ოპერაციების შიშით, მათ მესამე ქვეყანაში გადანაცვლების შესახებ მსჯელობა გაააქტიურეს და, ამ საკითხთან დაკავშირებით, სოფელ დუისში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დაბოლოს, კიდევ ერთი გამოხმაურების შესახებ. საერთო კავკასიური კონფედერაციის თბილისის ოფისმა გაავრცელა მიმართვა, რომლის მიხედვით, ამ ორგანოზაციის წარმომადგენლები მზად არიან გაიცვალონ მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მძევლად აყვანილ პირებზე და ჩეჩენი მებრძოლების ტყვეობაში დარჩნენ მანამდე, სანამ რუსეთი და ჩეჩნეთი ომის შეწყვეტაზე მოითათბირებენ.
XS
SM
MD
LG