Accessibility links

რატომ აპირებენ ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს დატოვებას?


გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები ჩეჩენი დევნილები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამმართველოს წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ

მესამე ქვეყანაში მათი შესაძლო გადაყვანის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყანაში გამგზავრების სურვილი ჩეჩენ დევნილებში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 6 ჩეჩენი მებრძოლი რუსეთის მხარეს გადასცა. თუმცა პრობლემას, პოლიტიკურის გარდა, წმინდა ეკონომიკური მხარეც აქვს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში პანკისის ხეობაში მცხოვრებ 5000- მდე ლტოლვილს სულ უფრო უჭირს მწირი ჰუმანიტარული დახმარებით თავის გატანა.

პანკისის ხეობაში ჩეჩენ ლტოლვილთა მასიური შემოსვლა 1999 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მეორე კამპანიის დროს, დაიწყო. სოფელ დუისის გამგებლის ჯარაფ ხანგოშვლის ინფორმაციით, ხეობაში ამჟამად 4000 ლტოლვილი უნდა იმყოფებოდეს. მათ შორის, 1000 დევნილს არ აქვს ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოწერილი მოწმობა. განსხვავებულ ციფრებს ასახელებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამმართველოსთან არსებული ჩეჩენ დევნილთა კომიტეტის თავმჯდომარე ჰუსეინ საიდოვი. მისი განცხადებით, პანკისის ხეობაში ამჟამად მხოლოდ 1500 ლტოლვილი - ძირითადად, ქალები, ბავშვები და ავადმყოფი მოხუცები იმყოფებიან. ლტოლვილთა ძირითადმა ნაკადმა პანკისის ხეობის დატოვება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ავიაციის მიერ ეს ტერიტორიები რამდენჯერმე დაიბომბა. საიდოვის განმარტებით, როცა მესამე ქვეყანაში გადასვლას მოითხოვენ, ლტოლვილებს ორი მიზანი ამოძრავებთ: პირადი უსაფრთხოება და საქართველოსთვის რუსეთის აგრესიის აცილება.

[ჰუსეინ საიდოვის ხმა] "რუსეთის მხრიდან არ წყდება გამუდმებული სამხედრო მუქარები და ზეწოლა საქართველოს მიმართ, გამოწვეული იმით, თითქოს აქ ცხოვრობდნენ ექსტრემისტები, ბანდიტები და ტერორისტები, - რას აღარ გვიწოდებენ. ჩვენ, ლტოლვილებს, არ გვსურს, რომ ჩვენი გულისთვის
რუსეთმა საქართველოში ომი გააჩაღოს."

თუმცა საიდოვს არ დაუმალავს, რომ სხვა ქვეყანაში გადასვლის სურვილი ლტოლვილებში განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ საზღვარზე დაკავებული 6 ჩეჩენი მებრძოლი რუსეთის სამართალდამცველებს გადასცა. ამ აზრს ეთანხმება ჩეჩენი უფლებათდამცველი ასლამბეკ აბდურზაკოვი, რომელიც მიიჩნევს, რომ, საერთოდ, ჩეჩენი ლტოლვილების მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა. ადგილი ჰქონდა უფლებების დარღვევის შემთხვევებს ანტიკრიმინალური ოპერაციის მსვლელობის დროსაც.

[ასლამბეკ აბდურზაკოვის ხმა] " ანტიკრიმინალური ოპერაციის დროს სოფელ ხალაწანში რამდენიმე დაკავებულს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და უკან აღარ დაუბრუნებიათ, რის გამოც მათ აღარ შეუძლიათ შემწეობების მიღება. შესაძლოა, არსებობდეს რაღაც მიზეზები, თუმცა დაზარალდნენ უდანაშაულო ადამიანები და ადგილი ჰქონდა თანამდებობის გადამეტების შემთხვევებსაც."[სტილი დაცულია]

ჩეჩენ ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარის ჰასან საიდოვის აზრით, დევნილთა იგნორირების ასეთი პოლიტიკა კიდევ უფრო გაღრმავდება ხუთშაბათს მოსკოვში მძევალთა მასობრივი აყვანის შემდეგ. ამიტომ ერთადერთ გზად იმისათვის, რომ რუსეთს პროვოკაციის საშუალება მოუსპონ, დევნილებს მესამე ქვეყანაში გასვლა მიაჩნიათ. ამ მიზნით მჯდომარე აქცია უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს სოფელ დუისში, თუმცა - უშედეგოდ, რადგან დევნილების ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერც საქართველოს ხელისუფლება და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
XS
SM
MD
LG