Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში გაცხოვლდა დებატები იარაღის მონაცემთა ბანკის შექმნის შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ვაშინგტონსა და მის მიდამოებში სნაიპერის მოქმედების შედეგად, რომელმაც 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შეერთებულ შტატებში გააცხოველა დებატები იარაღზე ერთგვარი კონტროლის დაწესების შესახებ.



შეერთებული შტატების კონსტიტუციით, მოქალაქეებს აქვთ “იარაღის შეძენისა და ტარების უფლება”, მაგრამ ისინი, ვინც საგანგებო კანონის შემოღებას მოითხოვს, ამტკიცებენ, რომ კონსტიტუცია არ კრძალავს, რომ ცეცხლსაროლი იარაღის ხმარება რაიმე კეთილგონიერი წესებით რეგულირდებოდეს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, 2000 წელს 15 517 მკვლელობიდან დაახლოებით 66 პროცენტი ცეცხლსასროლი იარაღით იყო ჩადენილი.

ბოლო დებატები მეტწილად ტრიალებს ე.წ. “ბალისტიკური ანაბეჭდის” გარშემო. ლაპარაკია იმ უნიკალურ ნიშანზე, რომელსაც ესა თუ ის იარაღი გასროლილ ტყვიასა და ვაზნაზე ტოვებს.

საგანგებოდ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ყოველი იარაღით, ქარხანაში მისი დამზადებისთანავე, უნდა გაკეთდეს პირველი გასროლა. ნიშანი რომელსაც ტყვიასა და ვაზნაზე იარაღი დატოვებს, შეტანილ უნდა იქნეს მონაცემთა ბანკში.

დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული იარაღის მისაკვლევად კრიმინალისტები ამ მეთოდს უკვე კარგა ხანია მიმართავენ. პროგრამის მხარდამჭერთა აზრით, თუ ამგვარად აღრიცხული იქნება ყველა ცეცხლსასროლი იარაღი, ეს შეამცირებს საზღვრებს, რომელშიც მკვლელი უნდა ეძებონ.

ამ აზრს ყველა არ იზიარებს, მათ შორის არც ისინი, ვინც მხარს უჭერს ამერიკელების უფლებას, იქონიონ იარაღი. ბევრი, და მათ შორის კრიმინალისტები, ფიქრობს, რომ "ბალისტიკური ანაბეჭდების" ბანკის შექმნა ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც სამართალდამცველებს რაიმე მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოუტანს.

ვაშინგტონის პოლიტიკის კვლევის კატოს ინსტიტუტის თანამშრომელი, კონსტიტუციური კანონების სპეციალისტი რობერტ ლევი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, როგორ შეივსება ხსენებული ბანკი. ჩვენს რადიოსთან საუბარში ლევიმ აღნიშნა, რომ სისტემა მიიღებს დიდძალ ინფორმაციას კანონიერად ნაყიდი იარაღის შესახებ, ვთქვათ, მონადირეთა მიერ, მაგრამ ძალიან მცირე ინფორმაცია შეგროვდება კრიმინალური წრეების მიერ შეძენილი იარაღის შესახებ, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოპარულია.

[ლევის ხმა]nc102141 "მონაცემთა ბანკში მხოლოდ პირველი გაყიდვა აღირიცხება და, რაც მთავარია, მასში არ შევა ინფორმაცია ნაქურდალი იარაღის შესახებ. მიღებულ იქნება ინფორმაცია იმ იარაღის შესახებ, რომელიც ადამიანმა კანონიერი მოხმარებისთვის შეიძინა და ვერ მოვიცავთ იარაღს, რომელსაც კრიმინალური ელემენტები ხმარობენ."

მეორე: პოლიცია, რომელიც მკვლელის პოვნას შეეცდება, იძულებელი იქნება, შეადაროს ერთადერთი გასროლილი ტყვია ან ვაზნა, მონაცემთა ბანკში აღრიცხულ უამრავ "ბალისტიკურ ანაბეჭდს". მკვლელის პოვნას დიდძალი ფული და დრო დასჭირდება.

გამორიცხული არც ის არის, რომ იარაღის პატრონმა იარაღის ლულაში ანაბეჭდის წაშლა მოახერხოს. და კიდევ: როგორც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კრიმინალურ მეცნიერებათა პროფესორი უოლტერ როუ აღნიშნავს, წლების განმავლობაში იარაღის მრავალჯერადი გამოყენებისა თუ მისი წმენდის შედეგად, ანაბეჭდი შეიძლება წაიშალოს.

[როუს ხმა]nc102145 "საბოლოო ჯამში ლაპარაკია ნაკაწრზე. თუ იარაღს კარგად არ უვლიან, ხდება ლულის კოროზია, ჩაჟანგულ ლულაში კი მკაფიო ანაბეჭდი არ დარჩება."

როუს თქმით, ბევრი ამერიკელი უსაფუძვლოდ ამყარებს იმედს კრიმინალურ მეცნიერებაზე, შესაძლოა, კინო- და ტელეფილმებისა თუ დეტექტური ლიტერატურის გავლენით. სინამდვილეში კრიმინალისტიკა მეცნიერება არ არის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. და, ხშირად, მისი წარმატება უპირველეს ყოვლისა, უტყუარ სამხილზეა დამოკიდებული.

ამის მაგალითად როუს მოჰყავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (ინგლისური აბრევიატურით დი-ენ-ეის) ტესტები. მისი თქმით, ეჭვმიტანილისა და ბოროტმოქმედების ადგილზე დატოვებული მატერიალური სამხილის დი-ენ-ეის შედარება ზოგჯერ იძლევა პასუხს ეჭვმიტანილის დანაშაულსა თუ უდანაშაულობაზე. მაგრამ დანაშაულის ადგილას დატოვებული კვალი ყოველთვის არ შეიცავს დი-ენ-ეის ყველა კომპონენტს და, შედეგად, ტესტი ყოველთვის უტყუარ პასუხს ვერ იძლევა.

შეერთებული შტატების ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის ბიუროს წარმომადგენელი ჯიმ კრენდელი, ფედერალური სააგენტოსი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის სფეროში კანონის შესრულებას ზედამხედველობს, ამბობს, რომ "ბალისტიკურ ანაბეჭდი" გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც დამხმარე საშუალება. მისი თქმით, თუ დი-ენ-ეის მეშვეობით მიღებული სამხილი გამოიყენება კრიმინალური გამოძიების ჩატარებისას, ასევე უნდა იქნეს გამოყენებული "ბალისტიკური ანაბეჭდიც". კრენდელის აზრით, რაც უფრო მალე შეიქმნება "ბალისტიკური ანაბეჭდების" ბანკი, მით უფრო მეტ დახმარებას გაუწევს ის გამოძიებას.

[კრენდელის ხმა]nc102150 " ამ სფეროში ჩვენ გქონდა გარკვეული წარმატებები და თუ ინფორმაციის ბანკი გაიზრდება, შეივსება მთელს ქვეყანაში შეგროვილი დამატებითი ინფორმაციით, ჩვენი აზრით, მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება."

კრენდელის თანახმად, საჭიროა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ძალიან ეშმაკი დამნაშავე შეიძლება დაუსხლტეს პოლიციას "ბალისტიკური ანაბეჭდების" ბანკის არასრულყოფილების გამო. მისი თქმით, ბოროტმოქმედები, როგორც წესი, კარგად ვერ გეგმავენ თავიანთ მოქმედებებს.

კრენდელი აღნიშნავს, რომ ბოროტმოქმედი, რომელიც იარაღს მოიპარავს, არ დაიწყებს ლულის ანაბეჭდის შეცვლაზე ზრუნვას, ამისთვის არ დაიხარჯება. ბოროტმოქმედთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქმეს შესანიშნავად გეგმავს. ასე რომ არ იყოს, ციხეებში ამდენი ბოროტმოქმედი არ გვეყოლებოდაო, დასძენს ჯიმ კრენდელი.
XS
SM
MD
LG