Accessibility links

logo-print

ხელისუფლება სავალუტო ფონდისაგან, კრედიტის გარდა, მევალეებთან მოლაპარაკებებში დახმარებას ელის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ცენტრსა და რეგიონს შორის საბიუჯეტო თემაზე აგორებულ დისპუტს, რომელსაც ერთი კვირის წინ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საკმაოდ მწვავე რეპლიკამ დაუდო სათავე,

გასულ კვირაში აჭარის ავტონომიის ლიდერის ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა - ასლან აბაშიძემ “დაუსაბუთებელი” უწოდა ცენტრალური ხელისუფლების განცხადებას იმის შესახებ, რომ ავტონომიას სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება დაუგროვდა. იგი, პირიქით, ამტკიცებს, რომ აჭარამ ცენტრალურ ბიუჯეტში დადგენილზე მეტი გადარიცხა. კერძოდ, 1998-2001 წლებში ავტონომიამ 148 მლნ ლარი გაიღო 116 მლნ ლარის ნაცვლად.

ასლან აბაშიძე თბილისს უმადურობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მისთვის ზედმეტი 32 მლნ ლარის გადარიცხვის გამო მადლობა არავის უთქვამს. აჭარის ლიდერი ბოლო დროს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამოსაძიებლად საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის მიმართვასაც კი აპირებს. საერთოდ, საბიუჯეტო თემა კარგა ხანია გასცდა წმინდა ეკონომიკურ ჩარჩოებს, ხოლო ბათუმსა და ცენტრალურ ბიუჯეტს შორის დაპირისპირება დროდადრო, შევარდნაძესა და აბაშიძეს შორის ურთიერთობის ხარისხის კვალობაზე, პოლიტიკურ სიბრტყეზე ამოტივტივდება ხოლმე სხვადასხვა სიმწვავით.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემები, ბუნებრივია, აჭარის ლიდერის მიერ მოყვანილი ციფრებისგან დიამეტრალურად განსხვავებულია. მირიან გოგიაშვილის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარიდან ცენტრალური ბიუჯეტისათვის განკუთვნილი და არმიღებული თანხები დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება მადლიერების გრძნობის გამოხატვას, ალბათ, უხერხულია კანონის შესრულებაზე ხელისუფლებას ან რომელიმე მის წარმომადგენელს რომელიმე ქვეყანაში მადლობას უხდიდნენ, მით უმეტეს, როცა აქ კანონის და კონსტიტუციის იგნორირებასთან გვაქვს საქმე.

ცენტრსა და ავტონომიას შორის ბოლო დროს გამწვავებულმა ურთიერთობამ თავად საბიუჯეტო პრობლემების მიმართ ყურადღება ოდნავ შეასუსტა. შესაძლოა, ხელისუფლების მხრიდან დაპირისპირების ესკალაციასაც სწორედ ეს მიზანი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საბიუჯეტო პროცესი დროთა განმავლობაში მაინც მეტ სიმწავეს შეიძენს, მით უმეტეს, როცა საკანონმდებლო ხელისუფლება ცოტა ხანში უკვე მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაიწყებს.

საბიუჯეტო პრობლემებზე აუცილებლად იმსჯელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომლის ათდღიანი ვიზიტიც 24 ოქტომბერს დაიწყო. მისია თბილისში ახალი ხელმძღვანელის პაოლო ნოიჰაუსის მეთაურობით ჩამოვიდა და ეკონომიკური პროფილის უწყებებთან რამდენიმე დახურული შეხვედრაც გამართა. მთავრობა ამ მისიაზე დიდ იმედებს ამყარებს და ვარაუდობს, რომ, სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონიანი ტრანშის მიღება მოხერხდება. გარდა ამისა, ხელისუფლება სავალუტო ფონდისაგან საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მოლაპარაკებებში დახმარებას ელოდება. ნოიჰაუსის თბილისში ჩამოსვლამდე სამთავრობო კულუარებში ბევრს საუბრობდნენ სავალუტო ფონდის დახმარებაზე ევროკავშირის გრანტთან შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ გრანტის მისაღებად მათი მხრიდან ყველა პირობა შესრულებულია და პრობლემები ბრიტანელი ბანკირის გატაცების გამო გვექმნება. ფონდს აქამდეც სერიოზული როლი აქვს შესრულებული საქართველოსა და პარიზის კლუბს შორის მოლაპარაკებებში და, სავარაუდოდ, ის ასევე დაგვეხმარება ამ საგარეო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაში. მაგრამ არც ნოიჰაუსს და არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს ევროკავშირის გრანტთან დაკავშირებით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ საუბარია 47 მილიონი ლარის ოდენობის გრანტზე, რომელიც წლევანდელ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და რომლის მიუღებლობის შემთხვევაში ისედაც 80 მილიონი ლარით ”გარღვეული” სახელმწიფო ბიუჯეტი გარდაუვალი სეკვესტრის წინაშე დადგება.

ფონდის ვიზიტი თბილისში 10 დღეს გასტანს. წლევანდელი საბიუჯეტო პარამეტრების გარდა, მისია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებსაც შეაფასებს. მთავრობის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მათთან მოლაპარაკებისას დიდი სირთულეები არ შეიქმნება, რადგან ბევრი ვალდებულება შესრულებულია, ტრადიციულად, წესრიგშია შეთანხმებები ფულად-საკრედიტო სფეროში, გადაწყვეტის სტადიაშია სავალუტო ფონდის რეკომენდაციათა ის პუნქტები, რომლებიც აეროპორტებში, პორტებსა და რკინიგზის სადგურებში საბაჟო ზონების გავრცელებას ეხება.

ამასთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებში უკვე განხილულია საბიუჯეტო უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღებას სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ითვალისწინებს. ყველაზე დიდი პრობლემები, ფისკალურ სფეროსთან ერთად, ენერგეტიკაში შეგვექმნება. ფონდის რეკომენდაციის თანახმად, უნდა გატარდეს ენერგეტიკული რეფორმა, გადამჭრელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ენერგოვალების რესტრუქტურიზაციის დასრულების მიმართულებით, უნდა შემცირდეს საბიუჯეტო ვალების ზრდის ტენდენცია.

ამ პირობების შეუსრულებლობის მიუხედავად, სავალუტო ფონდმა წელს ერთი ტრანში უკვე გამოგვიყო. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ამჯერადაც ფონდი მეტ შემწყნარებლობას გამოიჩენს და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად წლის ბოლომდე, სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი აშშ დოლარის მიღება მოხერხდება.

მისია რაიმე კონკრეტული შეფასებებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს. 10 დღიანი მუშაობის და მონიტორინგის შემდეგ ნოიჰაუსის მისია თავის მოსაზრებებს ვაშინგტონში სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს გააცნობს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მიმართ საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს.
XS
SM
MD
LG