Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაურეკა პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ შევარდნაძეს მოსკოვის ოპერაციის დასრულების შემდეგ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მოსკოვში, კულტურის სასახლეში, განვითარებულმა მოვლენებმა კვალი დაატყო საქართველოს დედაქალაქის ცხოვრებას: 26 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაული “შეკვეცილი” პროგრამით დაიწყო,

იმის მიუხედავად, რომ ამ დღესასწაულს წელს მეოცედ აღნიშნავენ თბილისში. მოსკოვში მიმდინარე მოვლენების გამო თბილისობის გადატანის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით რიგი პარტიების ინიციატივის პასუხად, თბილისის მერმა განაცხადა, რომ საგანგებო ვითარება მოსკოვშიც არ გამოცხადებულა და, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა გადაიდოს სახალხო დღესასწაული. საეჭვოა, 26 ოქტომბერს მოსკოვის ცენტრში განვითარებული მოვლენების შემდეგ ვინმე თბილისობაზე სადღესასწაულო განწყობილებით მისულიყო.

ალბათ, დისკუსია თემაზე, უნდა გამოეყენებინა რუსეთის ხელისუფლებას მძევლების გასათავისუფლებლად ძალა, რასაც 67 მძევლის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუ მოლაპარაკებების გზით ეცადა მძევალთა გათავისუფლება, დიდხანს გაგრძელდება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს საზოგადოებაში. ჯერჯერობით საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარებს თავს არიდებენ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე ერთ-ერთი პირველი უცხოური სახელმწიფოს ლიდერი იყო, ვისაც 26 ოქტომბერს დილით პრეზიდენტი პუტინი დაუკავშირდა და საქმის კურსში ჩააყენა მოსკოვში ჩატარებული ოპერაციის თაობაზე. ამავე დღეს, მოგვიანებით, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მისული ედუარდ შევარდნაძე განაცხადებს:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “თუ ვიმსჯელებთ იმ საუბრის მიხედვით, რომელიც შედგა ამ დილით ბატონ პუტინსა და ჩემ შორის, დავრწმუნდი, რომ არავითარი სხვა გამოსავალი მათ არ ჰქონდათ.”
67 ადამიანი – ასეთია მძევალთა შორის მსხვერპლის რაოდენობა. მართალია, რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დაღუპულთა შორის არ არიან უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები, მაგრამ საქართველოს სამი მოქალაქის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. რუსეთში უკრაინის საელჩო საავადმყოფოებში ეძებს თავის 30-მდე მოქალაქეს. სამწუხაროდ, არავინ გამორიცხავს მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას – ყოფილ მძევალთა ერთი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა ოპერაციისას გამოყენებული სპეციალური გაზის გამო. სამხედროები ადასტურებენ გაზის გამოყენებას, მაგრამ, ამავე დროს, კატეგორიულად აცხადებენ, რომ შეუძლებელია იმ გაზით ვინმე მოწამლულიყო.
ალბათ, ეს უარყოფა ბევრს მოაგონებს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, როცა რუსთაველის პროსპექტზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ რუსეთის გენერალიტეტი ასევე დიდხანს უარყოფდა მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური გაზის გამოყენებას. ამ გაზმა ათეულობით ადამიანი სამუდამოდ დააინვალიდა...
დაბოლოს, რუსეთის ტელევიზიის გადაცემათა ყურებისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველამ დაივიწყა, რამ გამოიწვია “ნორდ-ოსტის” მოვლენები. ამ მიუზიკლის მსახიობები, მადლიერების ნიშნად, პირველ წარმოდგენაზე სპეცრაზმის მებრძოლების დაპატიჟებას აპირებენ, რუსი ჟურნალისტები და სამხედროები მოსკოვის ცენტრში მიღწეული “გადამწყვეტი” გამარჯვების დეტალებზე საუბრობენ. როგორც ჩანს, ჩეჩნეთში ომის დამთავრების თემამ ისევ უკანა პლანზე გადაიწია - ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, სანამ რუსეთის რომელიმე სხვა ქალაქის ცენტრი ჩეჩნეთის ომის პოლიგონად არ იქცევა.
XS
SM
MD
LG